ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 31 მაისის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული იყო 12 135 პატიმარი, მათ შორის 11 558 კაცი და 577 ქალი.
მართალია მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა (12 135) დადგენილ ლიმიტზე 197 ერთეულით (1.6%) ნაკლებია, თუმცა კონკრეტულად გლდანის, ქსნისა და ქუთაისის ციხეებში პატიმართა დასაშვები ლიმიტი საგანგაშოდ გადაცილებულია.
- ქსნის #15 – 57%-ით მეტი პატიმარია
- გლდანის #8 – 32%-ით მეტი პატიმარია
- ქუთაისის #2 – 30%ით მეტი პატიმარია
ამავე სტატისტიკის მიხედვით, მაისში პენიტენციური დაწესებულებები სხვადასხვა საფუძვლით დატოვა 661-მა პირმა. გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუხედავად ამისა, აპრილთან შედარებით 186-ით გაიზარდა პატიმართა რაოდენობა.
„რომ ნახოთ, 60 წელს გადაცილებული პირებიც კი 30-ით მეტია, ვიდრე აპრილში იყო, ამის ყველაზე კარგი ახსნაა ის, რომ ძალიან ბევრი პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ყოველთვიურად, მაქსიმალური და მკაცრი მიდგომები გამოიყენება“, – ამბობს გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე „ნეტგაზეთთან“.
ბურაჯანაძე ყურადღებას ამახვილებს ქსნის ციხეზე, რომელიც ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაა და რომელშიც დაშვებულ ლიმიტზე 57%-ით მეტი პატიმარია.
„ეს განსაკუთრებით საგანაგაშოა იმიტომ, რომ ამ ნახევრად ღია ციხეში პატიმრებს არაფორმალურად აკრძალული აქვთ საჩივრების დაწერა ციხის პირობებთან დაკავშირებით. […] ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის ყურადღების და შესწავლის საგანი იყოს ეს პრევენციული და პროაქტიული ვიზიტებით, რათა გაირკვეს იქ არსებული მდგომარეობა, სად რამდენი პატიმარია განთავსებული, რამდენად დაცულია ლიმიტი სივრცეების და ასე შემდეგ“, – უთხრა გიორგი ბურაჯანაძემ „ნეტგაზეთს“.
დოკუმენტის მიხედვით, პენიტენციურ სისტემას დაქვემდებარებულ 14 დაწესებულებაში არსებული საპატიმრო ადგილების საერთო ლიმიტირებული რაოდენობა 12 332-ია.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·