31-მდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ სუმში დაღუპულთა რიცხვი, მათ შორისაა ორი ბავშვი

1 day ago 6

31-მდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ სუმში დაღუპულთა რიცხვი, მათ შორისაა ორი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი.

სუმის ცენტრზე ავიადარტყმა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 13 აპრილის დილას განახორციელეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მათ უკვე მიაწოდეს ომის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია პარტნიორებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს:

„მეორე თვეა რუსეთი უარს აცხადებს მიიღოს აშშ-ის შეთავაზება ცეცხლის სრულად შეწყვეტის თაობაზე, რომელსაც უკრაინა უსიტყვოდ დათანხმდა 11 მარტს. ამის ნაცვლად, რუსეთი აძლიერებს ტერორს“, - აცხადებს ანდრეი სიბიგა.

ბიბისის უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, ავიადარტყმის ქვეშ მოხვდა სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონგრეს-ცენტრი, სადაც ხშირად იმართება ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის შეხვედრები: „აქ ტარდება საბავშვო წრეები, მასტერ-კლასები. რეალურად, ეს ადგილი არის ქალაქის საგანმანათლებლო ჰაბი“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის ძალებმა დარტყმა განახორციელეს მარტის ბოლოსაც, რა დროსაც დაიჭრა სულ მცირე 65 ადამიანი, მათგან 14 ბავშვი.

აპრილის დასაწყისში კი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს კრივოი როგზე. სარაკეტო იერიშს 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 9 ბავშვი.

სრულად წაკითხვა