საპატიმროში მყოფმა აქტივისტმა ვახო ფიცხელაურმა, რომელიც 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად გამართული, ორგანიზატორების განცხადებით, "მშვიდობიანი დამხობის" აქციის შემდეგ დააკავეს, გორში შიმშილობა შეწყვიტა, ამის შესახებ ინფორმაციას ფიცხელაურის ცოლი თეო ბზიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ადვოკატ გიორგი ჩხეიძეზე დაყრდნობით, ის თავის ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ ვახო ფიცხელაური "კარგადაა, მხნედაა! ... ყველა ტყვე ჯანმრთელი და ისეთივე მტკიცე უნდა დავიბრუნოთ, როგორებიც წაიყვანა რეჟიმმა!"
ფიცხელაურმა შიმშილობის დაწყების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას საპატიმროდან გავრცელებული წერილით შეატყობინა 10 ოქტომბერს.
ვახო ფიცხელაური პოლიციამ 6 ოქტომბერს გორში დააკავა, მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ფიცხელაურმა 8 ოქტომბერს სასამართლოს სხდომაზე თქვა, რომ მისი უფლებები დაირღვა. ის ჯერ ადმინისტრაციული წესით, შემდეგ სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მისი სიტყვებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებისას მასზე იძალადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
- 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
- 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
- 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
- 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას.
როგორც საქმის პროკურორმა 8 ოქტომბერს განაცხადა სასამართლოს სხდომაზე, აქციის დროს "ვახტანგ ფიცხელაური გამოხატავდა აგრესიას და რკინის ჯებირს ისროდა ეზოში. ასევე გამოხატავდა სხვა აგრესიულ ქმედებას".