4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული 64 წლის კონსტანტინე კოკაიას შვილი, ნინი კოკაია, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ადვოკატის ინფორმაციით, მამამისმა ცალი თვალიდან მხედველობა დაკარგა.
ნინი კოკაიას თქმით, 4 ოქტომბრის ღამეს მამამისს აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი შეესხა, რამაც მხედველობის გაუარესება გამოიწვია, თუმცა იმედი ჰქონდათ, რომ ეს პრობლემა დროთა განმავლობაში მოგვარდებოდა:
„სასწრაფოც გვყავდა გამოძახებული მაშინ. გვეგონა, რომ პრობლემა დროებითი იყო, თუმცა დღეს იყო მამასთან შესული ადვოკატი და ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეგვატყობინა, რომ მამამ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. მამამ უთხრა, რომ ცალი თვალიდან ვეღარ ხედავს“.
ნინი კოკაიას თქმით, ციხეში მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, - მას გულზე ოპერაცია აქვს გადატანილი, - თუმცა მასთან ექიმი ამ დრომდე არ შესულა:
„უკვე რამდენიმე დღეა, მამა ამბობს, რომ აქვს უჰაერობა, თავის ტკივილი, მაღალი წნევა, მარცხენა მხარე, ხელ-ფეხი გაბუჟებული აქვს. მამას ხუთი სტენტი აქვს გულში, მაგრამ ამ დრომდე მასთან ექიმი არ შესულა, არც გამოკვლევაზე გადაუყვანიათ. ახლა ამას მხედველობის პრობლემაც დაემატა“, - ამბობს ნინი კოკაია და ითხოვს, რომ მამამისთან შესაბამისი პროფილის ექიმები შევიდნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლონ.
კონსტანტინე კოკაია სამართალდამცავებმა 9 ოქტომბერს დააკავეს. მას გამოძიება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 64 წლის კაცს 9 წლამდე პატიმრობა ელის.
კონსტანტინე კოკაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
- 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;
- 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
- 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
- 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
4 ოქტომბრის ღამესვე დააკავეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე - ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში, საგარეჯოს საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველ ღამეს მართავდა ბრიფინგებს და საზოგადოებას ატყობინებდა ხან 13, ხან 12, ხან 7 და ა.შ. ახალი დაკავებულის შესახებ - საერთო ანგარიშით, 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის 5 წევრის გარდა, პოლიციამ კიდევ 41 ადამიანი დააკავა.