72 წლის კაცის კარანტინში გაჩერება, შეიძლება წამებასაც გაუთანაბრდეს, ვთხოვ, მალე გადაიყვანონ – ჩახუნაშვილის შვილი 

1 hour ago 1

პედიატრ გიორგი ჩახუნაშვილის შვილის, კონსტანტინე ჩახუნაშვილის ციხის ადმინისტრაციას მოუწოდებს, დროულად გადაიყვანონ პატიმარი საკარანტინე სივრციდან ჩვეულებრივ საკანში. მისი შეფასებით, საკარანტინე სივრცეში არსებული პირობები “შეიძლება წამებასაც გაუთანაბრდეს”.

“ახლა არის გლდანის ციხეში. ჯერჯერობით ისევ არის კარანტინში. მე ვიცი, რომ 7-დღიანი ვადა არის იმისთვის, რომ კარანტინიდან გადავიდეს და მიეჩინოს სპეციალური ადგილი. თუმცა, მოვუწოდებდი, რომ 72 წლის კაცის იმ პირობებში გაჩერება, რაც არის კარანტინის პირობებში, შეიძლება წამებასაც გაუთანაბრდეს და ვთხოვ ყველას, რომ მალე გადაიყვანონ თავის ოთახში, სადაც ექნება იმის საშუალება, რომ მიიღოს როგორც ტანსაცმელი, ასევე ინფორმაცია”, – თქვა კონსტანტინე ჩახნაშვილმა TV პირველის ეთერში.

ჩვეულებრივ, დაკავების შემდეგ პატიმარი ჯერ საკარანტინე სივრცეში გადაჰყავთ და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ – საკანში. კარანტინში ყოფნის ვადა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და შეიძლება 1-დან 2 კვირამდე გაიწელოს. კარანტინში ყოფნის პერიოდში პატიმარს უტარებენ სამედიცინო შემოწმებას, ხსნიან პირად საქმეს და ამზადებენ პატიმარს ციხის ძრითად ნაწილში გადასაყვანად.

პატიმრები ჰყვებიან, რომ ჩვეულებრივ, საკარანტინე სივრცეში ბევრად რთული პირობებია, ვიდრე საკანში. მაგალითად, უფრო მეტ ადამიანს უწევს შედარებით მცირე ფართობის სივრცეში ერთად ყოფნა, აქვთ მხოლოდ მინიმალური პირადი ნივთები და შეზღუდული აქვთ კომუნიკაცია და ა.შ.

პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი 19 ივნისს სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პედიატრს ბრალი 4 ოქტომბრის საქმის ფარგლებში ჰქონდა წარდგენილი. ჩახუნაშვილ ედავებოდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად.

გიორგი ჩახუნაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ის ამბობს რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს, ათონელის რეზიდენციასთან პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა