75 დრონი და 5 რაკეტა - უკრაინა რუსეთის მორიგი შეტევის შესახებ იუწყება

1 day ago 7

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევისას, რომელიც 16 აპრილს, საღამოდან დაიწყო, ხუთი რაკეტა, მათ შორის ორი ბალისტიკური „ისკანდერი“ და სამი საზენიტო მართვადი და სხვადასხვა ტიპის 75 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.

ეს მონაცემები 17 აპრილს, დღისით გამოქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ.

სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 25 ე.წ. დამრტყმელი დრონი ჩამოაგდეს უკრაინის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ხოლო 30 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ დნეპრზე დრონებით შეტევის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავდა 30 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. დაზიანებულია სახლები, სასწავლო დაწესებულება, სტუდენტების საერთო საცხოვრებელი, საწარმო და განადგურებულია ავტომობილები.

ქალაქ ხერსონის ადმინისტრაციის ცნობით, დილით რუსული დრონით დარტყმა იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაზე. დაიჭრნენ ექიმი და მძღოლი.

დღის პირველის ნახევრისთვის ხერსონის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან მროჩკომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ რუსულმა ავიაციამ ხერსონის ცენტრი დაბომბა, დაიჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის 15 წლის მოზარდი.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად იზიუმის და ბოგოდუხოვის რაიონებში 17 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია სახლები.

სრულად წაკითხვა