რუსეთის ხელისუფლება აღარ განიხილავს შესაძლებლობას ომის დასრულების შეთანხმების ფარგლებში უკრაინას დაუბრუნოს რუსეთის არმიის მიერ დაკავებული რომელიმე ტერიტორია - იუწყება სააგენტო Bloomberg-ი, კრემლთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით. მათი ინფორმაციით, მოსკოვი ახლა მზადაა განიხილოს მხოლოდ ამ ტერიტორიათა ნაწილის "ბუფერულ ზონებად" გადაქცევა.
როგორც სააგენტოს წყაროები აცნობებენ, კრემლის პოზიცია შეიცვალა მას მერე, რაც მოსკოვმა ჩაშლილად მიიჩნია რუსეთის და აშშ-ის არაფორმალური შეთანხმებები, რომლებსაც თითქოს მიაღწიეს 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ.
Bloomberg-ის ორი წყარო აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პუტინი დაარწმუნა 2026 წლის ბოლომდე დონეცკის ოლქზე სრული კონტროლის დამყარების შესაძლებლობაში. ცნობების თანახმად, მოსკოვი ამის შემდეგ აპირებს მოლაპარაკებაში დაბრუნებას, მისთვის უფრო ხელსაყრელი პოზიციებიდან. ამასთან, წყარო, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთანაა დაახლოებული, სააგენტოს ეუბნება, რომ ბევრი რუსი მეომარი ამ ვადას არარეალისტურად მიიჩნევს და ვარაუდობს, რომ ოლქის სრულად დაკავება მხოლოდ 2027 წელს შეიძლება განხორციელდეს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა Bloomberg-ის პუბლიკაციას უწოდა "დიდწილად სპეკულაცია", რომელიც "სერიოზულად არ უნდა მივიღოთ". პესკოვის თქმით, საომარი მოქმედებების შეწყვეტისთვის მოსკოვის პირობები უცვლელი რჩება.
ალასკაზე პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ მოსკოვი ითხოვდა უკრაინის არმიის გასვლას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, და უკრაინის მხრიდან ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას. სანაცვლოდ, მედიის თანახმად, რუსეთი მზად იყო ფრონტის ხაზი გაეყინა ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში და უკრაინისთვის დაებრუნებინა ტერიტორიის მცირე მონაკვეთები სუმისა და ხარკოვის ოლქებში.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·