რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვს აშშ-ის მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ზავის პერიოდში. როგორც Bloomberg-ი წერს მაღალი რანგის ევროპელ მოხელეზე და პუტინის პოზიციაში გათვითცნობიერებულ სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობით, ეს არის პირობა, რომელსაც მოსკოვი მოითხოვს საზავო შეთანხმების ხელმოსაწერად.
მაქსიმალური მიზანია კიევისთვის ყველა სახის სამხედრო დახმარების შეჩერება, მინიმალური - ამერიკული დახმარების შეჩერება. ამის შესახებ სააგენტოს მოსკოველმა თანამოსაუბრეებმა განაცხადეს.
Bloomberg-ის ცნობაზე არც თეთრ სახლს გაუკეთებია კომენტარი და არც კრემლს. როგორც მოსალოდნელია, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პუტინი დღის მეორე ნახევარში (თბილისის დროით) გამართავენ სატელეფონო მოლაპარაკებებს. მანამდე აშშ-მა კიევისგან მიიღო დასტური, რომ უკრაინა ხელს მოაწერს 30-დღიანი ზავის შესახებ შეთანხმებას. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ამ შეთანხმების „ბევრი ელემენტი“ უკვე შეთანხმებულია მოსკოვთან.
გასულ კვირაში პუტინმა უკვე ახსენა, რომ იმისთვის, რომ მოსკოვმა ხელი მოაწეროს 30-დღიანი ზავის შეთანხმებას, აუცილებელია, რომ კიევმა ამ 30 დღეში არ მიიღოს სამხედრო დახმარება, რათა უკრაინამ ეს დრო შეიარაღების შესავსებად და სამხედროთა გასაწვრთნელად არ გამოიყენოს.
ევროპაში ერთობ უარყოფითად უყურებენ კიევისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას. ევროპელი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ მოსკოვი, თავის მხრივ, გამოიყენებს პაუზას ცოცხალი ძალისა და ფრონტის რესურსების შესავსებად. ამის თაობაზე იტყობინება Bloomberg-ის წყარო ევროპის სახელისუფლებო წრეებიდან.
სააგენტოს თანახმად, ჯერჯერობით დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი მსჯელობენ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტების შესახებ.