„თიბისისა“ და „დეველორის“ გრძელვადიანმა თანამშრომლობამ, რომელიც ორი მსხვილი პროექტის სახით არის წარმოდგენილი, ბრატისლავაში საერთაშორისო დეველორის ღონისძიებაზე BRIDGE 2025 უდიდესი აღიარება მოიპოვა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე ორივე პროექტი – Leadership Academy და „მწვანე ცნობიერება და მწვანე ბიზნესი“ – დეველორის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოების PEAK AWARD-ის გამარჯვებული გახდა. PEAK AWARD-ი არის დეველორის უმაღლესი საერთაშორისო აღიარება, რომელიც გადაეცემა მთელი ქსელის მასშტაბით იმ პროექტებს, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, შედეგიანობით, ცოდნის გაზიარებითა და მაღალი ხარისხის მიწოდებით. აქედან გამომდინარეობს დაჯილდოების დასახელებაც (PEAK – Performance, Excellence in delivery, Achievement, and Knowledge-sharing).
„Develor-ისა და „თიბისის“ თანამშრომლობა 2021 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი Leadership Academy ყველაზე წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. ეს პროექტი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კომპანიამ, რომელიც მუდმივად ზრუნავს თავისი მენეჯერებისა და თანამშრომლების განვითარებაზე, შექმნას ძლიერი და მდგრადი კორპორაციული კულტურა“, – აღნიშნავს ინტერვიუში „დეველორ საქართველოს“ მმართველი დირექტორი, მარიამ ბერიძე.
მარიამ ბერიძე: პროექტის ფარგლებში ჩვენი საერთაშორისო კონსულტანტები და ტრენერები არიან ჩართულები და პირველივე ეტაპიდან დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. საქართველოს ამ პროგრამის ფარგლებში ეწვია: დეველორის თანადამფუძნებელი უნგრეთიდან, იმრე სიუჩი, დეველორ უკრაინის და ცენტრალური აზიის დირექტორი, მარიანნა ხონინა, დეველორის საერთაშორისო ტრენერი დიდი ბრიტანეთიდან, კიზ პარკერი და დეველორ პოლონეთის ტრენერი, მარჩინ კრასევსკი.
„გრძელვადიანი, კომპლექსური პროექტები წარმატების საფუძველია, რადგან ისინი უზრუნველყოფს ორგანიზაციაში რეალური და მდგრადი ცვლილებების განხორციელებას. მოკლევადიან ინტერვენციებს შესაძლოა გარკვეული ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ ნამდვილი ტრანსფორმაცია მხოლოდ სისტემური და სტრატეგიულად დაგეგმილი პროცესებით მიიღწევა. კლიენტის ნდობა და მოტივაცია ამ პროცესში გადამწყვეტი ფაქტორებია – როდესაც ორგანიზაცია აცნობიერებს ცვლილებების აუცილებლობას და მზად არის აქტიურად ჩაერთოს, შედეგებიც უფრო ეფექტიანი და გრძელვადიანი ხდება. პარტნიორული თანამშრომლობა და საერთო ხედვა ის ძალაა, რომელიც არა მხოლოდ პროცესს ამარტივებს, არამედ ბიზნესს რეალური ღირებულებით ამდიდრებს. მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო როგორც ჩვენს საერთაშორისო გუნდს, ასევე „თიბისის“ ეიჩარისა და სწავლება-განვითარების დეპარტამენტებს კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობისთვის, რადგან ეს იყო მნიშვნელოვანი ფაქტორები პროექტის წარმატებისა, რომელიც საბოლოოდ ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა“, – აღნიშნავს მარიამი.
„მწვანე ცნობიერება და მწვანე დაფინანსების“ პროექტთან დაკავშირებით კი მეტ საინტერესო დეტალს ESG სასწავლო გამოცდილების ხელმძღვანელი და „დეველორ საქართველოს“ ტრენერი, ეკა ხოფერია გვიზიარებს.
„თიბისისა“ და „დეველორის“ ერთობლივმა პროექტმა – სასწავლო კურსმა „მწვანე ცნობიერება და მწვანე დაფინანსება“ ბრატისლავაში, საერთაშორისო დეველორის ღონისძიებაზე BRIDGE 2025, PEAK ჯილდო (Peak Award-ი) მოიპოვა. რას ნიშნავს ეს აღიარება პროექტისთვის?
(ეკა ხოფერია): ჯილდოს მოპოვება ადასტურებს ამ პროექტის მნიშვნელობას და განსაკუთრებულობას. ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში შექმნილი და დეველორის საერთაშორისო ქსელის დონეზე წარმოდგენილი სასწავლო პროგრამისა, რომელიც მაღალ სტანდარტს ამყარებს მდგრადობის მიმართულებით საგანმანათლებლო პროექტებში.
თანამშრომლობა ამ პროექტის წარმატების მთავარი ფაქტორი იყო. რა წვლილი შეიტანეს პარტნიორებმა?
(ეკა ხოფერია): პროექტის ინიციატორი და გამაერთიანებელი ძალა არის „თიბისის“ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების (ESG) გუნდი. ამ ადამიანების კომპეტენციამ და ESG ფასეულობების მიმართ ერთგულებამ შესაძლებელი გახადა აღნიშნული კურსის შექმნა. მათ უზრუნველყვეს, რომ პროგრამა ასახავს რეალურ ESG გამოწვევებს და სიღრმისეულ ცოდნას ამ კომპლექსური და მრავალფეროვანი მიმართულების შესახებ. „თიბისის“ ESG გუნდის დამსახურებით პროექტმა ევროკავშირის დაფინანსება მოიპოვა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში – EFSE Development Facility (DF) და GGF Technical Assistance Facility (TAF). საქართველოს დეველორმა კი, საერთაშორისო დეველორის კოლეგებისა და სპეციალურად ამ პროექტისთვის მოწვეული ESG ექსპერტის მხარდაჭერით უზრუნველყო სასწავლო პროგრამების დიზაინის შემუშავება, სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიისა და თამაშზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით, რამაც ტრენინგი ინტერაქტიულ და პრაქტიკულ გამოცდილებად აქცია. ამ პარტნიორობის მეშვეობით გაერთიანდა ბიზნესი, ფინანსები და განათლება, შედეგად კი შეიქმნა ინოვაციური და მაღალპროფესიული პროგრამა. პარტნიორობა არის ESG საქმიანობის ძირითადი პრინციპი, და ვფიქრობ, ამ პროექტის ფარგლებში სამივე მხარემ ESG პრინციპებისა და ფასეულობების მიმართ მაღალი ნდობა და ერთგულება გამოვიჩინეთ.
ეს პროექტი გამორჩეულია, როგორც მდგრადობის თემატიკაზე პირველი თამაშზე დაფუძნებული ტრენინგი საქართველოში. რა მასშტაბი აქვს მას?
(ეკა ხოფერია): ეს ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ESG მიმართულებით საქართველოში შეიქმნა. 19 თვის განმავლობაში კურსს გაივლის 1 200 მონაწილე, მათ შორის 900 „თიბისი“ ბანკის თანამშრომელი და 300 „თიბისი“ ბანკის საცალო, MSME და კორპორაციული მომხმარებელი. პროგრამა ფოკუსირებულია ESG მიმართულებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა გარემოსა და საზოგადოებაზე, მდგრადობის საფუძვლების ინტეგრირება ბიზნესსაქმიანობაში და მდგრადი ბიზნესმოდელების განვითარებაში. ინტერაქტიული ფორმატი უზრუნველყოფს მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
რატომ არის თამაში ამ პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტი?
(ეკა ხოფერია): ESG თემატიკაზე ტრენინგი ხშირად შეიძლება ჩანდეს ძალიან თეორიული და რთულად აღსაქმელი. თამაშის ელემენტების გამოყენება სწავლის პროცესს ხდის უფრო ინტერაქტიულს და დასამახსოვრებელს. ტრენინგის მიზნებისთვის შექმნილი სასწავლო თამაში „გადავარჩინით დედამიწა“ მონაწილეებს რეალური გარემოსდაცვითი გამოწვევების დანახვასა და გაანალიზებაში ეხმარებათ, ხოლო სასწავლო სიმულაცია Go Green მათ ბიზნესში მდგრადი სტრატეგიების დანერგვის მნიშვნელობის შეფასებაში ეხმარებათ. სწავლის პროცესში თამაშზე დაფუძნებული ან თამაშის ელემენტების გამოყენების მეთოდოლოგია ზრდის ჩართულობას და უზრუნველყოფს, რომ მონაწილეები არა მხოლოდ გაეცნობიან ESG კონცეფციებს, არამედ მათ რეალურ ცხოვრებაში დანერგავენ.
როგორ უნდა შეხედონ სხვა ორგანიზაციებმა ESG მიმართულებით ცნობიერების ამაღლების საჭიროებას?
(ეკა ხოფერია): ESG მიმართულებით ცნობიერება აღარ არის არჩევანი – ის გარდაუვალი საჭიროებაა. სასწავლო პროგრამა „მწვანე ცნობიერება და მწვანე ბიზნესი“ ნათლად აჩვენებს, რომ ESG მიმართულებით განათლების მიღების პროცესი შეიძლება იყოს ინტერაქტიული, პრაქტიკული და რეალური ცვლილებების მომტანი. დეველორის PEAK დაჯილდოება ადასტურებს, რომ სწორი პარტნიორობის, ინოვაციური მიდგომისა და ESG პრინციპებისადმი ერთგულების შედეგად შესაძლებელია არა მხოლოდ წარმატებული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა, არამედ მდგრადი მომავლის ფორმირება.