EU-ს და აშშ-ს საელჩოები, ევროპული ქვეყნები 9 აპრილის მსხვერპლს და თავისუფლებისთვის ბრძოლას იხსენებენ

1 week ago 11

9 აპრილის მემორიალთან, სადაც პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების ოჯახის წევრებმა, მათმა მხარდამჭერებმა და ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა ღამე გაათენეს, რამდენიმე ქვეყნის ელჩი მივიდა. 36 წლის წინანდელი სისხლიანი ღამე და ქართველების ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გაიხსენეს ევროპული ქვეყნების საელჩოებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.

პოლონეთის საელჩო საქართველოში ერთ-ერთი პირველი დიპლომატიური სამსახურია საქართველოში, რომლის წარმომადგენლებმაც თაიგულით შეამკეს რუსთაველზე 9 აპრილის მემორიალი.

"1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები. ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიხსენებთ მათ, ვინც იბრძოდა & სიცოცხლე გაწირა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსთვის. მაშინ საქართველო და პოლონეთი ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენ ახლაც ვუერთდებით საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის" - ეს ტექსტი კი საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნეს.

"ჩვენ ვიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ 21 უდანაშაულო მსხვერპლს და ასობით დაშავებულს, როდესაც ქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში" - ეს აშშ-ს საელჩოს გამოხმაურებაა. ელჩი რობინ დანიგანი მემორიალთან 9 აპრილის დილას მივიდა.

"ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის - საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის და მისი ისტორიული მემკვიდრეობის აღნიშვნას. პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა. საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს" - დაწერა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

"9 აპრილი ბრძოლისა და ერთობის დღეა!

დღეს, ქართველებთან ერთად, პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს თბილისის ქუჩებში საკუთარი სიცოცხლე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გასწირეს" - ეს შვეიცარიის საელჩოს პოსტია ფეისბუკზე.

9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა. რუსთაველზე მყოფმა მოქალაქეებმა მას იქ მისვლისთვის მადლობა გადაუხადეს.

Georgia -- Flowers on Rustaveli;9apr2025

Georgia -- Flowers on Rustaveli;9apr2025

„საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ქართველ ხალხთან ერთად ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო დარბევის ტრაგიკულ მოვლენებსა და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას. ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას“, - ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება X-ზე გამოაქვეყნა.

"ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს 21 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას. 36 წლის წინ, ისინი საბჭოთა არმიამ ბრუტალურად იმსხვერპლა სწორედ მაშინ, როდესაც ანტი-საბჭოურ, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ. ტრაგედიიდან 2 წლის შემდგომ, საქართველომ ოფიციალურად აღიდგინა დამოუკიდებლობა!" - ესტონეთის საელჩო ასე გამოეხმაურა 9 აპრილის 36 წლისთავს.

უცხოელი პარტნიორებისა და მეგობრებისგან განსხვავებით დღეს "ოცნების" წარმომადგენლებს არ უხსენებიათ რუსეთი, როგორც დამნაშავე 9 აპრილის აქციის სისხლიან დარბევაში, მეტიც მათ როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცებსა და საქართველოს იმ უკმაყოფილო მოქალაქეებს შორის დასვეს ტოლობის ნიშანი, ვინც სხვადასხვა ქვეყნის დროშით გამოხატავს უკმაყოფილებას ხელისუფლების და მისი პოლიტიკის მიმართ.

"ოცნების" წარმომადგენლები არც 9 აპრილის მემორიალთან არ მისულან, სადაც აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილები - მთავრობის წევრები შუადღისას სამებაში გამოჩნდნენ. მათი იქ მისვლის შესახებ წინასწარ ცნობილი იყო მხოლოდ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიებისთვის.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. ასობით დაშავდა.

9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

სრულად წაკითხვა