თვე-ნახევრიანი განხილვის შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდნენ.
ახალი პაკეტით სანქციები შეეხება კიდევ ასზე მეტ ბანკსა და კრიპტო ოპერატორს, „ჩრდილოვანი ფლოტის“ 40-ზე მეტ ხომალდს და რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთსა და ბელარუსში. 21-ე პაკეტი ასევე მოიცავს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტ ინდივიდუალურ სანქციას (listings), ჯამში 218 სუბიექტის მიმართ.
როგორც ევროკავშირის დიპლომატმა განაცხადა, ამ პაკეტზე მოლაპარაკებები რთული იყო, თუმცა მიღწეულია კომპრომისი მესამე ქვეყნებისთვის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადაზიდვებთან დაკავშირებულ გადაუჭრელ საკითხზე. საქმე იმაშია, რომ საბერძნეთი, რომელიც ევროპულ ბაზარზე LNG-ის საზღვაო გადაზიდვების დომინანტია, ეწინააღმდეგებოდა გადაზიდვების აკრძალვას 1-ლი იანვრიდან. კომპრომისული შეთანხმებით, 2027 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შედის ევროკავშირის მიერ რუსული თხევადი აირის იმპორტის აკრძალვა, თუმცა შეზღუდული საგამონაკლისო წესი იმოქმედებს მესამე ქვეყნებში LNG-ის ტრანსფერზე იმ კონტრაქტების საფუძველზე, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლამდე იყო გაფორმებული. ევროკავშირის ოპერატორების მხრიდან ამ გადაზიდვების ნებისმიერი გაფართოება აკრძალულია. საბჭო აღნიშნულ გამონაკლისს ყოველწლიურად გადახედავს.
მიღწეულია შეთანხმება ნავთობის ფასის ზედა ზღვრის არსებული დონის 12 თვით გახანგრძლივებაზე. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული არასტაბილურობის ფონზე, ეს ზომა რუსეთს მნიშვნელოვან შემოსავლებს დააკარგვინებს.
პაკეტი ასევე ითვალისწინებს ვიზების შეზღუდვას რუსეთის ყოფილი მებრძოლებისთვის.
„ეს არ არის სანქციების გზის დასასრული. ჩვენ უკვე ვმუშაობთ შემდეგ ნაბიჯებზე. ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის მხრიდან ნებისმიერ შემდგომ ესკალაციაზე რეაგირებისთვის“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
სანქციების ზუსტი შინაარსი და დასანქცირებული სუბიექტები სია ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც სანქციების 21-ე პაკეტს ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს და ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა

3 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·