Freedom House-ის ინდექსში საქართველოს შედეგი მნიშვნელოვნად გაუარესდა

1 month ago 6

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2025 წლის  ანგარიშის, Freedom in the World-ის (თავისუფლება მსოფლიოში) თანახმად, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაა, სადაც პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების პირობები მკვეთრად გაუარესდა.

ანგარიშის თანახმად, რომელიც 2024 წელს სრულად აფასებს, საქართველოს, წინა 2023 წლის მონაცემებთან შედარებით შედარებით, 3 ქულა დააკლდა და ამჟამად 55 ქულა აქვს.

უშუალოდ საქართველოზე უფრო ღრმა ანგარიში მოგვიანებით გამოქვეყნდება.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია 2024 წელს მსოფლიოს 65-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე. ანგარიშის თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დროს 2024 წელს მოქალაქეებზე ძალადობდნენ 11 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.

ამავე კრიტერიუმით შეაფასა Freedom House-მა მოზამბიკი და აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანაში, საქართველოსა და მოზამბიკში მთავრობამ მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

“გლობალურმა არჩევნებმა თავისუფლებისთვის არაერთგვაროვანი შედეგები მოიტანა. ძალადობა იყო მთავარი თემა, რაც 27 ქვეყანას შეეხო იმ 66 ქვეყნიდან, სადაც არჩევნები ჩატარდა 2024 წელს. საარჩევნო ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო კანდიდატებზე თავდასხმა, რაც 20 ქვეყანაში დაფიქსირდა. მექსიკასა და სამხრეთ აფრიკაში ძალადობდნენ კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენა მოეპოვებინათ. 14 ქვეყანაში არჩევნების დროს ადამიანებს თავს დაესხნენ საარჩევნო უბნებზე, რის გამოც ხალხისთვის ხმის მიცემა საშიში ან შეუძლებელი გახდა. არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეებზე იძალადეს 11 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოსა და მოზამბიკში, სადაც მთავრობამ მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წელს არჩევნები ჩატარდა 65-ზე მეტ ქვეყანაში. ჩატარებული არჩევნების ნახევარზე მეტს ჰქონდა დარღვევები, შეიმჩნეოდა საარჩევნო პერიოდში მანიპულაციები გარკვეული ფორმით, ხოლო აღნიშნული ქვეყნების 40%-ზე მეტში საარჩევნო უბნებზე ან არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები.

არჩევნებზე დაფიქსირებული მანიპულაციისა და ძალადობის ნაწილში საქართველომ, წინა არჩევნებთან შედარებით, 2 ქულა დაკარგა. შვიდი შესაძლო დარღვევიდან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში ხუთი დარღვევა შეინიშნებოდა. აღნიშნული დარღვევებია: სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება; ადმინისტრაციული თაღლითობა; კანდიდატების, დამკვირვებლების, თანამდებობის პირების მიმართ ძალადობა; პროტესტის დარბევა და თავდასხმები საარჩევნო უბნებზე. ის ორი დარღვევა, რაც საქართველოში არჩევნებზე არ დაფიქსირებულა, Freedom House-ის ანგარიშის თანახმად არის: არჩევნების წესის შეცვლა და კანდიდატების კონტროლი.

სრულად წაკითხვა