რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მათ ქალაქში ან რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. ამაზე მეტყველებს ამერიკული კვლევითი კომპანია Gallup-ის მიერ 2026 წლის მარტიდან მაისამდე ჩატარებული გამოკითხვა.
ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც Gallup-ი რუსეთში კვლევებს ატარებს 2006 წლიდან მოყოლებული. წინა მაქსიმუმები დაფიქსირდა 2020 წელს (45%) და 2021 წელს (50%) კორონავირუსის პანდემიის დროს.
გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 56%-მა განაცხადა, რომ მათი ცხოვრების დონე უარესდება - ესეც 20 წლის მაქსიმუმია. ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესახებ განაცხადა გამოკითხულთა 29%-მა.
გარდა ამისა, Gallup-მა დააფიქსირა რუსების ნდობის მნიშვნელოვანი ვარდნა სამთავრობო ინსტიტუტების მიმართ. შეიარაღებული ძალების მიმართ ნდობა 79%-დან 66%-მდე, მთავრობის მიმართ ნდობა 67%-დან 53%-მდე შემცირდა, ხოლო იმ ადამიანების წილი, ვინც არჩევნებს სამართლიანად მიიჩნევს, 56%-დან 40%-მდე შემცირდა. რუსეთში მედიის თავისუფლების დონე დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 34%-მა, შარშან კი - 59%-მა.
2026 წლის გაზაფხულზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეიტინგის კლების დაფიქსირება დაიწყეს რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიურმა სამსახურებმაც - საზოგადოებრივი აზრის ფონდმა (ФОМ) და სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა (ВЦИОМ). ივნისის ბოლოს, ФОМ-მა განაცხადა, რომ პუტინის მიმართ ნდობა 69%-მდე დაეცა - ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პერიოდში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·