WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

Google-მა, Meta-ს პლატფორმებმა და TikTok-მა საჩივარი შეიტანეს კალიფორნიის წინააღმდეგ და ცდილობენ დაბლოკონ ამ შტატის ახალი კანონი, რომლის მიზანია შემცირდეს 16 წლამდე მოზარდებში ონლაინ-პლატფორმებზე დამოკიდებულების განვითარების საფრთხე.

კალიფორნიის კანონი, რომელიც ცნობილია სახელით Assembly Bill 1709, ამ პლატფორმებს უკრძალავს მოზარდებისთვის "ფსიქოლოგიურად მანიპულაციური ფუნქციების" შეთავაზებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს სოციალური მედიის კომპულსიური გამოყენება. ასეთ ფუქნციებად მიიჩნევა პერსონალური რეკომენდაციები და autoplay-ის ფუნქციის მეშვეობით გაგზავნილი ვიდეოები. კანონი ასევე მოითხოვს ამ ფუნქციების შემცველი ბავშვთა პროფილების წაშლას.

ცალ-ცალკე შეტანილ საჩივრებში Google, Meta და TikTok-ი ოთხშაბათს აცხადებენ, რომ კანონი მათ არასწორად აიძულებს დაიცვან ბავშვებისთვის შინაარსის შეთავაზების შტატისათვის სასურველი მეთოდი და შტატის გადაწყვეტილებით მშობლებისას ანაცვლებს. ონლაინ კომპანიები აცხადებენ, რომ ეს კანონი არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას სიტყვის თავისუფლების დაცვაზე, ისევე, როგორც ერთ-ერთ ფედერალურ მუხლს, რომელიც ონლაინ პლატფორმებს ზოგადად იცავს მომხმარებელთა კონტენტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრებისგან. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.

სააგენტო აცხადებს, რომ კალიფორნიის გენერალური პროკურორი, რობ ბონტა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია თხოვნას კომენტარის შესახებ.

კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა კანონს ხელი მოაწერა 10 სექტემბერს. მისი თქმით, ტექნოლოგიის გარშემო ნებისმიერ დისკუსიაში ბავშვების უსაფრთხოება მთავარი საკითხი უნდა იყოს, ხოლო კალიფორნია "არ იქნება უმოქმედოდ იქ, სადაც დაურეგულირებელი ტექნოლოგია ჩვენს ბავშვებს საფრთხეს უქმნის".

ინიციატივის კრიტიკოსები კალიფორნიას ბრალს სდებენ მეტისმეტად მკაცრი ზომების გატარებაში, ბავშვებისთვის ონლაინ წვდომის შეზღუდვით.

აშშ-ის ბევრ შტატში მოქმედებს რეგულაციები ბავშვების სოციალურ მედიასთან წვდომის სფეროში. ასევეა ბევრ ქვეყანაშიც - ავსტრალია 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას კრძალავს.

აგვისტოში Meta დათანხმდა 18 მილიარდ დოლარამდე თანხის გადახდას და თინეიჯერებისთვის Facebook-თან და Instagram-თან წვდომის შეზღუდვას აშშ-ის თითქმის ყველა შტატში, რომლებიც მას ბრალს სდებდნენ პირადი სივრცის და მომხმარებლების დაცვის კანონის დარღვევაში.

ამ კომპანიებისა და Snapchat-ის მშობელი ფირმა Snap-ის წინააღმდეგ კვლავ ათასობით საჩივარია შეტანილი ცალკეული პირების, სკოლების, მუნიციპალიტეტების მხრიდან - რომლებიც აცხადებენ, რომ ეს პლატფორმები ბავშვებში დამოკიდებულების განვითარებას ცდილობდნენ და გამოიწვიეს ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისი, რასაც, თავის მხრივ, შედეგად მოჰყვა შფოთვის, დეპრესიის და თვითმკვლელობის შემთხვევები, იუწყება Reuters-ი.