WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“ აცხადებს, რომ გამოავლინეს 230 ტროლი, რომლებიც „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის მიერ აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე „რუსოფობიის“ შესახებ განცხადებას იწონებდნენ.

MDF-მა შეისწავლა კობახიძის ბრიფინგის შესახებ მომზადებული ქარდები, რომლებიც გამოქვეყნდა „ინტერპრესნიუსისა“ და პროსახელისუფლებო „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ სოციალურ ქსელში. ორგანიზაციის ცნობით, 12 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაზე ხელოვნული ინტელექტით გენერირებული ანგარიშები, „რომელთა საერთო მახასიათებლები კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაზე (CIB) მიუთითებს“:

  • პროფილის ფოტოები ხელოვნური ინტელექტითაა (AI) გენერირებული;
  • ხდება ფოტოებისა და კომპოზიციის დუბლირება;
  • მხარდაჭერა ხელოვნურად შექმნილი სოციალური მრავალფეროვნების ხარჯზე ხდება;
  • პროფილების სანდოობის გასაზრდელად AI გენერირებული ანგარიშები სამუშაო ადგილებს და სასწავლებლებს უთითებენ.

MDF-ის გამოვლენილი ტროლები

MDF-ის გამოვლენილი ტროლები

რადიო თავისუფლებამ ამ კვლევასთან დაკავშირებით კითხვა დასვა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში - პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოში „რუსოფობიაზე“ სასაუბროდ ბრიფინგი გამართა მთავრობის ადმინისტრაციაში. მან 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში დაწყებული ომი „დიპ სტეიტს“ დაუკავშირა და კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში „საქართველოს ჩართვაზე“.

„გარეთ პარტნიორები, შიგნით აგენტურა - ყველა ერთად ცდილობს, რომ გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, მათ ვერ მიაღწიეს „მეორე ფრონტის“ გახსნას - ადრეც ასე იყო, 2022 წელს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც მიიღეს უარი. შემდეგ გადავიდნენ შედარებით უფრო ირიბ მოთხოვნებზე - ეს იყო სანქციების დაწესება, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა - როცა ამითაც ვერ მიაღწიეს შედეგს, შემდეგ იყო ევროკავშირის საკითხი, რასაც ცდილობდნენ შანტაჟისთვის. ესეც ვერ გამოიყენეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ გამოავლინა სიბრძნე. ამას მოაყოლეს სამი რუსოფობიული კამპანია...

ტურისტების წინააღმდეგ იყო პირდაპირ მიმართული ეს კამპანია. საფრთხედ წარმოაჩენდნენ რუს ტურისტს... იმიტომ ვერ გააღვივეს, რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია ისე, როგორც ქსენოფობია...“ - თქვა ირაკლი კობახიძემ პროსახელისუფლებო „იმედის“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს.

  • „ქართული ოცნების“ მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც გმირთა მემორიალთან 8 აგვისტოს ადის;
  • ასე მოხდა ომის მე-18 წლისთავზეც. პარტიის ლიდერებმა და სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებმა ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით 8 აგვისტოს შეამკეს და გმირების ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
  • 7 აგვისტოს მივიდნენ ომში დაღუპულების პატივის მისაგებად მემორიალთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
  • „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პოლიტიკური განცხადებებისას ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს „ნაციონალური მოძრაობა“.