NYT: აშშ ტოვებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამოძიების საერთაშორისო ცენტრს

2 hours ago 1

აშშ აპირებს, დატოვოს საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც იძიებს უკრაინის მიმართ აგრესიის დროს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამის შესახებ The New York Times წერს ვითარებაში გათვითცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ამერიკის ხელისუფლება ამის შესახებ 17 მარტს გაუგზავნის ოფიციალურ შეტყობინებას ევროკავშირის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამოძიების საერთაშორისო ცენტრმა (ICPA) 2023 წელს დაიწყო მუშაობა, მას შემდეგ, რაც, კერძოდ, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო გაასამართლებს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით. ცენტრის შტაბ-ბინა მდებარეობს ჰააგაში, მისი მთავარი მიზანია აგრესიის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვება.

2023 წლის მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას, დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინს ეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის. როგორც სასამართლომ განმარტა, არსებობს „გონივრული საფუძველი“ ვიფიქროთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს ეკისრება ამაზე პირადი პასუხისმგებლობა. მსგავს დანაშაულებშია ეჭვმიტანილი მარია ლვოვა-ბელოვა.

შეერთებული შტატები, გამოცემის ცნობით, ასევე წყვეტს 2022 წელს შექმნილ ომის დანაშაულთა საგამოძიებო ჯგუფის მუშაობას. ჯგუფი კოორდინაციას უწევდა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებას აპირებს. თებერვლის დამდეგიდან მოყოლებული, აშშ-ის წარმომადგენლები ჯერ რუსეთის დელეგაციას შეხვდნენ საუდის არაბეთში, შემდეგ კი - უკრაინის დელეგაციას. შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა წინადადება ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთანხმების შესახებ და უკრაინა დასთანხმდა მას.

სრულად წაკითხვა