აშშ ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს 43 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის - იუწყება გამოცემა The New York Times. გამოცემა აქვეყნებს ამ ინიციატივის პროექტს, რომელიც მოიცავს ქვეყნების კლასიფიკაციას - სახელმწიფოები სამ, "წითელ", "ნარინჯისფერ" და "ყვითელ" კატეგორიებადაა დაყოფილი.
"წითელ" კატეგორიაში მოხვედრილი ქვეყნების მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ. ამ სიაში 11 ქვეყანაა - ავღანეთი, ბჰუტანი, ვენესუელა, ირანი, კუბა, ჩრდილოეთი ლირეა, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი.
რუსეთი და ბელარუსი "ნარინჯისფერ" კატეგორიაში მოხვდნენ. ამ ქვეყნების, ასევე ერიტრეის, ჰაიტის, ლაოსის, მიანმარის, პაკისტანის, სიერა-ლეონეს, სამხრეთ სუდანის და თურქმენეთის მოქალაქეებს შესაძლოა შეუზღუდონ ვიზების გაცემა. ამავე დროს, ქვეყანაში შესვლა შესაძლოა ნებადართული იყოს "შეძლებული საქმიანი მოგზაურებისთვის", მაგრამ არა ტურისტებისთვის და პირებისთვის, რომლებიც საემიგრაციო ვიზებს ითხოვენ.
"ყვითელ" კატეგორიაში მოხვედრილ ქვეყნებს 60 დღე მიეცემათ იმ ფაქტორების აღმოსაფხვრელად, რომლებიც აშშ-ის შეშფოთებას იწვევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყნები შესაძლოა გადავიდეს სრული აკრძალვის ან მკაცრი შეზღუდვების კატეგორიებში. ამ ჯგუფში 22 სახელმწიფოა - მათ შორის ზიმბაბვე, ანგოლა, ჩადი, ვანუატუ და კამბოჯა.
ვაშინგტონის უკმაყოფილების გამომწვევ მიზეზებს შორის გამოცემა ასახელებს უარს ქვეყანაში შემსვლელთა მონაცემების გაცემაზე, ასევე არასაკმარის ზომებს პასპორტების გაცემის პროცესში.
ეს რეკომენდაციები ოფიციალურად შესაძლოა 17-დან 23 მარტამდე წარადგინონ. საბოლოო სია შესაძლოა შეიცვალოს.
უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა იყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება. პრეზიდენტობის პირველ დღეს, 20 იანვარს, ტრამპმა მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, დეპორტირებულ იქნეა ასობით უკანონო მიგრანტი.