„რაც შეეხება სახის დაფარვას და ა.შ... „ოცნების“ იდიოტური „კანონებითაც“ კი, არ უნდა ვჯარიმდებოდეთ ჟურნალისტები. ამიტომაც არ ვაპირებ სახის დაფარვას და არაფერს. ვაგრძელებ ჩვეულებრივად“, - აცხადებს მარიამ ნიკურაძე.
ნიკურაძე ყოველდღიურად აშუქებს დედაქალაქში მიმდინარე პროევროპულ აქციებს, რომელთა მთავარი მოთხოვნებიც ახალი არჩევნების ჩატარება და სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ OC Media-ს ფოტოგრაფს საჯარიმო ქვითრები 11 და 15 მარტთან დაკავშირებით გამოუწერა. იმ რიცხვებში თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე მუშაობდა. ახალი ქვითრებით მას გზის გადაკეტვას 2 და 3 აპრილსაც ედავებიან.
პროევროპული აქციები საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად იმართება. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა - შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.
პოლიციამ დააჯარიმა ათეულობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც. ჟურნალისტების ნაწილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარიმო ქვითრები გაუუქმა. დაჯარიმებულთა შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტები. მათგან გელა ბოჩიკაშვილის განცხადების განხილვის ვადა ერთი თვიდან სამ თვემდე გაახანგრძლივეს.