#OK! გურანდა ფხაკაძის წარმატების უწყვეტი გზა …

1 week ago 14

მიუხედავად იმისა, რომ ექიმის პროფესია თავის თავში მოიაზრებს კეთილსინდისიერებასა და საქმის პროფესიონალიზმს, დღეს საკმაოდ რთული მოსაძებნია ასეთი სანდო ექიმი. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, კოლპოსკოპისტს, გინეკოლოგს,− გურანდა ფხაკაძეს – პროფესიონალსა და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, რომელიც გამოირჩევა გულისხმიერებით. მასთან ვიზიტის დროს, უპირველესად, გრძნობ მის მხარდაჭერასა და იმედს, რომელიც თითოეული პაციენტისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ქალბატონი გურანდა თავის განვლილ პროფესიულ გზაზე და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის შესახებ გვესაუბრა.

ბავშვობა

ჩემი ბავშვობა იწყება ქალაქ ქუთაისში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის დიდი ნაწილი იყო დაკავშირებული სწავლა-განათლებასთან, ეს ის პერიოდია, როცა ყველაზე მეტად ეკუთვნი საკუთარ თავს და ცხოვრობ უდარდელად. ბავშვობა ჩემთვის ტკბილი მოგონებები და გულწრფელი ურთიერთობებია.

90-იან წლებში წარჩინებით ვსწავლობდი ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლაში, ხოლო ბოლო კლასის დამთავრებამ რუსეთში მომიწია, სადაც მთელი ოჯახით გადავედით საცხოვრებლად. რუსულ სკოლაში სწავლა არ იყო მარტივი და დიდ ძალისხმევასა და სიბეჯითეს მოითხოვდა. მიუხედავად ენობრივი სირთულეებისა და ინტეგრაციისა, ჩემმა 24-საათიანმა შრომამ, მიზანდასახულობამ და უძილო ღამეებმა სასურველი შედეგი გამოიღო და სტავროპოლის მე-4 საჯარო სკოლა მედალზე დავამთავრე. ამის შემდეგ ჩავაბარე სტავროპოლის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, სადაც გავხდი წარჩინებული სტუდენტი, სახელმწიფო სტიპენდიანტი და მრავალი სამეცნიერო სტუდენტური ნაშრომის ავტორი.

სტუდენტობა

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში ძალიან ძლიერი სამედიცინო სკოლა გავიარე. იქ პატიება და სტუდენტებისთვის რაიმეს შეღავათი, უბრალოდ, არ არსებობდა. პირიქით, ქართველი სტუდენტებისგან უფრო მეტს მოითხოვდნენ. თუ გამოცდაზე სხვებისთვის მხოლოდ ბილეთში მოცემულ შეკითხვებზე საკმარისი იყო პასუხი, ჩემთვის ბილეთის მიღმა უამრავ დამატებით შეკითხვებს ჰქონდა ადგილი. მახსოვს, ერთ-ერთ გამოცდაზე გამომცდელმა მთელი წლის მასალა გამომკითხა. ბოლოს ხელები აწია და თქვა, შენმა გენმა შენით უნდა იამაყოსო, ჩათვლის წიგნაკი გამომართვა, უმაღლესი ქულა დამიწერა და გამომიშვა.

სტავროპოლის სახელმწიფო აკადემია დავამთავრე წითელ დიპლომზე და გავხდი ერთადერთი 240 კურსდამთავრებულიდან, რომელიც გაიგზავნა ქ. მოსკოვში, დიპლომის შემდგომი განათლების ინსტიტუტში მეან-გინეკოლოგიის განხრით. იქაც წარჩინებით ვისწავლე და დავაგროვე უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება ჩემს სპეციალობაში.

ორწლიანი დიპლომის შემდგომი განათლების შემდეგ დავოჯახდი და დავბრუნდი საქართველოში, ქ. თბილისში და გარკვეული პერიოდის შემდეგ გავაგრძელე სამედიცინო სფეროში უწყვეტი მოღვაწეობა.

კარიერული გზა

ჩემი უწყვეტი სამედიცინო საქმიანობა იწყება 2008 წლიდან, როდესაც დავიწყე მუშაობა მე-12 ქალთა კონსულტაციაში, სადაც არ იყო მარტივი თავის დამკვიდრება. მოსკოვიდან ახალ ჩამოსულს თბილისში არავინ მიცნობდა და არც მე ვიცნობდი არავის სამედიცინო საზოგადოებიდან.

ჩემი პროფესიული განვითარება დაიწყო მაშინ, როდესაც შემთხვევით, გასაუბრებაზე მივედი ქალბატონ ხათუნა გარდაფხაძესთან, რომელიც მაშინ იყო კლინიკა „ენმედიცის“ ვაკის ფილიალის მენეჯერი. დავიწყე მუშაობა კლინიკა „ენმედიცში“ გინეკოლოგის პოზიციაზე. 6 თვეში ქალბატონმა ხათუნამ გახსნა თავისი კლინიკა ფალიაშვილის 39ა-ში „დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის“ სახელწოდებით და შემომთავაზა უკვე საკუთარ კლინიკაში მუშაობა, რაზეც დავთანხმდი და მის შემდეგ ერთი წუთითაც არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება. ბევრი იყო იმ პერიოდში მითქმა-მოთქმა, რამდენად შეძლებდა ახალგახსნილი კლინიკა ვაკეში ფუნქციონირებას ამხელა კონკურენციის ფონზე, მაგრამ ქალბატონი ხათუნას სწორი მენეჯმენტის დამსახურებით კლინიკამ დაიწყო მუდმივი ზრდა, დაკომპლექტდა საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ ცნობილი, წამყვანი სპეციალისტებით. კლინიკამ მალევე შეიძინა უამრავი მადლიერი პაციენტი. მე, როგორც ექიმს, მომეცა უდიდესი შანსი განვითარებისა და პროფესიული ზრდისთვის.

მსურდა მომეპოვებინა მედიცინის დოქტორის ხარისხი, თუმცა ეს მოითხოვდა დიდ შრომას, ენერგიას, დროს და სწორ ადამიანებთან კომუნიკაციას. გამიმართლა სადოქტორო თემის ხელმძღვანელის შერჩევაშიც, როდესაც შევხვდი ისეთ პროფესიონალ ადამიანებს, როგორებიც იყვნენ პროფესორები: ბატონი ზაზა ბოხუა და ბატონი გია ბურკაძე. ჩემი სამწლიანი სადოქტორო პროგრამა წარმატებით დაგვირგვინდა, მაგრამ ამ უდიდეს წარმატებასთან ერთად ჩემს ცხოვრებაში მოხდა უდიდესი ტრაგედია, ჩემი ჯანმრთელი ძმის კოვიდით დაინფიცირება და გარდაცვალება, რამაც სრულიად ამოაყირავა ჩემი ცხოვრება. ეს ის ტკივილია, რომელთან ერთადაც ცხოვრებას სწავლობ.

იყავი მართალი შენი თავის წინაშე და სხვა ადამიანებთან მიმართებაში – ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი კრედო. და იცხოვრე ისე, როგორც შენს ძმას გაუხარდებოდა!

ვწუხვარ… გვესაუბრეთ თქვენს სადისერტაციო თემაზე, რომელიც დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის გაღრმავებულ შესწავლასთან. შეგიძლიათ გვითხრათ, რა არის საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებები, მათი გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტიკა და თუ შეიძლება მათი პრევენცია?

ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში შეინიშნება ონკოდაავადებათა გახშირება. განვითარებად ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის კიბო შეადგენს სიხშირით მეორე ავთვისებიან სიმსივნეს ქალებში და სიმსივნესთან ასოცირებული სიკვდილიანობის სიხშირით მესამე მიზეზს.

თავად საშვილოსნოს ყელი ქალის რეპროდუქციული სისტემის უმთავრესი ორგანოა, რომელიც მდებარეობს მუცლის ქვედა ნაწილში, შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის. ის ერთგვარი ბარიერია საშვილოსნოსა და გარემოს შორის.

ცნობილია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებები და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება ძირითადად დაკავშირებულია ადამიანის პაპილომავირუსულ ინფექციასთან, რომელიც ქალის ორგანიზმში სქესობრივი გზით ხვდება.

ამჟამად გამოვლენილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი სახეობა. მათ შორის 40 ტიპი არის ტროპული საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის მიმართ. გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად შესწევს ამა თუ იმ პაპილომავირუსის შტამს, გამოიწვიოს კიბოსწინარე დაავადება და შემდეგ კიბო, ყელზე განასხვავებენ დაბალი და მაღალი რისკის პაპილომავირუსის ტიპებს. დღეისათვის გამოვლენილია მაღალი რისკის HPV-ის 15 ტიპი, აქედან ყველაზე აგრესიულია HPV მე-16 და მე-18 ტიპები, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 70%-ს.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე ქალი შესაძლოა დაინფიცირდეს პაპილომავირუსით, რასაც რამდენიმე თვეში შესაძლოა მოჰყვეს საშვილოსნოს ყელზე დისპლაზიის განვითარება. აღსანიშნავია, ცხოვრებაში ქალბატონების 70% ერთხელ მაინც ინფიცირდება პაპილომავირუსით, მაგრამ აქედან ქალების მხოლოდ 2-3%-ში შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს ყელზე კიბოსწინარე დაავადება ან კიბო. არსებობს გარკვეული რისკ-ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს კიბოსწინარე დაავადების ჩამოყალიბებას საშვილოსნოს ყელზე და ესენია: სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში, მრავლობითი სქესობრივი პარტნიორი, ნიკოტინის მოხმარება, ხშირი აბორტი და მშობიარობა, ჩასახვის საწინააღმდეგო კონტრაცეპტივების ხშირი და ხანგრძლივი მოხმარება და ა.შ.

ამასათან, საშვილოსნოს ყელის დისპლაზიას არანაირი გამოვლინება ან ჩივილი არ გააჩნია და სრულიად შემთხვევით აღმოვაჩენთ ხოლმე ვიზიტზე. ამიტომ არის აუცილებელი პაციენტის დროული მიმართვა, მაშინაც კი, როდესაც მას არანაირი ჩივილი არ გააჩნია.

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის გამოვლენაში ჩვენა გვეხმარება HPV გენოტიპირება, რასაც შეუძლია გამოავლინოს მაღალი ონკოტიპის პაპილომავირუსი, პაპ-ტესტი (ციტოლოგია) და მიკროსკოპში ყელის დათვალიერება – კოლპოსკოპია. ეს ის მეთოდებია, რაც აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს სქესობრივად აქტიურ ქალებს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის გამოსავლენად.

რაც შეეხება საშვილოსნოს ყელზე კიბოსწინარე დაავადების განვითარებისა და კიბოს პრევენციას, ერთადერთი მეთოდია ვაქცინაცია, რაც უზრუნველყოფს ვაქცინირებულ ქალბატონებში იმუნიტეტის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს ვირუსის იმ ტიპებისგან დაცვას, რომელიც შედის ვაქცინაში. ასევე, ჯვარედინი მოქმედების მექანიზმით ვირუსის იმ ტიპებისგანაც დაცვას, რომელიც არ შედის ვაქცინის შემადგენლობაში.

იყო ექიმი, ნიშნავს…

ექიმი უნდა იყოს თბილი, ყურადღებიანი და მომთმენი თავისი პაციენტების მიმართ. აუცილებლად უნდა გააჩნდეს ემპათიის გრძნობა, პაციენტებს ისეთივე გრძნობით და პასუხისმგებლობით უნდა მოექცეს, როგორც თავის ახლობელს.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ემოციურ შრომას დებს ექიმი თითოეულ პაციენტთან ურთიერთობაში, რამდენად შთამბეჭდავია მისთვის დღეში უამრავი ისტორიის მოსმენა, გათავისება, გააზრება და სწორი რჩევის მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ ექიმის ხმასა თუ გამოხედვაში იგრძნობოდეს იმედი, გამხნევება და თანაგრძნობა. დამაიმედებელი ღიმილი ექიმისთვის მისი საფირმო ნიშანია და პაციენტს ის არასდროს ავიწყდება.

როცა ადამიანები წლებია უწყვეტ ნდობას გიცხადებენ, ეს არის ფასდაუდებელი განცდა, რომელიც ხანგრძლივი შრომის და სწორი მკურნალობის შედეგია. რა არის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც მადლიერი პაციენტის გამოხედვას, მის ღიმილს ხედავ?! ეს ყველაზე დიდი ჯილდოა ექიმისთვის!

მოგვიყევით თქვენს ოჯახზე…

მყავს მეუღლე და ორი შვილი, ქალ-ვაჟი. ჩემი მეუღლე გახლავთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მთავარი იმპორტიორი საქართველოში, კომპანია „ჯიემსი მოტორსის“ დამფუძნებელი და დირექტორი. ჩემი ვაჟი ევროპის ტოპუნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტია, გოგონა კი „კავკასიის უნივერსიტეტში“ სწავლობს სამართალს. ორივე გეგმავს, შეძენილი გამოცდილება გაუზიარონ მამის კომპანიას და აქტიურად ჩაერთონ ამ საქმიანობაში.

მიმაჩნია, რომ ნიჭიერი, განათლებული და მიზანდასახული ახალგაზრდა თაობა ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს, ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას.

თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ?

თავისუფალ დროს მიყვარს წიგნების კითხვა და კლასიკური მუსიკის მოსმენა. ჩემთვის ეს განტვირთვის ყველაზე კარგი მეთოდია. აგრეთვე მიყვარს სპორტდარბაზში სიარული და ვარჯიში. მთავარია, ამისთვის დრო გამოვნახო. თინეიჯერობის პერიოდში აქტიურად ვიყავი დაკავებული ჩოგბურთით და საკმაოდ კარგი შედეგებიც მქონდა, თუმცა როცა 14 წლისა არჩევნის წინაშე დავდექი სპორტსა და სწავლას შორის, ყოყმანის და ზედმეტი ფიქრის გარეშე სწავლა ავირჩიე.

დაბოლოს, რას ეტყვით მათ, ვინც ექიმის პროფესიას ირჩევს?

ექიმობა არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და კეთილშობილური პროფესია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, პირდაპირი და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოთ ადამიანების ცხოვრებაზე. თუ თქვენ აპირებთ ექიმის კარიერის არჩევას, იყავით მზად გამოწვევებისთვის. უნდა იყოთ შრომისმოყვარე, გქონდეთ უდიდესი მოთმინების უნარი და სიახლეების ძიების სურვილი. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ სწავლის პროცესს და გაიგეთ მეტი თქვენთვის საინტერესო პროფესიის შესახებ. ეს ძალისხმევა კი ღირს იმ ჯილდოდ, რასაც ექიმი იღებს – გადარჩენილი სიცოცხლე, პაციენტების მადლიერება და შეგრძნება, რომ რაღაც განსაკუთრებულსა და მნიშვნელოვანს აკეთებ.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ლოკაცია: Glarros Old Town

მაკიაჟი: თაკო კოპაძე

სრულად წაკითხვა