#OK! ინგა პატარაია – ემსახურო ბავშვს, ნიშნავს იგრძნო, რომ ადამიანის სულს ემსახურები

1 week ago 11

„OK! ბათუმის“ სტუმარი საქართველოში „მონტესორის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ინგა პატარაიაა, რომლის მიზანსაც განათლების ჰუმანიზაცია და ბავშვის პიროვნების თავისუფალი განვითარება წარმოადგენს. ყოველთვის დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე, სურს წვლილი შეიტანოს საქართველოში განათლების სისტემის განვითარებასა და სრულყოფაში. რა ძირითადი პრინციპები გამოარჩევს მონტესორის საბავშვო ბაღს, მშობლებმა როგორ უნდა იურთიერთონ სწორად შვილებთან და რა გეგმები აქვს ბათუმთან მიმართებაში – გაეცანით პასუხებს ჟურნალის ფურცლებიდან.

„მონტესორის საბავშვო ბაღი“ თავისი მიდგომებითა და პრინციპებით

მიმართულია ბავშვის თვითაღზრდასა და განვითარებაზე. უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყვეთ, რა წვლილი შეაქვს მას ბავშვის პიროვნების თავისუფალ განვითარებაში. რატომ უნდა გააკეთონ მშობლებმა არჩევანი „მონტესორის საბავშვო ბაღზე“?

საუკუნეზე მეტია, რაც მარია მონტესორის სახელი, როგორც რეფორმატორულ-პედაგოგიკური მოძრაობის გამოჩენილი წარმომადგენელი, ცნობილი იტალიელი პედაგოგი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე, შეუნელებლად იპყრობს და იზიდავს საზოგადოების ყურადღებას. დღევანდელ დღეს მონტესორის მეთოდი არა მხოლოდ აქტუალობას ინარჩუნებს მთელ მსოფლიოში, არამედ სრულიად ადეკვატურია თანამედროვე განათლების მიზნებისთვის, რომლებიც მიმართულია ბავშვის თვითაღზრდასა და თვითგანვითარებაზე.

ჩვენს ძირითად პრინციპს წარმოადგენს განათლების ჰუმანიზაცია და ბავშვის პიროვნების თავისუფალი განვითარება. მისი ბუნებისა და პროცესების გაგება-ანალიზის საფუძველზე, გადავწყვიტეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაგვედგა საქართველოში განათლების სისტემის განვითარებასა და სრულყოფაში და დავაფუძნეთ „მონტესორის საერთაშორისო სკოლა“. სწორედ ამ მიზეზით, გვსურდა ჩვენი მომავალი თაობისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, რომ მონტესორის სამეცნიერო პედაგოგიკით მიეღოთ სკოლამდელი განათლება. საქართველოში „მონტესორის ბაღი“ 2021 წლის 4 აპრილს გაიხსნა და დაარსებიდან ორი წლის განმავლობაში, განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ქართულ პედაგოგიურ აზროვნებაში, ბავშვის აღზრდისა და სწავლების მეთოდებში. ძალიან მნიშვნელოვანია მონტესორის ის ძირითადი პრინციპები, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი საბავშვო ბაღის სააღმზრდელო პროგრამა, რითაც ის გამოგვარჩევს სხვა საბავშვო ბაღებისაგან. მონტესორის პედაგოგიკა უშუალოდ „ბავშვიდან“ მომდინარეობს. მის ცენტრში ბავშვია, რომლის განათლებაც ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის პოზიციებზეა აგებული. პედაგოგიურ სისტემაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჯერ კიდევ ბავშვობაში ადამიანის დამოკიდებულება თავისუფლებისა და ღირსებისადმი. ამიტომაც ჩვენი აღზრდის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა – „პატივისცემა ბავშვის სულიერ თავისუფლებას“. ჩვენს მიზანს წარმოადგენს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნების აღზრდა. აქედან გამომდინარეობს მონტესორის მეთოდიკის მთავარი დევიზი – „დამეხმარე, რომ მე თვითონ შევძლო ამის გაკეთება“. მონტესორი მიიჩნევდა, რომ ბავშვის სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ უნდა დაფასდეს უფროსების მიერ, რათა დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება აღიზარდოს. ჩვენს საბავშვო ბაღში საგანგებოდ მომზადებული სასწავლო გარემოა. ბავშვისთვის მონტესორი-მასალები ეს არის „სამყაროს გასაღები“, რომლის მეშვეობითაც მას სისტემაში მოჰყავს თავისი ქაოსური წარმოდგენები სამყაროს შესახებ. მონტესორის სისტემაში მასწავლებლის როლს წარმოადგენს გარემოს კონტროლი და ბავშვის სწავლის წარმართვა პირდაპირი ჩარევის გარეშე. მასწავლებელი აკვირდება ბავშვს, რომელიც იზრდება თავისუფალ გარემოში. მონტესორი მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს გაუღვიძოს ბავშვებს თვითმოტივაცია. ემსახურო ბავშვს – ნიშნავს იგრძნო, რომ ადამიანის სულს ემსახურები. სულს, რომელმაც თვითონვე უნდა შექმნას თავისი თავი. ყველა ის მიდგომა და მეთოდი, რაც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენს საბავშვო ბაღს განსაკუთრებულს ხდის.

ბავშვებთან ურთიერთობა მშობლებისთვის დღეს ერთგვარად „ბეწვის ხიდზე“ სიარულს ჰგავს. რა რჩევას მისცემთ მშობლებს, როგორ იურთიერთონ სწორად შვილებთან…

ყველას სურს იყოს უკეთესი მშობელი, რომელიც ყოველთვის ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე მოქმედებს, ითვალისწინებს მის სურვილებს და ცდილობს ჩასწვდეს მის ფიქრებს. მშობლობა არის პროცესი, სადაც არ არსებობს ერთი კონკრეტული ვერსია, ერთი კონკრეტული კონტექსტი, ერთი ტრაექტორია, კონკრეტული ინსტრუქცია ან ამის იდეალური გარემო, რაც თავისთავად ართულებს ამ პროცესს, იმიტომ, რომ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ ხოლმე. თუმცა, ამასთანავე, ინდივიდუალურია ის შეგრძნებები და გამოცდილებები, რაც ამ კავშირს მოაქვს ბავშვისა და მშობლისთვის, როცა ორივე მხარე ენით აღუწერელ და საოცარ სისავსეს ქმნის, რომელიც მშობლობის პროცესს საოცრად მომხიბვლელს და უნიკალურს ხდის. მშობლობა არის პროცესი, ტეხილი გზა, სადაც ყველაზე ინტენსიურად გვიწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორ დავიცვათ წონასწორობა საკუთარ თავზე ზრუნვასა და შვილებზე მზრუნველობას შორის. ასევე, მინდა იცოდნენ მშობლებმა, რომ მცირეწლოვანი ბავშვები თამაშის დროს არ უნდა იყვნენ ეკრანის იმედად. აარიდეთ ისინი ეკრანს და შესთავაზეთ ისეთი თამაშები, სათამაშოები და აქტივობები, რომლებიც მათ გრძნობებს გამოაღვიძებს. არასოდეს გამოიყენოთ ეკრანი ბავშვების გასაჩუმებლად! თუ გადაწყვეტთ, რომ ეკრანის გამოყენების ნება მისცეთ, დაადგინეთ ძირითადი წესები და ბავშვი მარტო არასოდეს დატოვოთ ინტერნეტში ჩართულ მოწყობილობასთან.

მოგვიყევით თქვენს შვილებზე. როგორია მათთან გატარებული დრო…

ბედნიერი დედა ვარ! მყავს ორი არაჩვეულებრივი ვაჟი – სანდრო და

ლაშა ბოლქვაძეები. მინდა ამ სამყაროს კიდევ ერთხელ მივემადლიერო, რომ ასეთი საამაყო ბიჭების დედობა მარგუნა! სწორედ ჩემი შვილები მაძლევენ ძალას და მოტივაციას, რომ არასდროს შევწყვიტო საკუთარი თავის ზრდისა და განვითარების პროცესი…

ის მოთხრობები, ლექსები, სიმღერები, სათამაშოები, რომელიც დღეს იქმნება ბავშვებისთვის, რამდენად სწორად არის შერჩეული და მიწოდებული, რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ აღნიშნული მიმართულებით?

ადამიანის განვითარება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ეს არის ემოციური და სოციალური განვითარება, მოტორული განვითარება და მეტყველება. მოთხრობები, ლექსები, სიმღერები, სათამაშოები, რომელიც დღეს იქმნება, ბავშვებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს. ზოგადად თამაში, ლექსები და სიმღერა არის ის აქტივობა, რომელიც ბავშვის ასაკის ძირითადი შემადგენელია. ბავშვი თამაშობს ჩვილობის ასაკშიც, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს მოტორული უნარები ისე განვითარებული, რომ შეძლოს სათამაშოს ხელში დაჭერა. ამისათვის მას სჭირდება კონკრეტული მოტორული უნარები, კერძოდ, უნდა შეეძლოს ტაცება, ჩაჭიდება და ა.შ. რაც უფრო ემატება ბავშვს ასაკი, შეგვიძლია გავახმოვანოთ პატარ-პატარა მოთხრობები. წიგნის სიყვარული ჩვილობიდან იწყება. 1,5 წლის შემდეგ რიგი ბავშვები უსმენენ ზღაპრებს, თუმცა უნდა იყოს მოკლე, მარტივი და ნაცნობი სიტყვებით გადმოცემული. ყველაფერი დამოკიდებულია უფროსზე, მათ შორის ბაგა-ბაღის აღმზრდელებზეც.

ფრაზა, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს თქვენს პიროვნებას…

„გზად შემხვედრი დაბრკოლება თავად ხდება გზა. არასოდეს დაივიწყო, რომ ყოველი დაბრკოლება ჩვენი გონების და მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა“.

როგორია „მონტესორის“ სამომავლო გეგმები და ბათუმთან მიმართებაში ხომ არ აპირებთ რაიმე სიახლის შეთავაზებას საზოგადოებისთვის?

წინ უამრავი საინტერესო გეგმები გვაქვს… ჩვენი სამომავლო მიზანია მარია მონტესორის პედაგოგიკური კონცეფციის კვლევა, კავშირი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცესთან და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ასევე, „მონტესორის საერთაშორისო სკოლის“ ფილიალი ბათუმში, მასწავლებელთა და სტუდენტთა გადამზადება და დასაქმება. მიგვაჩნია, რომ მონტესორის იდეების სრულყოფილი შესწავლა და პრაქტიკაში დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში გაამდიდრებს ქართულ პედაგოგიკას და ხელს შეუწყობს ახალი საინტერესო საგანმანათლებლო სასწავლო მიდგომების, პროგრამების და სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრების გაჩენას. მარია მონტესორის პედაგოგიკური სისტემის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს განათლების ჰუმანური ხასიათის და პიროვნების თავისუფალი განვითარების დამკვიდრებას ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში.

სრულად წაკითხვა