#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

1 month ago 32

შემოდგომა ასე მკაფიოდ არასდროს დამდგარა ჩემთვის. ეს წლის უკანასკნელი, მაგრამ ყველაზე თვალისმომჭრელი ღიმილია, რომელიც ყველა სხვა ღიმილზე მნიშვნელოვანია.

მე ვაპირებ ვისწავლო ახალი რამ – საკუთარი თავის მოსმენა. დიახ, ეს ძალიან ახალია ჩემთვის. ვაპირებ, რომ ამ შემოდგომაზე მაინც საკუთარ თავს ვუთხრა – გაიღიმე შენი გულისთვის და არა სხვის საამებლად. ვაპირებ საკუთარ თავს ვუთხრა – ის სისულელე, შფოთვა, სხვის სიტყვებზე ბრაზი არაფერია, ის, უბრალოდ, გაბრკოლებს. გიყვარდეს და გექნება სიყვარული, გიხაროდეს და გექნება სიხარული, იფიქრე და გექნება წარმატება. არაფერი ამტკიცო, უბრალოდ, იყავი და გაიღიმე. ცხოვრება ხანმოკლე მოგზაურობაა და გაჰყევი გზას.

ამ ტექსტის წერის დროს გალაკტიონის ერთი ყველასთვის ცნობილი ლექსი ამეკვიატა:

…და შემოდგომის სიცივეში

ველად გაზრდილი,

ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს

სულაც არა ჰგავს…

სიოს მაგივრად ქარიშხალი

ეალერსება

და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს

გარემოუცავს.

გაზაფხულისა და ზაფხულის ნაზი ყვავილები შემოდგომის მდიდრულმა ოქროსფერმა და წითელმა შეცვალა. შემოდგომა ნაყოფის აღების დროა და ახლა, ძალიან მალე, როცა ჩვენს ქვეყანას ისევ არჩევნებისა და პოლიტიკის მღელვარება მოიცავს, ჩვენც ჩვენი შრომის ნაყოფს მოვიმკით. საკითხავი ისაა, როგორ ვიშრომეთ. საკითხავი ისაა, როგორ დავიცავთ ჩვენს ნაშრომს.

სიყვარულით,

მაიკო წერეთელი

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

სრულად წაკითხვა