#OK! „მედუ“ პირველი ციფრული სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა თქვენი უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის

2 weeks ago 7

ჟურნალი OK! ციფრული სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა „მედუს“ შესახებ გიამბობთ, რომელიც უკვე სამი წელია ბაზარზე გამოჩნდა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების პროცესს ემსახურება. დამეთანხმებით, სამედიცინო სფერო მუდმივად და სწრაფად განვითარებადი სფეროა, შესაბამისად, აუცილებელია, რომ ექიმმა ფეხი აუწყოს ამ ტემპს. „მედუს“ დაფუძნების, მთავარი იდეის და განვითარების ეტაპების შესახებ დამფუძნებლები და იდეის ავტორები, ქეთევან ტაბუცაძე და ანტონ მგალობლიშვილი გვიამბობენ.

უპირველესად, გაგვეცანით და გვიამბეთ სამედიცინო საგანმანათლებლო ციფრული პლატფორმა „მედუს“ შესახებ.

სამედიცინო სფერო ის ადგილია, სადაც მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ მოვალეობაა და არა უბრალოდ, სურვილი. უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებს განსაკუთრებული როლი აქვს ექიმების ცოდნის გაღრმავებასა და გაუმჯობესებაში. მათი მიზანია, ექიმი გახდეს რაც შეიძლება კომპეტენტური და არ ჩამორჩეს თანამედროვე მედიცინის მიღწევებსა და ტექნოლოგიებს. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების თანახმად, უწყვეტი სამედიცინო განათლების გამართული სისტემა პირდაპირკავშირშია უკეთეს ჯანდაცვასთან, ნაკლებ სამედიცინო შეცდომასა და მის უკეთეს ხარისხთან.

„მედუ“ არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს სფეროს წარმომადგენლებს, მარტივად მოიძიონ ინფორმაცია და დაესწრონ ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომელიც აუცილებელია მათი პროფესიული განვითარებისთის. „მედუ“ აკავშირებს სამედიცინო სფეროს სხვადასხვა რგოლის მუშაკებს, ექიმებს, სამედიცინო ასოციაციებს, კლინიკებს და ხელს უწყობს და ამარტივებს გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარების პროცესს. პლატფორმაზე რეგისტრაცია შეუძლია როგორც ექიმს, ისე ექთანს, სტუდენტსა და რეზიდენტს. პლატფორმა შექმნილია მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის და აქცენტი კეთდება პროფესიულ, მუდმივ განვითარებასა და  უწყვეტ განათლებაზე.

რამდენი ხანია, რაც პლატფორმა დააფუძნეთ?

პლატფორმის იდეა დაიბადა კოვიდპანდემიის პერიოდში, რადგან ამ დროს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა უწყვეტი განათლების მიღების სირთულეები და გამოწვევები. იმ პერიოდში ინფორმაცია ქაოსურად ვრცელდებოდა, ვცდილობდით ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან გაგვეგო უახლესი ინფორმაცია მკურნალობის მეთოდების შესახებ. გამიჩნდა პროტესტი, რატომ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი, რომ მე თბილისიდან ვირტუალურად დავსწრებოდი ღონისძიებას, რომელიც საფრანგეთში ტარდებოდა, როდესაც ექიმი, მაგალითად, საქართველოს რეგიონიდან, თბილისში გამართულ სემინარს ვერ ესწრება, უცხოეთზე აღარ მაქვს საუბარი. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ენის ბარიერის გამო, ამან მიგვიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დაგვეარსებინა ქართული პლატფორმა. ჩვენ მიერ დაგეგმილი პირველი მასშტაბური ვირტუალური ღონისძიება 2021 წელს ჩატარდა, სადაც ონლაინსივრცეში 400-ზე მეტმა მონაწილემ შეძლო ინფორმაციის მიღება.

როგორია დაინტერესება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან?

დღეს უკვე 2500-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს, ჩავატარეთ 25-ზე მეტი სამედიცინო ღონისძიება, ვორქშოპი და ვებინარი, რომლებიც როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში მოღვაწე ექიმებთან ერთად ჩატარდა. ამასთან ერთად, ვთანამშრომლობთ სამედიცინო ასოციაციებთან, უნივერსიტეტებსა და კლინიკებთან, მათ აკრედიტებული სამედიცინო ღონისძიებების დაგეგმვაში ვეხმარებით.

რამ განაპირობა ინტერესის გაზრდა პლატფორმის მიმართ?

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფო ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად აკონტროლებს ექიმის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესს. ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმები უკვე ვალდებულები არიან, წლის განმავლობაში უსგ პროგრამაში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა და დააგროვონ ქულები, რათა სტატუსი შეინარჩუნონ.

ჩვენი პლატფორმა მიზნად ისახავს შექმნას საინფორმაციო ბაზა, სადაც ექიმი კონკრეტულ სპეციალობაში არსებულ უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობებს მარტივად მოიძიებს, შეარჩევს და დაესწრება.

დღევანდელი გადმოსახედიდან გამართლდა თქვენი თავდაპირველი მიზანი?

ვფიქრობ, რომ გამართლდა. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მიერ ექიმის უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობებში მონაწილეობის კონტროლის შემოღებამ ქულების დაგროვებასთან დაკავშირებით ძალიან შეუწყო ხელი ჩვენი პლატფორმის მოთხოვნას და მის პოპულარიზაციას.

ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ტიპის პლატფორმისთვის იყო ის, რომ სამედიცინო ასოციაციები აქტიურები არ იყვნენ. ასოციაციების რეესტრი 2024 წლიდან განახლდა. ახალი რეგულაციების შესაბამისად, მათ დაევალათ, აქტიურად იყვნენ ჩართულები სამედიცინო განათლებისა და გამოცდილების გაზიარების პროცესში. ჩვენ კი მათ ორგანიზების პროცესში ვეხმარებით.

რა არის „მედუს“ სამომავლო გეგმები?

გარდა იმისა, რომ საქართველოში გაფართოება გვსურს, დაგვიკავშირდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის სამედიცინო ორგანიზაციებიც, რომლებიც, ფაქტობრივად, იმავე გზას გადიან, რასაც ჩვენი ქვეყანა. ჩვენ წინ ვართ ბევრად და ეს ძალიან საამაყოა.

გვსურს ჩავატაროთ ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს გარდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რადგან ჩვენი ცოდნა და გამოცდილება განსაკუთრებით მათ აინტერესებთ. ცხადია, ღონისძიებაზე ვირტუალურად დასწრება ყველა ქვეყნიდან უნდა იყოს შესაძლებელი. თუმცა განსაკუთრებული ინტერესი სწორედ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან წამოვიდა. მათ ჩვენთან კომუნიკაცია ბევრად უმარტივდებათ, ვიდრე სხვა ევროპელ კოლეგებთან.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ლოკაცია: Glarros OldTown

სრულად წაკითხვა