#OK! ორგანიზაციული სტრესი, მისი გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები ინტერვიუ მაკო ბუჯიაშვილთან

2 weeks ago 6

ხანდახან შეიძლება სტრესი ჩვენი სამუშაოს გარდაუვალი ნაწილი იყოს, თუმცა ის არ უნდა გახდეს მუდმივი თანამგზავრი. აუცილებელია ორგანიზაციული სტრესის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და მათი მართვა, რადგან ის გავლენას ახდენს როგორც თანამშრომლების კეთილდღეობასა და პროდუქტიულობაზე, ასევე, მთლიანად ორგანიზაციის ეფექტიანობასა და კულტურაზე. ორგანიზაციული სტრესის დროს მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის ჩართულობა, რომელიც დაეხმარება ორგანიზაციას ჯანსაღი გარემოს შექმნაში, სადაც თანამშრომლების აზრი და მათი კეთილდღეობა მნიშვნელოვანია. ამ თემაზე უფრო ვრცლად ჩვენი სტუმარი, საკუთარი საქმის პროფესიონალი და არაჩვეულებრივი „სპიკერი“, ფსიქოლოგი მაკო ბუჯიაშვილი გვესაუბრება.

მაკო, სანამ უშუალოდ თემაზე გადავიდოდეთ, გვითხარით, რატომ აირჩიეთ ფსიქოლოგობა?

მაკო ბუჯიაშვილი: ფსიქოლოგია ჩემთვის ყოველთვის საინტერესო და გამორჩეული სფერო იყო. ბავშვობაში ხშირად მაინტერესებდა, თუ რატომ ფიქრობს ან გრძნობს ადამიანი ასე? რა ხდება ადამიანის გულსა და გონებაში, რაც მის ქცევას განსაზღვრავს?  როგორ მოქმედებს ჩვენი ფიქრები და ემოციები ჩვენზე, როგორ აისახებოდა ჩვენი ყოველდღიურობა ურთიერთობებსა და ქცევებზე, რა გვასევდიანებდა და რა გვაბედნიერებდა.

ფსიქოლოგიისადმი ინტერესი დროდადრო კიდევ უფრო გამიღრმავდა. სხვადასხვა სიტუაციაში ვაკვირდებოდი, თუ როგორ ეხმარებოდა ადამიანებს საკუთარი თავისა და ემოციების გაგება პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში. მივხვდი, რომ ეს იყო სფერო, რომელშიც საკუთარ თავს ვხედავდი – არა მხოლოდ როგორც დამკვირვებელს, არამედ როგორც ადამიანს, რომელსაც შეეძლო სასიკეთო ცვლილებები შეეტანა როგორც საკუთარ, ისე სხვების ცხოვრებაში.

დღეს, როცა უკვე ვმუშაობ ჩემი პროფესიით, ვგრძნობ, რომ ეს იყო სწორი არჩევანი. ბავშვური ცნობისმოყვარეობა და ადამიანების მხარდაჭერის სურვილი ჩემს პროფესიულ გზად იქცა. დღემდე ვგრძნობ, რომ ფსიქოლოგია ჩემთვის განსაკუთრებულია.

როგორი იყო თქვენი პროფესიული გზა?

ჩემთვის სწავლა უწყვეტი პროცესია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პროფესია ასევე, ჩემი ჰობია, საკუთარი პროფესიული განვითარება ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. საუნივერსიტეტო განათლების შემდგომ სწავლა ევროპული სტანდარტის, გეშტალტთერაპიის 5-წლიან პროგრამაზე გავაგარძელე. ამავდროულად, ვარ ნეიროლინგვისტიკური პროგრამირების (ნლპ) პრაქტიკოსი, სამუშაო პროცესში ასევე აქტიურად ვიყენებ არტთერაპიულ ელემენტებსა და ტექნიკებს, არტქოუჩინგს. ვმუშაობ როგორც ფსიქოლოგი, ინდივიდუალურად კლიენტებთან კონსულტირების ფორმატით, ასევე ორგანიზაციებთან(გუნდებთან) სხვადასხვა ვორქშოფის/მასტერკლასის თუ ტრენინგების ფორმატით.

საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამაში არჩევანი ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაზე გავაკეთე, რადგან ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ მუშაობდნენ ადამიანები გუნდში, თუ რა ქმნიდა წარმატებულ სამუშაო გარემოს და რა ფაქტორები აძლიერებდნენ მოტივაციასა და პროდუქტიულობას. ორგანიზაციული ფსიქოლოგია შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ, თუ როგორ გავლენას ახდენს სამუშაო გარემო თანამშრომლების ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე და როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ, რათა განავითარონ საკუთარი პოტენციალი. ამ სფერომ მომცა საშუალება, გამომეკვლია და მემუშავა ორგანიზაციული სტრესის, კონფლიქტების მართვისა და მოტივაციის თემებზე.

ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც არა მხოლოდ შედეგებზეა ორიენტირებული, არამედ ადამიანებზე. ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესიის ადამიანების ჩართულობის საშუალებით შესაძლებელია ისეთი სტრუქტურის/გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომლები გრძნობენ, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, მათი ჩართულობა, მათი კეთილდღეობა მნიშვნელოვანია. ორგანიზაციული ფსიქოლოგის ჩართულობით ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა, სამუშაო სივრცეები გახადონ უფრო ჯანსაღი და პროდუქტიული.

რა იწვევს ორგანიზაციულ სტრესს?

ორგანიზაციული სტრესის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და მათი მართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზაციული სტრესი გავლენას ახდენს არა მხოლოდ თანამშრომლების კეთილდღეობაზე, არამედ მთლიანად ორგანიზაციის ეფექტიანობასა და კულტურაზე. მისი გამომწვევი ფაქტორები შეიძლება მრავალი იყოს და ხშირად ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, მაგალითად: დიდი სამუშაო დატვირთვა შეზღუდული დროის პირობებში – გადაჭარბებული სამუშაოს მოცულობა ან მკაცრი ვადები, რაც შესაძლოა თანამშრომლებს ურთულებდეს მუშაობას და იწვევდეს სტრესს და გრძელვადიან გადაღლას.

ამასთანავე, არასაკმარისი რესურსები და მხარდაჭერა – როდესაც თანამშრომლებს არ აქვთ სათანადო ინსტრუმენტები, რესურსები ან ხელმძღვანელის მხარდაჭერა, შესაძლოა გრძნობდნენ გაურკვევლობასა და სტრესს.

როლური გაურკვევლობა – როდესაც თანამშრომლებს არა აქვთ მკაფიოდ განსაზღვრული როლები და მოვალეობები, ჩნდება არეული მოლოდინები, რაც ასევე სტრესს იწვევს.

უსიამოვნო ურთიერთობები და კონფლიქტები – თანამშრომლებს შორის კონფლიქტები, არაჯანსაღი, წახალისებული კონკურენცია ხელს უშლის მშვიდ სამუშაო გარემოს და ესეც ერთგვარი სტრესორია.

ასევე, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობების ნაკლებობა – თანამშრომლები, რომლებიც ვეღარ ხედავენ კარიერულ ზრდას ან პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, უფრო მეტად განიცდიან სტრესს, რაც მათ მოტივაციაზეც მოქმედებს.

ცვლილებების მაღალი ტემპი – მუდმივი ცვლილებები, განსაკუთრებით ის, რასაც ორგანიზაციის სტრუქტურის ან მუშაობის წესის ცვლილება ეხება, იწვევს შფოთვასა და სტრესს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თანამშრომლები არ არიან კარგად ინფორმირებულნი ან მზად.

სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსის ნაკლებობა – გადაჭარბებული სამუშაო საათები ან არასაკმარისი დრო დასვენებისთვის იწვევს გადაღლას და სტრესს, რაც ნეგატიურად აისახება როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

რა შეიძლება გააკეთოს კომპანიამ თანამშრომლის სტრესის თავიდან ასარიდებლად და რა უნდა გააკეთოს თანამშრომელმა?

მიხარია, რომ თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ტენდენცია დღესდღეობით უკვე შეინიშნება. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ორგანიზაციამ გაიზიაროს, რომ წარმატებული ორგანიზაცია დგას არა მხოლოდ იმ პროდუქტებსა და სერვისებზე, რასაც გვთავაზობენ, არამედ მეტწილად იმ დასაქმებულ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს აღქმაში ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ადამიანები ყიდულობენ ადამიანებისგან, ეს ასეა და დასაქმებული ადამიანები ქმნიან კორპორაციების იმიჯს, ვერავინ წარმოაჩენს ორგანიზაციის სახეს ისე კარგად, როგორც დასაქმებული. ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელი, კმაყოფილი დასაქმებული მეტად ეფექტურია, მეტად ჩართულია, მოტივირებული და მეტად ლოიალურია ორგანიზაციისადმი.

ორგანიზაციები, სადაც ღიაობის კულტურაა, სადაც ღიად ხდება საუბარი მიმდინარე პრობლემებსა თუ გამოწვევებზე, საჭიროებებზე, გადაჭრის გზებზე, სადაც მადლიერების გამოხატვა წახალისებულია, სამუშაო გარემოში გათვალისწინებულია ადამიანი და მისი საჭიროებები, თითოეული დასაქმებულის აზრი დაფასებულია, სადაც ყურადღება ექცევა სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსს, არის სხვადასხვა ფიზიკური/მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამები და ა.შ. მეტად მედეგია ასეთი გარემო სტრესისადმი.

დასაქმებულებს ვურჩევდი, იზრუნონ საკუთარ კეთილდღეობაზე, გამოიყენონ ორგანიზაციის მხრიდან შეთავაზებული სხვადასხვა პროგრამა ფიზიკურ/მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის. ყოველთვის ისარგებლონ სრულად კუთვნილი შვებულებით. ვფიქრობ, ამ საკითხს ორგანიზაციის მხრიდანაც უნდა ექცეოდეს ყურადღება. დასვენება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადამიანი იყოს რესურსული და ეფექტიანი ორგანიზაციისთვის. დასაქმებულებს ასევე ვურჩევდი, თუ სურვილი აქვთ წინსვლის, არასდროს თქვან უარი განვითარებაზე, სიახლის სწავლაზე, არ შეუშინდნენ ცვლილებებს და სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების.

რა შეიძლება გავაკეთოთ უკვე არსებულ სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად?

ჩვენი, ფსიქოლოგების პროფესიაც ამას მოიაზრებს, ჩვენ ვართ მხარდამჭერები ადამიანების, რომლებთაც გამოწვევებთან მარტო გამკლავება უჭირთ. მოვიშველიებ ფრაზას, რომელიც ჩემმა მასწავლებელმა და დღეს უკვე კოლეგამ, წლების წინ გამიზიარა და რომელიც ძალიან რესურსული აღმოჩნდა ჩემთვის: „არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, არსებობს მიუღებელი გადაწყვეტილებები“.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა