#OK! საქსოფონი ჩემი ცხოვრების თანამგზავრია – საქსოფონისტი გვანცა გიგიბერია

1 month ago 64

ქართული OK! წარმოგიდგენთ ნიჭიერ და საინტერესო მუსიკოსს, საქსოფონისტს, გვანცა გიგიბერიას. 8 წლისამ ის მუსიკალური ინსტრუმენტი აირჩია, რომელზეც იშვიათად უკრავენ ქალები და უფრო ნაკლებად – საქართველოში. გვანცასა და საქსოფონის ერთობლივი მუსიკალური თავგადასავალი ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ის მსმენელს ცნობილი სიმღერების ალტერნატიულ ვერსიებს სთავაზობს.

გვანცა, დავიწყოთ სულ თავიდან. როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში მუსიკა?

როგორც მიყვებიან, მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ღრმა ბავშვობიდან ჩნდება. წლის და 4 თვის ფორტეპიანოზე ერთი თითით ვაწყობდი სიმღერის მელოდიას. აქედან გამომდინარე, დედამ მუსიკალურ სკოლაში, შემდეგ კი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მიმიყვანა.

მთელი ბავშვობა სცენაზე მაქვს გატარებული, ვმღეროდი შურა ჯანელიძესთან, სექსტეტში, „მზიურში“. დავამთავრე დ. არაყიშვილის სამუსიკო სასწავლებელი საფორტეპიანო განხრით, შემდეგ კი ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია.

როდის დაინტერესდით საქსოფონით?

8 წლის ვიყავი, როცა მე და საქსოფონი პირველად შევხვდით ერთმანეთს ანსამბლ „მზიურში“. მას შემდეგ ის ჩემი ცხოვრების თანამგზავრია. საქსოფონისტობა დიდ ნებისყოფასა და შრომას მოითხოვს, თუმცა მას სასიამოვნო შეგრძნებებიც ახლავს თან. როდესაც მარტო ვრჩებით მე და ინსტრუმენტი და ნაწარმოების შესრულებას ვიწყებ, უჩვეულო შეგრძნება მეუფლება, რომელიც დასრულების უდიდეს ემოციად გარდაიქმნება.

თუ გახსოვთ, როდის იყო ის გარდამტეხი მომენტი, როცა გაიფიქრეთ, რომ მუსიკაა თქვენი მთავარი ცხოვრებისეული გზა?

ალბათ, ბავშვობიდან უკვე არჩეული მქონდა პროფესია. ბავშვობაში გვქონდა მეგობრობის დღიური, სადაც იყო ასეთი კითხვა – ვინ გინდა გამოხვიდე? ყველგან ვწერდი მუსიკოსს, საქსოფონისტს.

5 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გამოვედი კონცერტზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც შევასრულე სოლო სიმღერა. მახსოვს პირველი ემოციები, აპლოდისმენტები, საქებარი სიტყვები, რაც მთელი ცხოვრება ჩემი ინსპირაცია გახდა.

დღეს

დღეს მილიონობით ადამიანს ვაბედნიერებ ჩემი შექმნილი მუსიკით. ვაფორმებ მუსიკალურად ღონისძიებას, ველქამს, ასევე ქორწილს, ხელის მოწერის ცერემონიას და სხვ.

უკვირთ საქართველოში გოგო საქსოფონისტი?

დიახ, საქსოფონისტი ქალი გაოცებას იწვევს ხოლმე. უამრავი კომპლიმენტი და ემოცია მოდის მსმენელისგან, რაც მაბედნიერებს და სტიმულს მაძლევს, რომ ახალი და საინტერესო კომპოზიციები შევთავაზო ჩემს ერთგულ მსმენელს.

რა ან ვინ არის თქვენი შემოქმედებითი ცხოვრების მთავარი მოტივატორი?

ჩემი მთავარი მოტივატორია ოჯახი და თვითონ მუსიკა. არ მასვენებს შინაგანი მე, სანამ ახალ კომპიზიციას არ ავტვირთავ სოცქსელში. მუსიკა არის ბედნიერება, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ეს არის დაუსრულებელი მუდმივი მუშაობა შენს თავსა და განვითარებაზე.

სამომავლო გეგმები

დაახლოებით 1 წლის წინ ჩემი პირველი ალბომი ჩავწერე, რომელიც 12 სიმღერის ქავერ ვერსიას აერთიანებს. არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას და ვგეგმავ მეორე ალბომის გამოშვებასაც.

ჩემს თავს ვუსურვებ უამრავ კონცერტს დიდ სცენაზე, მუსიკალურ ალბომს და მილიონობით გვანცას მსმენელს მსოფლიო მასშტაბით.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა