#OK! შეუძლებელი არაფერია

1 month ago 45

მოტივაცია და მონდომება − ეს ისაა, რაც დღეს ადამიანებს ყველაზე მეტად აკლიათ. OK! იმ ადამიანებს შეგახვედრებთ, რომლებიც სტერეოტიპებს ანგრევენ, იბრძვიან და იმარჯვებენ. მადლობა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრსა და „ლიბერთი ბანკს“ პროექტის შესრულების დროს გაწეული დახმარებისთვის.

ვანო წიკლაური − პარასპორტსმენი, მშვილდოსანი

ვარ პარასპორტსმენი. მივდევ მშვილდოსნობას. კლდიდან გადმოვარდნის შედეგად, ხერხემლის 3 მალა გამიტყდა. მოგვიანებით გავიგე, რომ არსებობდა სპორტი შშმ-პირთათვის. თავდაპირველად, არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ ვნახე. მივხვდი, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერს გააკეთებს. შეუძლებელი არაფერია! რამდენიმე ქვეყანაში მაქვს მიღებული მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგი დავაფიქსირე ჩეხეთის ტურნირში, სადაც მე-8 ადგილი მოვიპოვე. ადამიანმა უნდა მოინდომოს თურმე და ყველაფერი გამოუვა. მონდომებაა მთავარი, შეუძლებელი არაფერი ყოფილა.

ირმა ხეცურიანი − პარამოფარიკავე, მსოფლიო ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში

თავიდან მეგონა, არ გამომივიდოდა ის, რაც ჩემს მწვრთნელს სურდა, რადგან სპორტის ძალიან რთულ სახეობას შევეჭიდე, არ ვიყავი საკმარისად თავდაჯერებული. თუმცა პირველმა გამარჯვებამ დამანახა, რომ თავდაუზოგავი შრომის შედეგად, შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღება. დღემდე სწავლის პროცესში ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ უზომოდ მიყვარს ფარიკაობა. დღითი დღე ვცდილობ ფიზიკურად იმაზე აქტიური ვიყო, ვიდრე აქამდე ვიყავი. ერთ დღეს იმ რეალობის წინაშე დავდექი, რომ რასაც ვგეგმავდი, ისე ვერ ვიცხოვრებდი. რთული იყო ამის გააზრება… დაახლოებით 4 წელი ვფიქრობდი, მინდოდა თუ არა გარეთ გასვლა. თუმცა მივხვდი, რომ მჭირდებოდა როგორც რეაბილიტაცია, ისე სიახლეები ცხოვრებაში. სწორედ მაშინ დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს სამსახური, რაც დამოუკიდებლობაში დამეხმარა. ცხოვრება ხანმოკლეა, გარისკვა კი − მნიშვნელოვანი. თუ არ გარისკავ, ვერც სასურველ შედეგს მიიღებ. 27 წლის ასაკში პირველად მივიღე გადაწყვეტილება, მეცხოვრა დამოუკიდებლად. მრავალი სირთულის მიუხედავად, ყველაფერს გავართვი თავი. დავთანხმდი შეთავაზებას და დავიწყე ვარჯიში პარაფარიკაობაში. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ყველაფერი წინ არის. ასევე მინდოდა მეჩვენებინა ადამიანებისთვის, რომ სირთულეების მიუხედავად, ცხოვრების გაგრძელებას და ბრძოლას აზრი აქვს!

ახლა კი სხვებს მოვუწოდებ, ნუ შეშინდებიან! ყველა ნეგატივში შესაძლებელია პოზიტივის პოვნა. ყოველი დღის მადლობელი უნდა ვიყოთ და ვისწავლოთ დროის ფასი.

გვანცა ზადიშვილი − პარამოფარიკავე

3 წელია, რაც პარასპორტით ვარ დაკავებული. 4 წლის წინ მივიღე ტრავმა, მენჯ-ბარძაყის მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც მარჯვენა ფეხი ოდნავ დამიმოკლდა მარცხენასთან შედარებით. პარაფარიკაობა შემთხვევით აღმოვაჩინე და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ გადავწყვიტე პარამოფარიკავე გავმხდარიყავი.

წარმატებებს რაც შეეხება, 2 მედალი მაქვს აღებული სატელიტ ტურნირზე. ყველაზე მეტად მეხმარება საკუთარი თავი. შესაბამისად, ვურჩევდი ყველას, რომ გაჭირვების დროს მოუსმინონ საკუთარ თავს, ნუ ჩაიკეტებიან შინ, პირიქით − გამოვიდნენ გარეთ, რადგან ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება.

ნინა თიბილაშვილი − პარამოფარიკავე, მსოფლიო ჩემპიონი პარაფარიკაობაში 23-წლამდელთა ასაკის ახალგაზრდებში

სპორტის ამ სახეობით დაკავებული ვარ 5 წელია. ვიტყოდი, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. არასდროს მიფიქრია, რომ სპორტსმენი გავხდებოდი. თუმცა ჩემი და ჩემი მწვრთნელის, მალხაზ მესხის გზები გადაიკვეთა და მისი დიდი სურვილით მივედი ვარჯიშზე. თავდაპირველად, მალხაზის ხათრის გამო დავდიოდი, თუმცა შემდეგ საქართველოში მალევე ჩატარდა შეჯიბრი, რომელშიც ბოლო ადგილზე გავედი. ამის მერე მსოფლიო თასზეც გამიყვანეს, სადაც ასევე წავაგე და თითოეული ეს მარცხი ჩემში გარკვეული ცვლილებების შემომტანი აღმოჩნდა. საოცრად შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ მასზე დამოკიდებული. ხშირად ვფიქრობ, თანდაყოლილი ტრავმა უფრო რთულია, თუ შემდეგ შეძენილი. მე დაბადებიდან მაქვს ბარძაყის ანომალია და ჩემ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ ამით უნდა მესწავლა ცხოვრება და არ დავნებებულიყავი. მართალი გითხრათ, მძიმე რეაქცია არასდროს მქონია ამის გამო, ჩემი ოჯახის, მეგობრებისა და იმ ადამიანების დამსახურებით, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ. მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მე არასდროს მიფიქრია, რომ არ შემეძლო. პირიქით, ისინი ფიქრობდნენ, რომ რაღაცეების გაკეთება მათზე უკეთესადაც შემეძლო, რამაც ძალიან დიდი მოტივაცია და ძალა მომცა ცხოვრებაში და დღეს არაფრის გაკეთება არ მიჭირს.

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა