#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი

1 month ago 38

სექტემბერი წელიწადის ყველაზე სევდანარევი და, ამავდროულად, ყველაზე მოტივირებული თვეა. ეს ის დროა, როდესაც სრულდება მზეზე ნებივრობა, მთელი წლის წლის განმავლობაში შეგროვებული წიგნების ბოლო ფურცლებიც იხურება და მთავრდება ტორნატორეს, ტარკოვსკისა და ალმოდოვარის საღამოები, თუმცა შემოქმედებითად დატვირთული ახალი გეგმების დასახვას ვიწყებ ხოლმე. ცვლილებები შემაქვს საქმიანობაში, ცხოვრების სტილსა და ურთიერთობებშიც კი. რა თქმა უნდა, ტრანსფორმაციის პროცესი ხანდახან მტკივნეული და რთულია, თუმცა ცვლილებები აუცილებელი, გარდაუვალი და განვითარების პროცესის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. როდესაც სექტემბრის ნომრის დაგეგმვისას მთავარ თემად ტრანსფორმაცია ავირჩიეთ, პირველი ჩემს გონებაში მზესავით გოგო ამობრწყინდა. ჩემი აზრით, ეს სიტყვა – „ტრანსფორმაცია“ – ყველაზე მეტად ნელი აგირბას უხდება. ინტერვიუ მოვამზადეთ, საკმაოდ ვრცელი გამოვიდა და ბევრი რამ ამ ფურცლებმა ვერ დაიტია, თუმცა ყველაზე მეტად ერთი ფრაზა დამამახსოვრდა, რამაც მომავალი გეგმების განსახორციელებლად დიდი მოტივაცია შემმატა. აინშტაინს უთქვამს, რომ ცხოვრების აღქმის მხოლოდ 2 გზა არსებობს: ან ყველაფერი ჯადოსნურია, ან ყველაფერი ჩვეულებრივი. თავად პირველს ირჩევდა. ჰოდა, იცხოვრეთ ჯადოსნური ცხოვრებით, მე კი მოგიყვებით ამბავს ზღვასთან ახლოს დაბადებულ გოგოზე, რომელიც ცდილობს სამყარო სიყვარულით აავსოს.

ხშირად ადამიანები ემოციურად დაუცველები და სამყაროსგან მოწყვეტილად ვგრძნობთ თავს. სწორედ ეს მდგომარეობა გვვიბიძგებს ხოლმე დიდი ცვლილებებისკენ. შენს შემთხვევაში ეს ტრანსფორმაციული გზა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. იყო ჟურნალისტიკა, იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ რადიკალური ცვლილებები, ბათუმში საცხოვრებლად გადასვლა, რყევები პირად ცხოვრებაში და ბოლოს სიმშვიდის ფაზა, ბგერითი თერაპია. მოგვიყევი, რა გაიძულებს ხოლმე კომფორტის ზონიდან გამოსვლისა და ცვლილებებისკენ?

ცვლილებები ამ რეალობის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. ადამიანმა დიდი ხანია მიაგნო კანონზომიერებას, რომ ცვლილებები უცვლელია. ჩემთვის მუდმივი ცვალებადობა ისაა, რასთან ერთადაც თავისუფლად სუნთქვას ვსწავლობ. ჩემი ცხოვრებისეული გზის ერთ-ერთი რადიკალური ცვლილების დროს, როდესაც ჟურნალისტიკიდან წამოვედი და ყოველგვარი გარანტიის ან გეგმის გარეშე აბსოლუტურ გაურკვევლობაში გადავაბიჯე, მეკითხებოდნენ, როგორ ვიპოვე გამბედაობა? ერთი მხრივ, თითქოს წარმატებული კარიერა მქონდა – „კურიერი“ მიმყავდა და, მეორე მხრივ, ორი ბავშვის, მარტოხელა დედის პასუხისმგებლობები მეკისრებოდა. მესმოდა, მეც ცვლილებების დამაპარალიზებელ შიშში ვიცხოვრე წლების განმავლობაში. უნდა გადავრჩენილიყავი დამოუკიდებლად და თან ამისი არანაირი ინსტრუქცია არავის მოუცია. თითქოს გამოდიოდა გადარჩენა და ვებღაუჭებოდი მიგნებულ მეთოდს, ვაყუჩებდი შინაგან იმპულსებს, რომლებიც მთელი ძალით რაღაც სხვას ითხოვდნენ. ხშირად ცვლილებები იმდენად დიდად გვეჩვენება, არც კი განვიხილავთ. შედეგად, როდესაც ერთ მდგომარეობაში წლობით გაჩერების შემდეგ ყალიბიდან, კომფორტის ზონიდან ამოვვარდი, არავითარი ხედვა არ მქონდა, გზა არ ჩანდა, მხოლოდ მიმართულება მეტი სინათლისკენ, მეტი სილამაზისკენ და მეტი სიხარულისკენ. ძალიან ძლიერი სურვილის შედეგად მოვიდა სამყაროს მიმართ სრული ნდობა. რაც მეტი იყო ნდობა, მით უფრო ჯადოსნურად ლაგდებოდა მოვლენები. ვისაც ეს გამოუცდია, კარგად მიხვდება, რაზეც ვსაუბრობ. როგორი საოცრებაა ცვლილებების მდინარეში ცურვა გახსნილი გულით.

ეს გათავისუფლება უკიდურესად მტკივნეული იყო, ის ჩემი მეუღლის გარდაცვალებამ მოიტანა, მომხსნა წარმოდგენების ძირითადი ნაწილი, რომლებიც ჩემს ფორმას იჭერდნენ. ფორმა ჩამოიშალა, ძველი პიროვნება მოკვდა და ახლის აშენება უნდა დაწყებულიყო. რამდენიმე წლის შემდეგ უკვე ახალი ეგო გამყარდა და დაიწყო რეალობასთან ჭიდაობა. თუმცა ამ დროისთვის უკვე მქონდა გაცნობიერებული, რომ ტრანსფორმაცია გარდაუვალია, ნებსით თუ გარე დარტყმებითა და ტკივილებით – ის მაინც მოხდება. ამიტომ, როგორც კი ისევ ვიგრძნობდი სამყაროსთან ბრძოლის დაძაბულობას, მეცინებოდა საკუთარ მორიგ ჩაძინებაზე და ვირჩევდი ნებით მიყოლას – ანუ სათანადო ცვლილებების გატარებას ჩემს ცხოვრებაში, გონებაში, არსებაში, შესაბამისი პრაქტიკებით, ვარჯიშით, შრომითა და ზრუნვით. ტრანსფორმაცია გახდა სასიამოვნო პროცესი. რა თქმა უნდა, დისკომფორტის გარკვეული წილი ამას ახლავს თან, იმიტომ, რომ ფართოვდები და შრომობ, მაგრამ თავგადასავლის საოცრება და სამყაროს ჯადოსნური კანონზომიერებები წონის.

რამდენიმე წლის წინ საკუთარი თავის სიყვარულით მშობლობა დავიწყე. ეს განუყოფელი, უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელიც ზრდასრულობის მიღწევის შემდეგ გვაქვს გასავლელი. საკუთარი თავის სიყვარულში ვარჯიში ჩემთვის აქ ყოფნის მთავარი პრაქტიკა აღმოჩნდა. არადა სულ უკუღმა დავდიოდი. ბავშვობიდან მოწამეობრივი ღვაწლი მომწონდა. მსხვერპლის გაღება და საკუთარ თავზე ნებისმიერი ზრუნვა მემდაბლებოდა და მრცხვენოდა კიდეც. ჰო, როგორი პარადოქსია. პირიქით არ უნდა იყოს თითქოს?! და ასეთ მდგომარეობაში სიყვარულიც, რომელიც შემეძლო, იყო არა სიყვარული, არამედ ჩემი საკუთარი უსიყვარულობის შევსების მცდელობა. ახლა ნელ-ნელა ვსწავლობ საკუთარი თავის სიყვარულს. როგორც თოლია ჯონათანი დაბრუნდა დედამიწაზე სიყვარულის სასწავლებლად, დაახლოებით ასეთი განცდა მაქვს. და რაც უფრო მიყვარდება საკუთარი თავი, საკუთარი პიროვნება, ადამიანი, რომელიც ახლაა, მით უფრო მეტად გამომდის მისი პოზიტიური მშობლობა, ცოტ-ცოტას ვსწავლობ, მივცე მას ყვავილობის საშუალება. მოვუსმინო მის უნიკალურობას, მის სურვილებს, პატივი ვცე მათ და დავეხმარო გამოვლენაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის, სულ უფრო მეტი სინათლე ვრცელდებოდეს ჩემგან, განსაკუთრებით ჩემს შვილებზე, იმიტომ, რომ ისინი არიან ყველაზე დიდი ზემოქმედების ქვეშ ჩემთან. ვიცი, რომ ვერ გავანულებ ტრავმების, მავნე პროგრამების გადაცემასაც, მაგრამ რამდენადაც შევძლებ, უნდა შევამცირო. პირველად ეს პროცესი რომ გავაცნობიერე, სასტიკად დავმძიმდი პასუხისმგებლობით, გამოსავლად მოვიდა თამაში. სიხარული. სილაღე. იუმორი.

ჩემზე გამოთქმული იყო ბიპოლარული აფექტური ფსიქოზის ვარაუდი, მივიღე პიროვნების ლაბილური აშლილობის დიაგნოზიც და კიდევ რაღაც, რაც აღარ მახსოვს. მას მერე პოსტტრავმული სინდრომი, პარანოიდული აშლილობაც მქონდა. ერთი სიტყვით, კარგად ვიმოგზაურე და დღეს ვსწავლობ სიხარულის გზას. მადლიერი ვარ ტკივილებისთვისაც, იმიტომ, რომ მათ სხვა გზა არ დამიტოვეს და მოვედი სიხარულის სკოლაში. არც აქაა მარტივი. სულ გამოცდებია, ვდგები ისევ ძველი პათერნების პირისპირ და ნელ-ნელა უფრო და უფრო მსუბუქად და სიყვარულით ვირჩევ სილაღეს. და თუ მტკიცედ ვირჩევთ სიხარულის, სიყვარულის, პირველ რიგში, საკუთარი თავის სიყვარულის გზას, მერე რაც მუხლუხოსთვის სიკვდილი იყო, პეპლისთვის დაბადებაა.

ბგერითი თერაპიის შესახებაც გვიამბე, რას გულისხმობს ეს პრაქტიკა. როგორც ვიცი, შენ სხვებსაც უზიარებ შენს ცოდნას ამ მიმართულებით.

მას შემდეგ, რაც ასე თუ ისე ამოვყვინთე და ვხედავდი კოშმარებისგან ტანჯვას სხვებში, ძალიან მინდოდა დახმარება, მაგრამ ასე მარტივად, მხოლოდ შეძახილით ან რჩევებით არ გამოდიოდა. მერე დაიწყო დაგროვება კითხვებმა, მაგრამ აქაც ერთი წინადადებით ვერ დაეხმარები ადამიანს. დავიწყე ძებნა მეთოდების, როგორ შემეძლო ზრუნვა, შეხსენება. ასე დაიბადა „ფხიზელი ტომი“, ერთობა, რომელიც ახლა, ასევე, გარდასახვის ფაზაშია. ძირითადად ონლაინ ვმუშაობთ, იმიტომ, რომ შეკრების სივრცე ჯერჯერობით არ გვაქვს. თუმცა ერთი პერიოდი აქტიურად ვეხმარებოდით ერთმანეთს პროცესში მყოფი ადამიანები. ვატარებდით 1-3-4-დღიან შეკრებებს, სადაც ვაზიარებდი მედიტაციის ტექნიკებს, სხვადასხვა კულტურისა და მეცნიერების მიგნებებს, რაც მუშაობს და გვეხმარება ტრანსფორმაციაში. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა მუსიკოთერაპია. რადგან მუსიკა ფსიქიკის ყველა შრეზე ზემოქმედებს, როგორც ემოციურ და რაციონალურ პროცესებზე, ასევე გაცნობიერებების კატალიზატორია. უნივერსალური ენაა, რომელიც არა მარტო ნებისმიერი ენის მატარებელ ადამიანს ესმის, არამედ სიცოცხლის ჩემთვის ცნობილ ყველა გამოვლინებას.

როგორც ვიცი, ახლაც ახალ ტრანსფორმაციებს გადიხარ, რომ მოგვიყვე ამის შესახებ?

ახლა დამიდგა მორიგი გაფართოების დრო. ჯერ ვერ ვხედავ საით მივყავარ, მაგრამ განცდაა, რომ მეტი პასუხისმგებლობის აღების უნარი შემწევს უკვე მსუბუქად. რომ ამისთვის მომწიფდა სათბურში მყოფი პიროვნების ნაწილი. ძველი გზები ნელ-ნელა თითქოს ან იხურება, ან სხვაფერდება და შემოდის მეტი გარე ქმედების გამბედაობის მოთხოვნა. ბოლო დროს მტკიოდა, რომ ის, რასაც ვაკეთებ, ძალიან ცოტაა იმ ტემპთან შედარებით, რომელშიც ახლა იმყოფება ჩვენი ცივილიზაცია; რომ ახლა უფრო გაბედული ქმედებების, ცვლილებების, გადაწყვეტილებების დროა; აღარაა არც ძილის, არც ენერგიის დაზოგვის, არც საკუთარ სიმშვიდეში იზოლირების დრო. თუნდაც იმიტომ, რომ აქ არიან და მოდიან შემდეგი თაობები. ამიტომ ჩემთვის ყველაზე ძლიერი მოტივაცია იმ ბავშვებზე ზრუნვაა, ვინც ჩვენ შემდეგ დაიბადნენ და იბადებიან. მათ შევუქმნათ რეალობა, სადაც ცხოვრებისგან არც ვირტუალურ სამყაროში, არც ნივთიერებებში, არც ბრაზში გაქცევა არ მოუნდებათ, სადაც ისუნთქებენ და იხარებენ თავისუფლად, არ დაიტანჯებიან ჩვენი შეცდომების გამო – ცვლილებები გვჭირდება როგორც სოციალურ, ინტელექტუალურ, ცნობიერების მდგომარეობის დონეზე, ასევე მატერიალურად – რესურსების გადააზრებით, ბუნებრივი გარემოს, პლანეტაზე ადამიანის პოზიციის აღქმით და ა.შ. თან ყველანი ბავშვები ვართ, ვაცნობიერებთ თუ არა, ჩვენ ყველას ჰაერივით გვჭირდება ცვლილებები, მეტი სიკეთე, მეტი სიცხადე, მეტი სილაღე, სიყვარული, მშვიდობა ერთმანეთთან და სიცოცხლით ტკბობის შესაძლებლობა.

ტექსტი: თაკო დარახველიძე

ფოტო: მაკა მეგრელიძე

სრულად წაკითხვა