#OK! წარმატებიდან წარმატებამდე ახალი იდეები ჩნდება თეიმურაზ მალანიას პროფესიული გზა და დიდი მიზნები

1 week ago 10

დღევანდელი ჩემი რესპონდენტი მიზანდასახული, მაქსიმალისტი და საინტერესო ადამიანია. წარმატებული პროფესიული კარიერის პარალელურად ის სხვადასხვა სფეროთიც ინტერესდება და ცდილობს მაქსიმალური შედეგი აჩვენოს ყველა მიმართულებით. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ პროფესიით იურისტს – თეიმურაზ მალანიას, დიდი მიზნებით, საინტერესო ხედვითა და მრავალმხრივი მისწრაფებებით.

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ადრეულ ასაკში სრულიად სხვა მიმართულებით ვიყავი გატაცებული, კერძოდ მიტაცებდა: სემიოტიკისა და ლინგვისტიკის სფერო (ამ საკითხების ირგვლივ არაერთი ნაშრომიც მაქვს გამოქვეყნებული, მათ შორის ბეჭდური სახითაც). თუმცა სკოლის ბოლო კლასებში შემეცვალა გარკვეული პრიორიტეტები, გადავაფასე ჩემი არჩევანი და გადავწყვიტე იურიდიულზე ჩაბარება. ეს ის სფეროა, რომელიც ძალზე ფართო თვითრეალიზების საშუალებას იძლევა, გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით და გასწავლის პრინციპების დონეზე აზროვნებას. იურიდიულ სამყაროში ყოველი ძირითადი უფლება ერთგვარი პრინციპია, რომელსაც განუხრელად იცავ და იცავ მას არა მხოლოდ როგორც დარგის სპეციალისტი, არამედ იცავ შენივე ცხოვრების წესით. გარდა ამისა, წმინდა პრაგმატული თვალსაზრისითაც ეს სფერო დადებითად უნდა შეფასდეს. რამდენადაც კომპლექსურად იცნობ საკითხს და რამდენადაც კვალიფიციურ მომსახურებას გასწევ, პირდაპირპროპორციულად მით მეტია შენი ანაზღაურებაც. და, რაც მთავარია – არ ხარ დამოკიდებული რომელიმე ვიწრო სეგმენტზე და არ გიწევს მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, – თუ როდის გამოჩნდება რომელიღაც პოტენციური დამსაქმებელი და როდის გაისვრის ავრორა შენთვის.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს პროფესიულ არჩევანში ბევრ ადამიანს მიუძღვის წვლილი. ყოველთვის ვცდილობდი გარშემო მყოფთა გონივრული რჩევების გათვალისწინებას, რასაც ნამდვილად არ ვნანობ, რომ იმ კონკრეტულ ადამიანებს დავუგდე ყური თავის დროზე და დღემდე მადლობას ვუხდი მათ უწყვეტი, უანგარო გულშემატკივრობისა და გვერდში დგომისთვის.

როგორი იყო თქვენი პროფესიული გზა?

ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა ამ ფორმატის ფარგლებში ყველა დეტალს ვერ გავაჟღერებთ, ბუნებრივია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფინანსებით ჩავაბარე და აქტიურად ჩავები საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. იმ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები, არაერთგზის მოვიპოვე გამარჯვებულის სტატუსი, იყო სტიპენდიებიც, საგრანტო პროექტებიც და ა.შ. ერთი სიტყვით, ეს გახლდათ საკმაოდ კარგი სასტარტო გამოცდილება. შემდგომ დავაფუძნე ორგანიზაცია კოლეგებთან ერთად, რომლის განვითარებაშიც დიდი დრო, ენერგია და რესურსი ჩავდეთ. ეს იყო 6-7 წლის წინ… წარმატებებთან ერთად, ბუნებრივია, იყო წარუმატებელი ნაბიჯებიც, როგორც ყველა პროფესიაში ხდება.

დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ სპეციალური მომზადების პროგრამას, რომელიც განკუთვნილია შსს აკადემიის აპლიკანტებისთვის. მან ბოლო ორი წლის განმავლობაში სამასამდე ადამიანს შეუწყო ხელი საკუთარი ნიჭის, ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენაში, უწყებრივ დონეზე. არ შემიძლია არ აღვნიშნო, თუ როგორ ვამაყობ, როგორც პროგრამის ხელმძღვანელი, რადგან მართლაც, ბევრისთვის სასიკეთო საქმეში ვმონაწილეობ.

თქვენ ასევე ბიზნესსფეროთიც ხართ დაინტერესებული…

დიახ, გარდა იურიდიული საქმიანობისა, იმავდროულად ვოპერირებ ბიზნესსფეროშიც, კერძოდ, ვგულისხმობ სასმელი პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას Sweet King + , რომლის დირექტორიც გახლავართ. ჩვენი საწარმოს ტექნოლოგები ამზადებენ გამორჩეული არომატების მქონე იშვიათ პროდუქტებს იშვიათი ნედლეულებისგან! მომხმარებელს ვთავაზობთ წვენების, კოქტეილების, ენერგეტიკული სასმელებისა და პუდინგების ფართო ასორტიმენტს. ეს არის ადგილობრივი წარმოება და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან უპირატესობას ვფლობთ. კომპანია, დამატებითი ინვესტიციების საფუძველზე, მნიშვნელოვნად გეგმავს გაფართოებას უახლოეს ხანებში. გვახარებს ის ფაქტიც, რომ ინტერესი და მომართვიანობა მუდმივად მზარდია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან. ეს, თავის მხრივ, ნათლად მეტყველებს საქმის პერსპექტიულობაზეც.

მაქსიმალისტი ხართ?

ცალსახად და უპირობოდ. პერფექციონიზმი ბავშვობიდან თან მდევს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა დეტალი, რადგან მათში იმალება სწორედ გასაღებიც და მხოლოდ ასე პოულობ შენი თავის და შენი საქმის საუკეთესო ვერსიასაც.

მე ასე მესმის, თუ საქმეს ვკიდებ ხელს, ის ბოლომდე უნდა მივიყვანო და ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

როგორც ყველა თვითკრიტიკული ადამიანი, მეც ვიტყოდი, რომ მიღწეულით კმაყოფილი არასდროს არ ვარ და წარმატებიდან წარმატებამდე ჩემთვის მხოლოდ ახალი იდეები და ამ იდეათა განხორციელების დაუოკებელი წყურვილია. სხვა არაფერი მამოძრავებს!..

რა გაბედნიერებთ?

არისტოტელეს ადამიანის არსებობის უმაღლეს მიზნად მიაჩნდა ბედნიერება და ჩემთვის ეს ბედნიერება ნიშნავს, რომ იყო წარმატებული და შენი წარმატებით შემდგომ უსაზღვროდ ბედნიერს ხდი ასევე შენს უახლოეს გარემოცვასაც, ხოლო უცხოებისთვის არაერთი დაუყვედრებელი სიკეთის კეთების შესაძლებლობა გეძლევა.

რაც უფრო მეტად იპყრობ წარმატების მასშტაბებს, მით უფრო ძლიერი ბერკეტი გიჭირავს ხელში, დიადი – სახალხო და ზოგადსაკაცობრიო იდეების სისრულეში მოსაყვანად.

ვინ ან რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?

ჩემი მთავარი მოტივატორი არის სხვა ადამიანი. დიახ, მე ვაკვირდები და უდიდეს ყურადღებას ვაქცევ თავად ადამიანის ფენომენს, ქცევას, მის რაობას, ეგზისტენციალიზმს… და მაქვს ასეთი მარტივი ფორმულა: თუ ეს შეძლო რომელიღაც X ადამიანმა, მაშასადამე, ეს ზოგადად შესაძლებელი ყოფილა და მაშინ რატომ ვერ უნდა შევძლო მე?!

აუცილებელია, მაღალი თამასა დაუწესო საკუთარ თავს. დღევანდელი თანამედროვე სოციალური გარემო სწორედ ამას გავალდებულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შენც, ადრე თუ გვიან, გახდები ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ჩაგრავს ძლიერი სუსტს. ეს ყველაზე ვერაგი წესია, რომელსაც თვალი დროულად თუ არ გაუსწორე, მუდმივი კრახისთვის ხარ განწირული.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და თუ უკავშირდება ის პოლიტიკას?

მე ყოველთვის მაქვს ერთი მთავარი გეგმა – განვითარება, განვითარება, ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით. და დიახ! ჩემი მთავარი მოწოდების სფერო გახლავთ პოლიტიკა. ყველაზე უმადური სფერო, მაგრამ იმავდროულად, ყველაზე საინტერესოც. დანარჩენ დეტალებს აქ არ და ვერ განვავრცობ, გასაგები მიზეზების გამო.

რა რჩევას მისცემდით კარიერისა და საქმიანობის საწყის ეტაპზე მყოფ ადამიანებს?

პირველი – მოერიდეთ უპასუხისმგებლო და ზარმაც ადამიანებთან ურთიერთობას და ნუ იმეგობრებთ „ყველასთან“. ისინი თქვენ, უბრალოდ, დაგღუპავენ!..

და მეორე: გახსოვდეთ, რომ ნაპოლეონმა თავის დროზე თქვა: „ჩემს ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა „შეუძლებელია“.

დიახ! თქვენც შეგიძლიათ იქონიოთ ერთი ასეთი ლექსიკონი საკუთარ თავთან ყოველდღიური მუშაობის შედეგად!..

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა