#OK!12 რაუნდი MIND LIKE A CHAMPION

4 weeks ago 19

სავარჯიშო დარბაზი – „12 რაუნდი“ უკვე გაიცნო OK!-ს მკითხველმა. ამჯერად სკოლის შესახებ უნდა გიამბოთ, რომელიც 2024 წლის თებერვლიდან ოპერირებს ბაზარზე და გახსნის დღიდან შეძლო უამრავი ადამიანის დაინტერესება, რადგან საზოგადოებას სთავაზობს როგორც მწვრთნელთა მომზადება-გადამზადების კურსებს, ასევე საბაზისო კურსებს ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს საკუთარი სხეული და შეარჩიოს მასზე მორგებული ვარჯიშები. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით OK! „12 რაუნდის“ თანადამფუძნებელსა და დირექტორს, ბაჩო წიკლაურს და „12 რაუნდის“ საბურთალოს ფილიალის მენეჯერს, ჯგუფური და პერსონალური ვარჯიშების მწვრთნელს, ნათია ღარიბაშვილს პირადად ესაუბრა.

რამდენი ხანია, რაც სკოლა დააფუძნეთ და საიდან გაჩნდა იდეა?

სკოლამ ფუნქციონირება თებერვალში დაიწყო. იდეას რაც შეეხება, ძალიან დიდი ხნის წინ დამებადა. გამომდინარე იქიდან, რომ დარბაზში გვყავს მწვრთნელები და გასაუბრებების ეტაპს თავად ვატარებ, ხშირად გარკვეულ კითხვებზე, რაც ამ სფეროში მნიშვნელოვანია, საკმარის პასუხს ვერ ვიღებდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეფუძნებინა სკოლა, სადაც ნებისმიერი ადამიანი ამომწურავად გაივლიდა ანატომიას, ნუტრიციოლოგიას, კუნთის ბიომექანიკას, ფიზმომზადებას, უსაფრთხოების ნორმებს, პოსტრავმულ შემთხვევებს. შესაბამისად, დავაარსეთ სკოლა, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა მოქმედი სავარჯიშო დარბაზის მოთხოვნას. რომ შევაჯამოთ, ეს არის მწვრთნელების მომზადებისა და გადამზადების სკოლა, სადაც ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია კურსის გავლა, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს ვარჯიში ან წარმოდგენა შეიქმნას სავარჯიშო სისტემებსა და ანატომიასთან დაკავშირებით.

როგორია დაინტერესება საზოგადოების მხრიდან?

ინტერესი მანამდეც იყო, სანამ სკოლა გაიხსნებოდა. გახსნის შემდგომ კი, პირველივე მარკეტინგული კამპანიის შემდეგ, ძალიან მალე სრულად დაკომპლექტდა ორივე ჯგუფი. ამ ეტაპზე ერთი ჯგუფი ასრულებს პრაქტიკულ ნაწილს, ხოლო მეორე, რომელიც მწვრთნელების მომზადებას და გადამზადებას მოიცავს, იწყებს პრაქტიკულ ნაწილს.

ვინ ატარებს სალექციო კურსს?

სალექციო კურსის თეორიულ ნაწილს ვუძღვები მე, ხოლო პრაქტიკულს ჩემთან ერთად ნათია ღარიბაშვილი, რომელიც საკუთარი საქმის პროფესიონალი, „სითი მოლის“ ფილიალის მენეჯერი, მოქმედი მწვრთნელია, ასევე, საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი ფიტნეს ბიკინის კატეგორიაში.

რამდენად მნიშვნელოვანია სწორად ვარჯიში?

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორად ვარჯიში, შევქმენით კურსის ორი მიმართულება – მწვრთნელებისთვის და საბაზისო, ანუ მათთვის, ვინც მწვრთნელის დახმარების გარეშე ვარჯიშობს.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როდესაც იცი, რომელ ვარჯიშს რისთვის და როგორ აკეთებ. უნდა ვიცოდეთ ჩონჩხის ანატომია, კუნთის ბიომექანიკური ფუნქციები, ნუტრიციოლოგიის საფუძვლები, რაც მოიცავს ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების მნიშვნელობას ჩვენი ორგანიზმისთვის.

რამდენ ხანს გრძელდება კურსი?

საბაზისო კურსის ხანგრძლივობა 6-7 კვირაა და მოიცავს 12 ლექციას. ამ კურსის მიზანია თითოეულმა დაინტერესებულმა პირმა საფუძვლიანად მიიღოს ყველა კითხვაზე პასუხი.

ხოლო მწვრთნელის კურსი გრძელდება 10 კვირის განმავლობაში, რომელიც მოიცავს როგორც შუალედურ ტესტებს, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. შემაჯამებელი გამოცდის დროს კურსდამთავრებულებს გადავცემთ შესაბამის სერატიფიკატს, რომელიც არის ადგილობრივი.

აქვე აღსანიშნავია, რომ დღიდან პირველი ლექციისა, მსმენელებს უაქტიურდებათ აბონემენტი „12 რაუნდის“ ორივე ფილიალში, რაც დამატებით აძლევთ მათ შესაძლებლობას, პრაქტიკაში შეუზღუდავად გამოცადონ ყველა ის საკითხი, რასაც თეორიული ლექციების დროს ისმენენ.

„12 რაუნდი“ ტერიტორიულად მდებარეობს ჭავჭავაძის 72 ნომერში. ვაკის ფილიალში ტარდება პრაქტიკული ნაწილი, პლაზას შენობაში – თეორიული ნაწილი, სადაც 3D მონიტორებში შუქდება ადამიანის ანატომია და თეორიული მასალა.

გვიამბეთ სკოლის შესახებ. რას მოიცავს თქვენი კურსი?

(ნათია ღარიბაშვილი): ჩვენი სკოლა უბრალოდ ფიტნესინსტრუქტორების მომზადებაზე არ არის ორიენტირებული. ჩვენი მთავარი მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ყველა იმ საკითხზე, რაც სპორტდარბაზში ხდება. ამიტომაც შევქმენით ორი სხვადასხვა კურსი: სამწვრთნელო და საბაზისო. სამწვრთნელო კურსზე ხდება პროფესიონალურ დონეზე სწავლება ყველა იმ აუცილებელი თემის, რაც ფიტნესისა და სპორტის ნებისმიერ სახეობაში სჭირდება ადამიანს. ხოლო საბაზისო კურსი გაცილებით ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი. მისი გავლა ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია. ეს არის კურსი, რომელიც ეხმარება ადამიანებს, აღიქვან, რას ნიშნავს სინამდვილეში ჯანსაღი ცხოვრების წესი და დამოუკიდებლად შეძლონ როგორც კვების, ისე ვარჯიშების მიმართულებით საკუთარი თავის განვითარება.

რამდენად მნიშვნელოვანია ამ და სხვა მსგავსი კურსების არსებობა საზოგადოებისთვის ცნობიერების ასამაღლებლად?

მიუხედავად იმისა, რომ წლები გადის, ტექნოლოგიები ვითარდება, სპორტდარბაზების რაოდენობა მატულობს, ინფორმაციის მოძიება მარტივდება – ბაზარზე მაინც მწვავედ დგას ცოდნის პრობლემა როგორც მთლიანად საზოგადოებაში, ისე თვითონ ფიტნესსამყაროსა და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა შორის. სოციალურად აქტიური სტატუსის გამო ყოველდღიურად ათობით წერილს ვიღებ მთელი ქვეყნის მასშტაბით და სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ, რამდენად სავალალო მდგომარეობაა ქვეყანაში ამ მიმართულებით. ქვეყანაში, სადაც ისევ შიმშილს, ბულემიას მიმართავენ წონის დასაკლებად, ნახშირწყლების ეშინიათ იმის გამო, რომ არ იციან, რა რისთვისაა საჭირო. ფიტნესსამყაროზეც პირდაპირ გეტყვით – ის, რომ მე, ინდივიდი, კარგად ვვარჯიშობ ჩემთვის, სპორტულად გამოვიყურები, არ არის საკმარისი მიზეზი იმისა, რომ სხვებიც ვავარჯიშოთ და დავიწყოთ მწვრთნელად მუშაობა. დღეისათვის კი სპორტდარბაზებში მწვრთნელის სამსახურში ასაყვანად ეს 2 ფაქტორია გადამწყვეტი და, 1-2 დანამატიც თუ ეცოდინება, ხომ საერთოდ, გარანტირებული აქვს მუშაობის დაწყება. ვიღაც იტყვის: „მწვრთნელის სერტიფიკატი მაქვს“. მე კი გეტყვით, რომ მაგისტრის დიპლომი მაქვს იურისპრუდენციაში, ათობით სერტიფიკატი, მაგრამ მოსამართლედ ვერ ვიმუშავებ. მთავარია სწორი ცოდნა, მუდმივად განვითარება, სიახლის ძიება და არა თაროზე შემოდებული სერტიფიკატი.

რატომ უნდა ავირჩიოთ „12 რაუნდი“?

ვინც პიროვნულად გვიცნობს, ამ კითხვაზე პასუხი უკვე აქვს. ვინც არ გვიცნობს, უბრალოდ, სკოლის დაარსების მთავარ იდეას გეტყვით: ჩვენ გვინდა ის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც წლების მანძილზე დაგვიგროვდა, ადამიანებს გავაგებინოთ, ვასწავლოთ, რეალობას შევახვედროთ, მითები/ცრუწარმოდგენები დავუმსხვრიოთ, ვაჩვენოთ, რომ არცთუ ისე ამოუხსნელ ამოცანასავით არის ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, თუ გეცოდინება, რა როგორ მუშაობს.

როგორ ვაქციოთ ვარჯიში ჩვენი ცხოვრების წესად?

დღევანდელობაში, როდესაც ყოველ ნაბიჯზე ჯანქფუდია, ადამიანების უმრავლესობას ჯდომითი სამსახური აქვს, ყოველ მეორეს ხერხემლის, სახსრების პრობლემა აწუხებს – მგონი, ამ კითხვაზე პასუხი თავისთავად ცხადია. უბრალოდ, ადამიანები ყოველდღიური ცხოვრების რიტმს ისე არიან აყოლილები, რომ საკუთარი ჯანმრთელობა ყურადღების მიღმა რჩებათ. უმრავლესობას ჰგონია, რომ აი, ვარჯიშობს, სწორად იკვებება, ე.ი. დიდხანს იცოცხლებს… ამ დროს ცხოვრების ხანგრძლივობა ამ ყველაფერთან არაფერ შუაშია. ვის რა ელოდება წინ, არავინ იცის. აი, ცხოვრების ხარისხი კი 100%-ით მასზეა დამოკიდებული. უკვე დროა, ადამიანებმა გააანალიზონ, რომ ვარჯიშიც ისევე აუცილებელია დღეს, როგორც ძილი, კვება, წყლის გადავლება, სახლის დალაგება და ა.შ. ეს არის სხეულის ახალგაზრდობის შენარჩუნების, მისი გამართული ფუნქციონირების ერთადერთი გზა. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ყოველდღე, 3-4 საათის დარბაზში გატარებაზე, რაც მართლა შეუძლებელია. კვირაში 3-4 დღე, თითო-თითო საათი, მგონი, ღირს იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს ვიყოთ ჯანმრთელები და ლამაზები.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე, წაიკითხეთ:

#OK! 12 რაუნდი – MIND LIKE A CHAMPION

სრულად წაკითხვა