ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ განსხვავებული კონცეფციის ქართულ ბრენდს, Berétélley, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა და უკვე შეძლო საზოგადოების ყურადღების მიქცევა. მისი უნიკალურობა ისაა, რომ ბრენდი მომხმარებელს თავიდან ბოლომდე მრავალსაუკუნოვანი ღვინის კულტურაში, სურნელოვან ხელოვნებასა და დაუვიწყარ მოგონებებში ამოგზაურებს. საიდან გაჩნდა იდეა, როგორ შეიქმნა პირველი სუნამო, რა იყო არომატების შთაგონების წყარო და სხვა საინტერესო კითხვებზე Berétélley-ს დამფუძნებელი, კოკა გოგიჩაშვილი გვიამბობს.
უპირველესად, გაგვაცანით Berétélley. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და საიდან გაგიჩნდათ იდეა?
თავდაპირველად გეტყვით, რომ Berétélley ჩემთვის მხოლოდ სუნამო არ არის, ესაა ისტორია, რომელიც ღვინის კულტურას, სურნელოვან ხელოვნებასა და მოგონებებს აერთიანებს. კომპანია Berétélley სულ რამდენიმე თვეა, რაც შეიქმნა, თუმცა უკვე მოიპოვა მომხმარებლის სიყვარული და ხალხში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
სუნამოს შექმნის იდეა გაჩნდა მაშინ, როცა აღმოვაჩინე, თუ რამდენად ღრმა და ემოციური კავშირი შეიძლება ჰქონდეს ღვინის არომატებს ადამიანთან, მითუმეტეს, ქართველთან.
ჩემი მთავარი პროფესია ნეიროქირურგიაა, შესაბამისად, ვიცი, რა კავშირია სუნსა და ემოციებს შორის. სწორედ აქ გაჩნდა პირველი იდეა – სურნელის საშუალებით გამეცოცხლებინა მოგონებები. ამასობაში, ღვინის სამყარომაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ქართული ღვინო მარტო სასმელი არ არის, ის ტრადიციაა, ხელოვნება, ფილოსოფია. ღვინის ფერმენტაციის პროცესმა, ხანგრძლივმა დავარგებამ და მუხის კასრებში შენახვამ დამაფიქრა: რატომ არ შეიძლებოდა ღვინის ეს უნიკალური, არომატული პროფილი სუნამოს სახით შემექმნა, მეტადრე, რომ ამ პროდუქტის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.
პირველი ცდა იყო ექსპერიმენტი. დავიწყე სხვადასხვა ნოტის ერთმანეთთან შერწყმა – ყურძნის ნაზი სიტკბო, მუხის კასრების სიღრმე, დაძველებული ღვინის ცოცხალი არომატი, ვაზის ეთერზეთი და ველური მცენარეები – ეს ყველაფერი ფრთხილად უნდა დამებალანსებინა, რათა სუნამოსთვის მიმეცა არა უბრალოდ „ღვინის სურნელი“, არამედ გრძნობა, რომელიც ღვინის სამყაროში ჩაგძირავდა.
ეს პროცესი იყო რაღაც ქირურგიული და მხატვრული ერთდროულად – როგორც ოპერაციისას აუცილებელია მაქსიმალური სიზუსტე, აქაც თითოეულ ინგრედიენტს განსაკუთრებული როლი ჰქონდა. ბალანსის პოვნა მარტივი არ იყო. მინდოდა, რომ „ბერეთელი“ ყოფილიყო დელიკატურად რთული, ელეგანტური, მდიდარი და მეხსიერებაში ჩაბეჭდილი სურნელი.
პირველი პროტოტიპი რომ შეიქმნა და შევიგრძენი მისი კომპლექსურობა, მაშინ მივხვდი – ეს არ იყო უბრალოდ სუნამო, ეს იყო სურნელოვანი მოგონება, ღვინის ისტორიის ხელახალი და ალტერნატიული გზით გადმოცემა.
ასე დაიბადა „ბერეთელი“ – არა უბრალოდ პროდუქტი, არამედ სურნელი, რომელიც მოგონებებს აღვიძებს, სიღრმესა და დახვეწილობას ქმნის, ღვინისა და ისტორიის შერწყმის უნიკალურ განცდას გვაძლევს.
უფრო ვრცლად გვიამბეთ, რას სთავაზობთ საზოგადოებას?
Berétélley უნიკალურია, რადგან იგი ღვინისა და სუნამოს სამყაროს აკავშირებს. მისი სურნელი ეფუძნება ვაზის ნატურალურ ნოტებს – ღვინის თბილ ტონებს, მუხის კასრების არომატს, ყურძნის სიტკბოსა და ველური ბალახეულის მსუბუქ სიმწარეს. ამავდროულად, ის ნოსტალგიურია და ბრწყინვალედ გამოხატავს ღვინის ესთეტიკას. საზოგადოებას ვთავაზობთ სურნელს, რომელიც, სტანდარტული სუნამოებისგან განსხვავებით, მდიდარ ისტორიას გადმოსცემს, აქვს ხასიათი. სუნამო არ გახლავთ ყოველდღიური გამოყენებისთვის, მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვისხამთ, მაშინ, როდესაც გვინდა, რომ ამა თუ იმ მომენტს რაღაც უფრო მეტი შევძინოთ.
რა იყო თქვენი არომატების შთაგონება?
სუნამოს შექმნის მთავარი შთაგონება ქართული ღვინის კულტურაა, რეტრო ესთეტიკა და ის სურნელოვანი მოგონებები, რომლებიც დროის განმავლობაში რჩება. „ბერეთელი“ შეიქმნა იმისთვის, რომ სურნელმა შეძლოს მოგზაურობა წარსულსა და მომავალს შორის – თითქოს ღვინის ძველ მარანში იმყოფები, სადაც თითოეული არომატი მოგონებებს აღვიძებს. მინდოდა ჩემს სურნელს ისტორია მოეყოლა. ვფიქრობ, გამომივიდა.
სად იწარმოება?
სუნამო არტიზანულია. იგი თავიდან ბოლომდე, სუნამოს ბაზირებიდან მის შეფუთვამდე, ხელით მზადდება. სწორედ ამიტომაა სუნამო უნიკალური, თითოეული ბოთლი თავის ისტორიას ჰყვება. სუნამოს ბაზად ქართული ვაზის ეთერზეთს, ღვინის სპირტსა და წიპწის ზეთს, ხოლო არომატებად „საფერავს“, ბერგამოტს, შავ მოცხარს, მიხაკს, ვარდს, იას, ვეტივერიას, კედარს, პაჩულს, ლაბდანიუმს, ვანილსა და თამბაქოს ვიყენებთ. ასე იქმნება ჩვენი სურნელოვანი ისტორია.
სად და როგორ არის შესაძლებელი თქვენი პროდუქციის შეძენა?
სუნამოს შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ბრენდის საიტიდან შეიძლება. სუნამოს მახასიათებლებს შეგიძლიათ ოფიციალურ გვერდზე Beretelley.com გაეცნოთ, აქვე შეძლებთ სუნამოს შეძენასაც.
არომატებზეც მოგვიყევით.
სუნამო უნისექსია, მისი გამოყენება ორივე სქესს შეუძლია. სუნამოს ტონები თბილი, ღრმა ხასიათისაა. სურნელი კომპლექსური, მრავალფეროვანი და ძლიერია, გვიანი შემოდგომისა და ზამთრის ხასიათს ატარებს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ბრენდი განვითარების ეტაპზეა, ხალხის სიყვარულიდან და დადებითი უკუკავშირიდან გამომდინარე, არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას. სულ მალე საზოგადოება კიდევ ერთ სურნელს გაიცნობს: მაისში ქალბატონებისთვის ჩემი ახალი სუნამო movamaisi გამოვა. ვგეგმავთ სუნამოს საზღვრებს გარეთ გატანასაც. მიზანი არის, გეგმაც გვაქვს, ნაბიჯებიც იდგმება.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი