თბილისის გულის ცენტრი“ დაარსდა როგორც კარდიოლოგიური კლინიკა, თუმცა დღეს უკვე მრავალპროფილური სამედიცინო სივრცეა, სადაც პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპლექსურად ხდება. ჟურნალი OK! „თბილისის გულის ცენტრის“ გენერალური დირექტორს, ლიკა ფიფიას ესაუბრა, რომელიც იმ გზას გვიზიარებს, რომელმაც ცენტრი სრულფასოვან სამედიცინო დაწესებულებამდე მიიყვანა.
რა იყო „თბილისის გულის ცენტრის“ თავდაპირველი ხედვა და როგორ გაფართოვდა მისი საქმიანობა სხვა მიმართულებებშიც?
„თბილისის გულის ცენტრი“ დაარსდა როგორც მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური კლინიკა, რომლის მთავარი მიზანი იყო საქართველოსა და რეგიონში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვის თანამედროვე, დასავლური სტანდარტების დანერგვა. ჩვენი მთავარი ფოკუსი კომპლექსურ კარდიოქირურგიულ ოპერაციებსა და ინტერვენციულ კარდიოლოგიაზე იყო მიმართული.
დროთა განმავლობაში შევამჩნიეთ, რომ პაციენტების ჯანმრთელობის სრული სერვისისთვის აუცილებელი იყო კომპლექსური მიდგომა. გულის დაავადებები ხშირად დაკავშირებულია სხვა სისტემურ პრობლემებთან. ამიტომ თანდათანობით დავამატეთ ახალი მიმართულებები, როგორიცაა:
- არითმოლოგია;
- ენდოკრინოლოგია;
- ზოგადი ქირურგია;
- სისხლძარღვთა ქირურგია და ენდოვასკულური ქირურგია;
- თერაპია და შინაგანი მედიცინა;
- რეაბილიტაცია და პრევენციული მედიცინა;
- ონკოლოგია;
- უროლოგია;
- კლინიკური ლაბორატორია;
- მრავალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა;
- ამბულატორია;
- სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა.
ეს ეტაპობრივი გაფართოება ასახავს ჩვენს ერთგულებას პაციენტზე ორიენტირებული მედიცინისადმი, სადაც გულის ჯანმრთელობა სხეულის ჯანმრთელობისგან განუყოფელია.
რა ტექნოლოგიები ან მეთოდები გაქვთ დანერგილი სხვა მიმართულებებში, რომლებიც შეიძლება საზოგადოებამ არ იცოდეს?
„თბილისის გულის ცენტრი“ მუდმივად ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს. მათ შორის:
- მინიინვაზიური კარდიოქირურგია: მინიმალურად ინვაზიური ოპერაციები უმაღლესი სიზუსტით და სწრაფი აღდგენით;
- 3D გამოსახულების გამოსახულებითი კვლევები: გულის სტრუქტურების და სისხლძარღვების დეტალური, სამგანზომილებიანი ექოვიზუალიზაცია, რაც ქირურგებს ოპერაციის დაგეგმვაში ეხმარება;
- კომპლექსური კორონარული ინტერვენციული მეთოდები: გულის მკვებავი არტერიების სისხლძარღვთშიდა ექოსკოპია – IVUS, რომელიც გვეხმარება, რომ მინიმალური ჩარევით და სწრაფი რეაბილიტაციით მოხდეს კომპლექსური, მძიმე კორონარული არტერიების შევიწროების გამოსწორება;
- კორონარული არტერიების ფრაქციული ნაკადის რეზერვის შემოწმება – FFR: FFR (Fractional Flow Reserve) თანამედროვე, მინიმალურად ინვაზიური დიაგნოსტიკური მეთოდია, რომელიც გამოიყენება გულის მკვებავი არტერიების მოსაზღვრე შევიწროების (50-80%) დროს. ამ მეთოდის დახმარებით ზუსტად დგინდება, რამდენად იზღუდება სისხლის მიმოქცევა შევიწროებული უბნის მიღმა და არის თუ არა აუცილებელი კორონარული ინტერვენციის (სტენტირება ან შუნტირება) ჩარევა;
- ჰიბრიდული კომპლექსური ანგიოქირურგიული ოპერაციები: ეს არის ინოვაციური მიდგომა, რომელიც აერთიანებს ღია ქირურგიული ოპერაციის სიზუსტესა და მინიმალურად ინვაზიური, ენდოვასკულარული ჩარევის უპირატესობებს. ამ ტიპის ოპერაციები ტარდება სპეციალურ, მაღალტექნოლოგიურ ჰიბრიდულ საოპერაციო ოთახში, სადაც გაერთიანებულია ქირურგიული აღჭურვილობა და უმაღლესი ხარისხის სისხლძარღვოვანი გამოსახულების სისტემები (ანგიოგრაფი).
რა არის ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა ცენტრის შესახებ, რომლის შეცვლაც გსურთ?
ყველაზე მცდარი წარმოდგენებია: „თბილისის გულის ცენტრი“ განკუთვნილია მხოლოდ კარდიოლოგიური პაციენტებისთვის, ან ამ ცენტრში მკურნალობა ძალიან ძვირია“.
სინამდვილეში ჩვენი კლინიკა ორიენტირებულია კარდიოლოგიურ და არაკარდიოლოგიურ პაციენტებზე და მრავალი წელია სამკურნალო და დიაგნოსტიკური სერვისების პროფილის გაზრდას ემსახურება; თანაბრად მოიცავს როგორც პრევენციულ მედიცინას, ასევე დიაგნოსტიკას. ცენტრი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასა და სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობს, რაც პაციენტებისთვის ბევრ სერვისს ხელმისაწვდომს ხდის.
რა გეგმები გაქვთ მომავალში სხვადასხვა მიმართულების კიდევ უფრო განვითარებისთვის?
ჩვენი სამომავლო გეგმებია:
- ახალი მაღალტექნოლოტექნოლოური მკურნალობის მეთოდების დანერგვა სისხლძარღვთა ქირურგიაში;
- ინოვაციური რობოტული ჰიბრიდული კათეტერიზაციის ლაბორატორიის მოწყობა;
- სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის გაძლიერება – ადგილობრივი მონაცემების შეგროვება და საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა.
- საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციაზე.
- სარეზიდენტურო პროგრამების შექმნა კარდიოლოგიასა და სხვა მიმართულებებშიც.
- გულის სტრუქტურული დაავადებების მართვა თანამედროვე კორონარული ინტერვენციის გზით – ეს მიდგომა გულისხმობს სარქვლოვანი და არასარქვლოვანი გულის სტრუქტურული დაავადებების მკურნალობას ღია ოპერაციის გარეშე. პროცედურის დროს სისხლძარღვების გავლით, სპეციალური კათეტერების დახმარებით, გულთან მიაქვთ ამ დაავადებებისთვის განკუთვნილი მცირე ზომის იმპლანტები. ეს საშუალებას აძლევს სპეციალისტებს, აღადგინონ დაზიანებული სტრუქტურები გულმკერდის გაკვეთის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციის რისკებს და პაციენტის რეაბილიტაციის პერიოდს.
„ექიმი არის პროფესია უფლისგან, ექიმად უნდა დაიბადო“ – ლიკა ფიფიასთვის მედიცინა კარიერულ არჩევანზე მეტია. ეს არის მოწოდება, რომელიც ადამიანს დაბადებიდან აქვს და წლების განმავლობაში განუწყვეტელი სწავლით, პასუხისმგებლობითა და უსაზღვრო თანაგრძნობით კვებავს. სწორედ ეს ხედვა განსაზღვრავს მის მუშაობას ,,თბილისის გულის ცენტრში“ და აძლევს ძალასა და მოტივაციას, რომ ყოველდღიურად ემსახუროს პაციენტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ტექსტი: მარიამ ჩოქური
ფოტო: ალექსეი სეროვი