#OK! Doctors – თამარ თევზაძე

3 weeks ago 18

რატომ არის აუცილებელი გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი და რაში ეხმარება სოციალური ქსელები ექიმს, ამაზე უფრო ვრცლად OK!Doctors-ის სტუამრი მეან-გინეკოლოგი –  თამარ თევზაძე გვესაუბრება.

თამარ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

ექიმობა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომელიც მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობას და განვითარებას მოითხოვს. ექიმის პროფესიაზე ბავშვობაში არ ვოცნებობდი, რადგან ირგვლივ არავინ მყავდა ამ პროფესიის. სკოლის ბოლო წლებში, სრულიად შეგნებულად მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ გავმხდარიყავი ექიმი. ამ პროფესიის ადამიანი ერთდროულად საინტერესო, ჰუმანური და დიდი სარგებლის მომტანია სხვებისთვის, მათ შორის  ახლობლებისთვის.

ყოველდღიურად, როდესაც ჩემი მადლიერი პაციენტების ანთებულ თვალებს  ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ არ შევმცდარვარ პროფესიის არჩევაში.

ზოგადად ცნობილია, რომ ყველა პროფესიაში პირველი ნაბიჯები სირთულეებთან ასოცირდება, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

პირველი ნაბიჯები ექიმის პროფესიულ საქმიანობაში ყოველთვის ასოცირდება გამოცდილების არქონასთან და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის ქონასთან, თუმცა მე გამიმართლა, რადგან კარიერულ გზაზე შემხვდნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც იმაზე მეტად სჯეროდათ ჩემი, ვიდრე მე თავად.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში იყო – დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყება რაიონში – „ავერსის სამშობიარო სახლში“, სადაც სრულად ვიყავი პასუხისმგებელი სამეანო განყოფილების მორიგე ბრიგადის მუშაობაზე. ჩემი ჩვეული გარემოდან და მეგობარ-კოლეგებისგან მოშორებით ვმუშაობდი. ამ რაიონში მუშაობამ მომცა ზუსტად ის გამოცდილება და გადაწყვეტილებების თამამად და გაბედულად მიღების უნარი, რაც ასე სჭირდება ამ ურთულესი პროფესიის ადამიანს.

როგორ ფიქრობთ, რა არის ის აუცილებელი თვისება, რაც ექიმს სჭირდება

ექიმს და მით უმეტეს, გინეკოლოგს უნდა ჰქონდეს თანაგრძნობის უნარი. გინეკოლოგია ძალიან ინტიმური სფეროა, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმს და პაციენტს შორის იყოს ნდობა. ექიმი უნდა იყოს ყურადღებიანი, დაკვირვებული, მაქსიმალურად ეცადოს ქალს, გოგონას შეუქმნას კომფორტული გარემო, რადგან მას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ხშირად მოუწევს   ურთიერთობა გინეკოლოგთან.

რატომაა გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი საჭირო?

ბევრი ჩემი ნაცნობი და მეგობარი ერიდება გინეკოლოგთან ვიზიტს, ვინაიდან ეს მათთვის უხერხულობასთან და არასასიამობნო შეგრძნებებთან ასოცირდება. ექიმთან მიდიან მაშინ, როდესაც უკვე დაავადების სიმპტომები აქვთ, ან ორსულობასთან და კონტრაცეფციასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, გინეკოლოგთან რეგულარულ ვიზიტებს აქვთ ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა – ის თავიდან აგაცილებთ მომავალში ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებებს და დაგეხმარებათ თქვენი ქალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

რეკომენდირებულია, ყოველწლირად ჩაიტაროთ გინეკოლოგთან ვიზიტი, რომელიც ასაკიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე განსაზღვრავს, თუ რა გამოკვლევები გჭირდებათ და მომავალში როგორ დაგეგმოთ თვენი ცხოვრების წესი, რათა  თავიდან აიცილოთ მთელი რიგი დაავადებები.

ჩვენს საზოგადოებაში მეტწილად ტაბუირებულია საუბარი სქესობრივ ჯანმრთელობაზე. როდის უნდა ვესაუბროთ გოგონებსა და ბიჭებს სქესობრივ ცხოვრებაზე, კონტრაცეფციასა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე?

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად სქესობრივ ჯანმრთელობაზე საუბარი ტაბუირებულია, მომავალი თაობა უფრო მზადაა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. ამიტომაც არის მოწოდებული პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან ჩატარდეს ადრეულ ასაკშივე, რომლის დროსაც ძირითადად ხდება ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც მოზარდებს აინტერესებთ: ჯანმრთელობის, ცხოვრების წესის შესახებ, მენსტრუალურ პერიოდზე, ვაქცინაციაზე, პირველ სქესობრივ გამოცდილებაზე და ა.შ.

რა ასაკში შეგიძლია გინეკოლოგთან ვიზიტი?

პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან სასურველია რომ ჩატარდეს 13-15(17) წლამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ასაკიდან  მიიღონ გოგონებმა სათანადო ცოდნა და დახმარება უშუალოდ სპეციალისტისგან  –  გინეკოლოგისგან .

როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

ძირითადად მეგობრების გარემოცვაში მსიამოვნებს დროის გატარება, მათთან ერთად ბუნებაში გასვლა.

მყავს 23 წლის გოგონა, რომელიც ჩემი საუკეთესო მრჩეველი და მეგობარია. ორივე ძალიან ვაფასებთ იმ წუთებს, როდესაც ჩვენ ორი განვმარტოვდებით და ერთმანეთს ვუზიარებთ ახალ ამბებს და სამომავლო გეგმებს.

დროის დეფიციტიდან გამომდინარე ხშირად ვერ ვახერხებ, მაგრამ პერიოდულად მაინც ვუბრუნდები ხოლმე სპორტულ აქტივობებს, განსაკუთრებით მიყვარს ცურვა. ჩემი სტიქია წყალია და ჯანმრთელობასთან ერთად სულიერ სიმშვიდესაც მანიჭებს.

თამარ, ხართ თუ არა აქტიური სოციალურ ქსელში?

სამსახურიდან თავისუფალ დროს ან მუშაობის პარალელურად, ვმართავ ჩემს სამედიცინო გვერდს. მოგეხსენებათ, ინტერნეტი არის ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა, რომ მკითხველამდე  მიიტანო შენი სათქმელი. ძალიან დამეხმარა ინსტაგრამ პლატფორმა, Doctor_tamuna – ეს არის ის გვერდი, სადაც ჩემს გამომწერებს ვაწვდი საჭირო და აუციელებელ ინფორმაციას ქალების ჯანმრთელობის შესახებ.

ბევრი გამომწერი მყავს, მათ შორის ემიგრანტები. არის შემთხვევები, როდესაც მათ ხელი არ მიუწვდებათ სამედიცინო დახმარებაზე, რიგი მიზეზების გამო, ვერ მიმართავენ ექიმს. ამ დროს კი მე შეძლებისდაგვარად ვცდილობ დისტანციურად დავეხმარო მათ.

გარდა ამისა, ამ პლატფორმის საშუალებით, ორსულთა სკოლის ლექციებს ვატარებ, რომლის გავლა ყველა მომავალ დედას შეუძლია სახლიდან გაუსვლელად. ეს ლექციები ქართულ ონლაინ სივრცეში უნიკალურია, ვეხმარებით ბევრ გოგონას მშვიდად, საკუთარი თავის დიდი რწმენით და გააზრებულად შეხვდეს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ადამიანის ცხოვრებაში – შვილის დაბადებას. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემი შრომა ფასდება და გოგონებისგან ბევრ გამოხმაურებას ვიღებ, თუ რაოდენ საჭირო და სასარგებლოა ის რასაც ვაკეთებ. ეს ჩემთვის სტიმულია, რომ გავაგრძელო აქტიურობა სოციალურ ქსელში და მეტი სასარგებლო ინფორმაცია მივაწოდო ჩემს ერთგულ მკითხველს.

რა გაბედნიერებთ?

არ არის რთული იყო ბედნიერი, ამისთვის საკმარისია საყვარელი ადამიანები გყავდეს გვერდით და აკეთებდე საყვარელ საქმეს. დანარჩენი უკვე ჩვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული – უნდა დაისახო მიზანი და მშვიდათ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვე მას.

ადგილი, სადაც ყველაზე მშვიდად გრძნობთ თავს

სახლში, ჩემს ოჯახში, ვგრძნობ თავს ყველაზე მშვიდად, დაცულად და ბედნიერად.

რა ან ვინ გაძლევთ მოტივაციას?

მთავარი მოტივატორი ეს არის სურვილი სიცოცხლის გაგრძელების და განვითარების, ახალი გამოცდილების და ემოციების შეძენის.

თუ დაიხასავთ მიზანს, რომ გინდათ რაიმე შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში, უკვე მოტივაციაც თავისით გაჩნდება. მოტივაცია აუცილებლად მოგცემთ საშუალებას, რომ მიაღწიოთ მიზანს. მოტივაცია და შედეგები ერთგვარი სასიცოცხლო ციკლია, რომელიც მუდმივად მეორდება. და თუ გაქვთ მიზანი, გადადგით ნაბიჯი მის ასასრულებლად. ყოველთვის ჯობია სცადო, თუნდაც არ გამოგივიდეს, ისევ უნდა გააგრძელო მიზნისკენ სვლა,  ვიდრე სინანულში დაკარგო დრო, თუ რატომ არ ცადე.

თქვენ და თქვენს მკითხველს გისურვებთ საინტერესო და ფერადი ცხოვრებით გეცხოვროთ!

წარმატებები. 

სრულად წაკითხვა