# OK! Doctors – მაიკო წერეთლის სარედაქტორო

3 weeks ago 20

და აი, დადგა დღე, როდესაც თქვენს წინაშეა OK!-ს ახალი პროდუქტი, რომელიც მთლიანად სამედიცინო სფეროს ეხება; ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ბევრი ვინერვიულეთ და შევკარით თემები, რომლებიც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი გვეგონა.

სიმბოლურია, რომ ეს გამოცემა ოქტომბერში გამოდის – თვეში, რომელიც ვარდისფრად იხსენიება და ყველა ქალს მოუწოდებს ჩეკაპის ჩატარებისკენ.

ამ ჟურნალში მე ჩემს ისტორიასაც გიამბობთ, გაგაცნობთ საქართველოს სამედიცინო სფეროს საუკეთესო წარმომადგენლების ნაწილს.

სხეული და გონება ერთი სისტემაა – როცა ერთს უვლით, მეორესაც აძლიერებთ. სწორედ გონებამ უნდა გვიბიძგოს იმისკენ, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მივხედოთ, რადგან ვინც დროს ჯანმრთელობაზე ზოგავს, ბოლოს  ავადმყოფობაზე ხარჯავს.

მოუსმინეთ სხვადასხვა დროის მოაზროვნეებს:

„ჯანმრთელობას ზრუნვის გარეშე ვერ შეინარჩუნებ“, – ჰიპოკრატე.

„არაფერი არ ახარებს ისე ცხოვრებას, როგორც ჯანმრთელობა“, – ალექსანდრე დიუმა.

„ჯანმრთელობა არ არის ყველაფერი, მაგრამ ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი არაფერია“, – არტურ შოპენჰაუერი.

„ყველაზე დიდი სიმდიდრე ჯანმრთელობაა“, – ვირგილიუსი.

და ბოლოს, გახსოვდეთ: არასდროს გადადოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხვალისთვის. ნუ შეგაშინებთ პასუხი, რომელსაც შესაძლოა ექიმი გეტყვით – ბევრად უფრო საშიშია პასუხის არგაგება.

ჩვენი მიზანი სწორედ ესაა – შეგახსენოთ, რომ თქვენი სხეული და გონება თქვენს ხელშია. იზრუნეთ დროულად ჯანმრთელობაზე, შეიმოწმეთ თავი, ისწავლეთ ცხოვრება მადლიერებით და დააფასეთ ყოველდღიური ბედნიერება.

ეს ახალი გამოცემა კი, იმედია, რომ შთაგონების წყარო გახდება  – თქვენი  ჯანმრთელობის, სილამაზისა და სიცოცხლის სიყვარულისთვის.

სიყვარულით

მაიკო წერეთელი

სრულად წაკითხვა