#OK! GGRC – 5-წლიანი ისტორიით სიცოცხლის დასაწყისისთვის!

1 month ago 35

„როცა კლინიკას ვხსნიდით, ვიაზრებდით, რომ მთავარი იყო იდეის გარშემო გაერთიანება. ეს იდეა კი ყოველთვის ერთადერთ რამეს მოემსახურებოდა – როგორი გვინდა იყოს კლინიკა, სადაც ორიენტირი ყოველთვის ბედნიერი გუნდი და კმაყოფილი პაციენტები იქნებიან“, – ამბობს ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის – GGRC-ის დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი, ნინო მუსერიძე.

მისი მიზანი 5 წლის შემდეგაც უცვლელია. ამასთან ერთად, მისი დაუღალავი მისწრაფებით – მუდმივად ახლის შესწავლა, განვითარება და სხვებისთვის ცოდნის გაზიარება, GGRC-მა ადამიანების ჯანმრთელობის სამსახურში ჩააყენა.

საქართველოში, სადაც რეპროდუქციული მედიცინა ბოლო დროს უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებს და სერვისი ევროპის წამყვან ქვეყნებს არ ჩამორჩება, ერთადერთ პრობლემად ოჯახებისთვის ფინანსური საკითხი რჩებოდა. GGRC კი ერთადერთი კლინიკაა ქვეყანაში, რომელიც გაჩნდა იდეით, ფინანსურადაც დახმარებოდნენ უშვილო წყვილებს. თავის მხრივ, იდეა საფუძვლად ფონდის „შენთვის“ დაბადებას დაედო, რომელიც ოჯახებს ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურის ჩასატარებლად მატერიალურ დახმარებას გაუწევდა. შედეგად, დღემდე ფონდის დახმარებით 1000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა.

ეს არის კლინიკა, რომელიც უკვე 5 წელია, ბაზარზე სრულიად უნიკალური და განსხვავებული კონცეფციით პოზიციონირებს და მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. ჟურნალ OK-ისთვის კი ის ყოველთვის აქტუალური და საინტერესო ნიმუშია იმ თვალსაზრისის გასამყარებლად, რომ დიდი მიზნები მარტივად მხოლოდ პროფესიონალიზმით მიიღწევა.

GGRC-ს აქამდეც ბევრჯერ ვესტუმრეთ, ბევრიც გიამბეთ კლინიკისა თუ მისი კვალიფიციური გუნდის შესახებ, შეგახედეთ ემბრიოლაბში, სადაც უმცირესი ნაწილაკებიც კი იფილტრება, თუმცა სპეციალური აღჭურვილობით იქ მაინც მოვხვდით. კლინიკაში სამახსოვრო ფოტოსესიაც მოვაწყვეთ, კადრებად აღვბეჭდეთ „ჯიჯიარსელები“ და მათი შრომის ნაყოფი – ამქვეყნად მათი ძალისხმევით დაბადებული პატარები.

აქ ყოველი სტუმრობისას ვრწმუნდებით, რომ სამომავლოდ დასახული გეგმები სიტყვებად არასდროს რჩება და მათი განხორციელება გარდაუვალია. ამჯერადაც, GGRC-ს ბევრი სიახლე, მრავალი დანერგილი ინოვაცია, მის ანგარიშზე გაჩენილი მეტი ახალი სიცოცხლე და კარგი ამბები აქვს.

ჟურნალი OK! ხუთი წლის იუბილარ კლინიკას, GGRC-ს წარმოგიდგენთ, მისი 5-წლიანი ისტორიის შესაფასებლად კლინიკის დამფუძნებელსა და სამედიცინო დირექტორს, ნინო მუსერიძეს შევხვდით.

ქალბატონო ნინო, როგორ შეაფასებდით GGRC-ის დაარსებიდან გასულ ხუთ წელს? რა წარმოადგენდა ამ ისტორიაში მთავარ გამოწვევას?

მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ნულიდან ვაწყობდით სისტემას, რომელსაც კარგად უნდა ემუშავა. მოვისმინეთ ბევრი გამოცდილი ადამიანის აზრი და საბოლოოდ შევჯერდით მთავარ პრინციპზე – GGRC იქნებოდა დიდი ოჯახი, რომლის მიზანი იქნებოდა უწყვეტი მუშაობა საკუთარ თავზე, რათა მუდმივად შეგვძლებოდა გაუმჯობესება. გვინდა მომავალ წელს გვქონდეს კიდევ უფრო კარგი სერვისი, შევთავაზოთ პაციენტებს უფრო მოქნილი პირობები და გვქონდეს უფრო შთამბეჭდავი შედეგები.

ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, განვვითარდეთ, გავფართოვდეთ და, რაც მთავარია, უფრო მეტი ადამიანის დახმარება შევძლოთ.

ექიმები მუდმივად უნდა სწავლობდნენ, არ უნდა გამორჩეთ პროფესიული სიახლეები და ტექნოლოგიური პროგრესის მიმართ მზაობა გამოთქვან, რაც ნამდვილად წარმატების საწინდარია.

რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ მიღწევად?

ყველაზე დიდი მიღწევა ის შედეგებია, რომელსაც ვიღებთ. გვეამაყება 1000-ზე მეტი ბავშვი, რომელიც ფონდის „შენთვის“ დახმარებით დაიბადა. მოგეხსენებათ, ფონდი ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობად ვაქციეთ და თანადაფინანსების პრინციპით საქართველოს მოქალაქე უშვილო წყვილებს ვეხმარებით, ყველა ეტაპზე მათ გვერდით ვდგავართ. ასევე, ჩვენს დიდ წვლილს ვხედავთ ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების დადებით ცვლილებაში. ახლა ადამიანებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ სფეროს შესახებ და ღიად საუბრობენ უშვილობის დაძლევის გზებზეც. მიღწევად მიმაჩნია იმ გუნდის შემოკრება, რომელიც რეალურად წარმოადგენს GGRC-ს.

ექიმები, ექთანები, სანიტრები, დიასახლისები, დაცვა, ადმინისტრაციაში კი მენეჯერები – GGRC-ის წარმატება თითოეული რგოლის ყოველდღიური შრომის შედეგია. ჩვენ ყველა ერთად ვიზრდებით და ვვითარდებით, GGRC ჩვენი დიდი ოჯახია.

როგორც ვიცით, ფონდი „შენთვის“ ერთადერთი პროექტი არ არის, რომელსაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უძღვებით, კიდევ რა პრიორიტეტებს სახავს კლინიკა?

ჩვენთვის მთავარი მიმართულებები, რომლებსაც CSR-ის ფარგლებში ვკურირებთ, სოციალური პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა, ადამიანების, გარემოსა და შრომითი უფლებების დაცვაა; ასევე, პრიორიტეტს წარმოადგენს ბიზნესის ეთიკურად წარმოება, მისი გამჭვირვალობა და, რაც ასე მნიშვნელოვანია, მომხმარებლებთან ურთიერთობისას პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.

ბოლო დროს კიდევ ერთი მკაფიო მიზანი დავისახეთ, დავეხმაროთ სიცოცხლესთან მებრძოლ ადამიანებს, გახდნენ ახალი სიცოცხლის წყაროც, ვგულისხმობ ონკოპაციენტებს. ამისთვის ონკოფერტილობის ასოციაცია დავაფუძნეთ.

მანამ, სანამ უშუალოდ ონკოფერტილობის ასოციაციას შევეხებოდეთ, გვესაუბრეთ, რა არის ონკოფერტილობა და როგორ იმართება შვილოსნობის პრობლემა ონკოლოგიურ პაციენტებში?

დიდი სიფრთხილით, რადგან ეს პროცესი ექიმების გუნდურ მუშაობას მოითხოვს. უნდა შეფასდეს პაციენტის დაავადების სირთულე და ყველა გადაწყვეტილება მის პირად ექიმთან შეთანხმებით უნდა იქნას მიღებული. ჩვენი მთავარი მიზანი პაციენტის შვილოსნობის უნარის შენარჩუნებაა, რათა გამოჯანმრთელების შემდეგ მათ საკუთარი ბიოლოგიური შვილის ყოლა შეძლონ. ამ მიზნის მისაღწევად მთავარია, რომ პროცესმა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დაამძიმოს. ეს რთული პროცესია, მაგრამ დასაძლევი. GGRC-ს ბევრი ისეთი პაციენტი ჰყავს, რომლებსაც ბიოლოგიური მასალა უკვე შენახული აქვთ და მკურნალობის კურსიც დაიწყეს. ბევრისთვის ეს დიდი სტიმული აღმოჩნდა, რაც მათ მოდუნების საშუალებას არ აძლევს და ბრძოლისუნარიანობას მატებს. მათი მიზანი დაავადების დამარცხების შემდგომ საკუთარი შვილის ყოლის შანსია. ჩვენ მათ ეს შანსი უნდა შევუნარჩუნოთ.

როცა კლინიკა გავხსენით, უამრავი ადამიანი მოგვმართავდა, ვინც ონკოლოგიური დაავადების დამარცხება შეძლო. ყველას სურდა საკუთარი ბიოლოგიური შვილი. თუმცა, გარკვეული ასაკის შემდგომ, ქალის ბიოლოგიური მასალა ხარისხს კარგავს. ამას თან ერთვის ის, რომ ქიმიური პრეპარატები, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების გადასალახად ინიშნება, მის რეზერვს ანადგურებს. მართალია, მკურნალობის შემდგომ მამაკაცებშიც და ქალბატონებშიც რეზერვი შესაძლოა აღდგეს, თუმცა მისი ხარისხი შეიძლება შვილის ყოლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდეს.

ამიტომაც, ვფიქრობთ, ახალგაზრდობის წლებში ბიოლოგიური მასალის შენახვა ბევრ შემთხვევაში გამოსავალია. ჯანმრთელი კვერცხუჯრედები ან სპერმა სპეციალურ პირობებში წლებს უძლებს და მათი ხარისხი გალღობის შემდეგაც არ იკლებს.

GGRC-ის არსებობის განმავლობაში ყველა საინფორმაციო საშუალებით მოვუწოდებთ საზოგადოებას ბუნებრივი მასალის შენახვისკენ, რაც ასაკის მატებასთან ერთად ბევრისთვის გამოსავალია.

რა მიზნებს ემსახურება ონკოფერტილობის ასოციაცია?

მთავარი მიზანი იმ პაციენტების დახმარებაა, რომელთაც ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდათ.

პირველი, რაც პაციენტმა მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაარკვიოს, არის ის, თუ რამდენად შესაძლებელია მისი ბიოლოგიური მასალის შენახვა.

უკვე არსებობს ევროპული გაიდლაინები, როგორ უნდა იმოქმედოს ექიმმა დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე. ონკოფერტილობის ასოციაცია სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს აერთიანებს, რომელთა დახმარებითაც პაციენტს ერთობლივი ძალისხმევით ვეხმარებით. ეს ჯგუფი ერთად კრებს: რეპროდუქტოლოგებს, ონკოლოგებს, ონკოქირურგებს, ემბრიოლოგებს, გინეკოლოგებს, მამოლოგებს, უროლოგებს და ა.შ.

ჩვენი მიზანი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად მართვა და შვილოსნობის უნარის შენარჩუნებაა.

როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნული შტრიხი, რაც ექიმს უნდა ახასიათებდეს?

ექიმობა ყველაზე ჰუმანური და საპასუხისმგებლო პროფესიაა. შენ ადამიანის სიცოცხლეზე ხარ პასუხისმგებელი. ვფიქრობ, მთავარი აქაც დროული და სწორი კომუნიკაციაა, როდესაც პაციენტი მოგმართავს, ის შენ გენდობა და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელსაც გააზრება სჭირდება.

ვცდილობ, არცერთი შეკითხვა უპასუხოდ არ დავტოვო. ვპასუხობ მათაც, ვინც ჩემი პაციენტი არ არის, მაგრამ კითხვით მომმართავს. პაციენტებთან საკონტაქტოდ მუდმივად ხაზზე ვარ, მათ თითოეულ ეტაპზე კონსულტაციას ვუწევ. ვფიქრობ, რომ ექიმისთვის ყველაფერი ადამიანის სიყვარულით უნდა იწყებოდეს, პაციენტი უნდა გიყვარდეს. თუ მედიცინას მხოლოდ ანაზღაურების ან ამბიციის გამო ემსახურები, ვერასდროს ჩამოყალობდები კარგ ექიმად.

რა აძლევს ძალას ადამიანს წარმატებისკენ სვლაში?

მადლიერების უნარი. მადლიერი ვარ ყოველი დღისთვის, ყველა ადამიანისთვის, ვინც ამ გზის გავლაში დამეხმარა.

40 წლის ვიყავი, როცა ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და იყო ეტაპიც, როცა ვფიქრობდი, რომ ვითარება საკმაოდ რთული იყო. იმ პერიოდში, როცა თავად მიჭირდა და ადამიანები მხარში ამომიდგნენ, ჩემში ბევრი რამის გადაფასება მოხდა. ვფიქრობ, ბედნიერება მადლიერებას ემყარება. მე ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით, გარშემო მყოფებითა და მათი სიხარულით. მუდამ ვცდილობ, რომ, თუკი შემიძლია, აუცილებლად დავეხმარო მას, ვისაც ეს სჭირდება − არ აქვს მნიშვნელობა, ახლობელია თუ სრულიად უცხო. მგონია, რომ უნდა დავაფასოთ ჩვენი ცხოვრება და შესაძლებლობები, მადლიერი ვიყოთ თითოეული დღისთვის.

დაბოლოს, ვისაუბროთ GGRC-ის სამომავლო პრიორიტეტების შესახებ. რა გეგმები აქვს კლინიკას?

კლინიკა GGRC უკვე ხუთი წლისაა და 21-22 სექტემბერს რიგით მე-5 საერთაშორისო კონფერენციას ვმასპინძლობთ. მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, უცხოელი ექსპერტები ქართველ ექიმებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და გაიმართება საინტერესო, ნაყოფიერი შეხვედრები, სადაც ფერტილობის სფეროს ყველა მნიშვნელოვან ასპექტზე ვისაუბრებთ.

გვიხარია, რომ წელს ფილიალი გავხსენით სომხეთში და სულ მალე სამშობლოშიც გავფართოვდებით, საბურთალოს ტერიტორიაზე ახალ შენობაში გადავალთ. ახალ ლოკაციაზე პაციენტებს სხვა დამატებით სერვისებსაც შევთავაზებთ.

2025 წელს კი საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობას ვგეგმავთ, რომელიც რეპროდუქტოლოგიისა და გინეკოლოგიის სფეროში საქართველოს ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით გაზრდის.

თავადაც ვაპირებთ მონაწილეობას მსოფლიოს საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში, რის ფარგლებშიც ვიზიტები უკვე დაგეგმილია ჩინეთში, საფრანგეთსა და ამერიკაში.

ჩვენი მთავარი მიზანია დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და ყველა სამედიცინო მიგნება საქართველოში პაციენტებს მოხმარდეს, რათა ჩვენს ქვეყანაში შეძლონ, მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება და მათთვის ნანატრი შედეგით გაიხარონ.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: მაკა მეგრელიძე

სრულად წაკითხვა