ავღანეთში ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი ბრიტანული სერიალის „ალესილი კეპები“ (Peaky Blinders) გმირების მსგავსი ჩაცმულობის გამო დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ავღანეთის „რადიო თავისუფლების“ სამსახურმა თალიბანის ზნეობისა და სათნოების სამმართველოზე დაყრდნობით გაავრცელა.
მამაკაცები, რომლებიც საკუთარ თავს სერიალის თაყვანისმცემლებს უწოდებდნენ, „ზნეობის პოლიციის“ თანამშრომლებმა ქვეყნის დასავლეთით მდებარე ჰერათის პროვინციის დაბა ჯებრაილში დააკავეს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფის პირველი ვიდეო 2025 წლის ნოემბერში ინსტაგრამზე გამოქვეყნდა. მასზე მოჩანს შავ კოსტიუმებში, პალტოებში, კეპებსა და ხელთათმანებში გამოწყობილი ოთხი ახალგაზრდა, რომელიც ქუჩაში სეირნობს. DailyMail წერს, რომ ჯგუფის ფოტოები ავღანურ სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა.
დაკავებამდე ერთი კვირით ადრე ახალგაზრდებმა YouTube-არხ Herat-Mic-ს ინტერვიუ მისცეს. მათმა ლიდერმა ასეგ ჰოსეინიმ, განაცხადა, რომ მათ „ამ სერიალის სამოსისა და კლასიკური სტილის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ “, მომავალში კი ავღანეთის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სამოსის დემონსტრირებას აპირებენ.

თალიბანის სათნოების გავრცელებისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს წარმომადგენელმა, საიფულ ისლამ ხაიბერმა განაცხადა, რომ დაკავებულთა ქცევა „ისლამურ ღირებულებებსა და ავღანურ კულტურას“ არ შეესაბამება.
თალიბანმა, რომელიც ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წლის აგვისტოში მოვიდა, გოგონებისა და ქალებისთვის მკაცრი შეზღუდვები დააწესა – მათ საზოგადოებრივ ადგილებში საუბარი და ღია სახით გამოჩენა აუკრძალა. DailyMail-ის ცნობით, პარიკმახერებს მამაკაცებისთვის წვერის გაპარსვა და თმის დავარცხნა აეკრძალათ.

კინოკომპანია „ავღანფილმის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, სახრა ქარიმი მიიჩნევს, რომ ასეთი ჯგუფები ქვეყანაში გოგონების, ქალებისა და ახალგაზრდა მამაკაცების მიმართ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების პროტესტის ნიშნად იქმნება.
„მათ სურდათ ეჩვენებინათ, რომ ეწინააღმდეგებიან იძულებისა და ბატონობის სისტემას, რომელიც ავღანეთში არსებობს“, – განუცხადა მან „რადიო თავისუფლების“ ავღანურ სამსახურს.

2 days ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·