მარიამ ჯანელიძე ახალგაზრდა, ნიჭიერი დიზაინერია, მის ბრენდს „მარიამორს“ ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ის გთავაზობთ როგორც დახვეწილი კლასიკური, ასევე თავისუფალი სტილის სამოსს და ტყავის ჩანთებს. გამორჩეული დიზაინის სამოსი და აქსესუარი თქვენს ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს. მარიამი ბავშვობიდანვე მოიხიბლა იმ სამყაროთი, სადაც ხელოვნება პრაქტიკულობას ერწყმის, სწორედ ამიტომ აირჩია ეს პროფესია. სილამაზის, ესთეტიკის სიყვარულმა კი გადააწყვეტინა ბრენდ „მარიამორის“ ქვეშ გაერთიანებინა სილამაზის სალონი – MARIAMMOR Beauty Corner. ეს არის სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი და კომფორტული გარემო თანხვედრაშია.

რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
ეს საქმე ბავშვობიდან მიყვარდა, როცა ფილმებს ვნახულობდი მოდაზე, ატელიესა და კერვაზე. ჩემთვის ძალიან ესთეტიკური და სასიამოვნო სანახავი იყო, ახლაც ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ატელიეს უამრავი ერთგული და ახალშეძენილი მომხმარებელი ჰყავს, მე სულ ვცდილობ განვვითარდე და ახალი შევისწავლო, და რა თქმა უნდა, მინდა, რომ ჩემი პირადი მომხმარებლების სიაც გავზარდო.
როგორ განსაზღვრავთ საკუთარ დიზაინერულ სტილს?
ვთვლი, რომ ჯერ კიდევ საკუთარი სტილის ძიების პროცესში ვარ… ჩემი ბრენდი ცვალებადია ჩემი ხასიათივით, ხან კლასიკური, ხანაც სპორტული ან შერწყმული. ვფიქრობ, ჩემი სტილი დახვეწილია და არა გამომწვევი, ისე როგორც მე. არ მიყვარს გამომწვევად ჩაცმა და ყოველთვის ვცდილობ კლასიკურ სტილს მივყვე, ეს ჩემთვის ძალიან კომფორტულია.
მარიამ, როგორ გაჩნდა საკუთარი სალონის გახსნის იდეა?
დედაჩემის სურვილი იყო, ჰქონოდა საკუთარი სილამაზის სალონი და კომპანია „მარიამორი“ რადგან არსებობდა, ამ კომპანიის ქვეშ გავაერთიანეთ სილამაზის კუთხეც, ატელიეც და ტანსაცმლის ხაზი. რომელ ქალს არ ენდომება საკუთარი სილამაზის სივრცე, სადაც უამრავ ხარისხიან და საჭირო პროცედურას ჩაიტარებს. დღეს სალონს უმეტესად დედაჩემი – ეკატერინე სიხარულიძე ხელმძღვანელობს, რაც ვფიქრობ, ძალიან მაგრად გამოსდის.
ძალიან ბევრი სერვისი გვაქვს, დაწყებული ვიზაჟით, ფრჩხილის, თმის მოწესრიგებით და დამთავრებული ლაზერული ეპილაციით, ინიექციური პროცედურებით, სამკურნალო მასაჟით. ასევე, პერმანენტი და თავის მოვლისთვის განკუთვნილი ყველა საჭირო პროცედურა დაგხვდებათ „მარიამორში“.

რა ხდის mariammor-ს სხვა სალონებისგან განსხვავებულს?
პროფესიონალი სპეციალისტების გარდა, ჩვენ მომხმარებლებს კომფორტულ, მეგობრულ გარემოს ვთავაზობთ – თბილ და ყურადღებიან დამოკიდებულებას. თითოეულ მომხმარებელს ვიღებთ, როგორც ჩვენი ოჯახის წევრს, რაც ბევრ სალონში, სამწუხაროდ, არ ხდება.
მაქსიმალისტი ხართ?
დიახ. მაქსიმალისტი და რისკიანი, ეს მიმაჩნია ჩემი ხასიათის მთავარ შტრიხად. სწორედ ამ თვისებებიდან გამომდინარე, არასოდეს ვჩერდები და წინ მივიწევ.




მთავარი მოტივატორი?
ამას პირველად ვამბობ, არავისთან მითქვამს… ჩემი უმთავრესი მიზანია ბრენდის სახელის დაცვა, ძალიან ვუფრთხილდები მის რეპუტაციას. სამწუხაროდ, ჩემ ირგვლივ აღმოჩნდნენ ადამიანები, ვინც არაფრის გამო ჩემს ბრენდს ცუდად შეეხნენ და ფიქრობდნენ, რომ ამით მატკენდნენ, თუმცა პირიქით, მათ უდიდესი მოტივაცია მომცეს, რომ უფრო მეტად განვვითარდე. ამ შემთხვევამ კი კარგად დამანახვა როგორც მტრების, ისე მეგობრების სახეები.
საბოლოო ჯამში კი მივხვდი, რომ არავის მივცემ უფლებას, ჩემს ან ჩემი სალონის სახელს ცუდად შეეხოს.
სამომავლო გეგმები
არ მიყვარს სამომავლო გეგმებზე ხმამაღლა საუბარი, თუმცა გეტყვით, რომ იგეგმება როგორც ატელიეს გაზრდა, განვითარება, ასევე სალონის გაფართოება.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი

12 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·