#OK! ამბები ჩვენს გემოზე – გადაფასების 5 წელი, ცვლილებები, რომლებიც კოვიდის პერიოდმა მოიტანა

4 hours ago 1

ხუთი წლის წინ გაჩერდა დრო, დაცარიელდა სცენები და ურთიერთობები ეკრანს მიღმა გადავიდა. თუმცა, დღეს, როცა ამ პერიოდს რაციონალურად ვაფასებთ, ნათლად ჩანს: ეს არ იყო მხოლოდ გაჩერება, ეს იყო დიდი გადაფასების დასაწყისი. ხუთი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი: შეფმზარეულიდან პიარსპეციალისტამდე, ხელოვანებიდან კრიზისმენეჯერებამდე, გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას: როგორ გარდაიქმნა მათი პროფესია, როგორ გაიზარდა პასუხისმგებლობა მაყურებლისა თუ სტუმრის წინაშე და რატომ გახდა ემოციური კავშირი იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ბოლო ხუთწლიანი პერიოდი ყველა სფეროსა და ადამიანს შეეხო, თუმცა მთავარი, რაც ამ ცვლილებებმა ყველა კუთხით ღირებული და სასიცოცხლოდ აუცილებელი გახადა, ეს გულწრფელი და პირისპირ ურთიერთობებია.

რუბრიკას წარმოგიდგენთ ქართულ გემოზე შექმნილი ყავა „ჩერი“. ეს არის ბრენდი, რომელიც საქართველოში იწარმოება, რაც მის ავთენტიკურობას და „ჩვენ”-ობას კიდევ უფრო ამყარებს. ვსაუბრობთ ჩვენს გემოზე.

ხათო ბაკურაძე, შეფი: კოვიდის შემდეგ ჩემი პროფესია ბევრად უფრო მრავალფუნქციური, დინამიკური და პასუხისმგებლიანი გახდა. შეიცვალა არა მხოლოდ სტუმრის მოლოდინი, არამედ მთლიანად სარესტორნო კულტურაც – ადამიანებისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა ხარისხი, სისუფთავე, პროდუქტის წარმოშობა და ის საერთო გამოცდილება, რომელსაც სივრცე და პროდუქტი ერთად ქმნის. ბოლო 5 წელში ყველაზე დადებითი ცვლილება ჩემთვის პროფესიული თავდაჯერებულობის გაძლიერება იყო. ჩემთვის, როგორც შეფისთვის, ეს წლები იყო არა მხოლოდ ცვლილებების, არამედ პროფესიული სიმწიფის პერიოდი. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ თვითდამკვიდრების ეტაპი გადალახულია და იმ ეტაპზე ვართ, როცა მოვიპოვეთ მომხმარებლის ნდობა – ეს კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული შედეგია. შესაბამისად, ჩემი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი დღეს სტაბილურობა, სისტემურობა და ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც ეს ნდობა აკისრებს. ამ წლებმა ყველაზე მეტად მასწავლა, რომ დრო ძალიან ძვირფასია, ხოლო ნამდვილი შედეგი მაშინ მოდის, როცა შენს სათქმელს ხარისხიანად გაკეთებული საქმე ამბობს. ჩემი დაკვირვებით, გარემო უფრო სწრაფი, მოთხოვნადი და კონკურენტული გახდა. ადამიანები დღეს უფრო დაკვირვებულები არიან და ბევრად მეტად აფასებენ არა მხოლოდ ხარისხს, არამედ ესთეტიკას, ნამდვილ პროფესიონალიზმს და იმ განცდასაც, რომელსაც პროდუქტი თუ სივრცე უტოვებს მათ. ჩემთვის ყველაზე შესამჩნევი ცვლილება არის ის, რომ დღეს მხოლოდ კარგი პროდუქტი აღარ არის საკმარისი – აუცილებელია ინდივიდუალობა, სანდოობა და ემოცია. ემოცია კი ჩემთვის ნიშნავს იმ გულწრფელ დამოკიდებულებას, როცა ადამიანი მხოლოდ გემოს ან ვიზუალს კი არ იღებს, არამედ შენს დამოკიდებულებას, შენს ხელწერას და იმ სიყვარულსაც გრძნობს, რაც ამ საქმეში დევს.

ნინო ნამგალაძე, VIA Travel-ის დამფუძნებელი: კოვიდი ნამდვილად იყო გამოცდილება, რომელმაც არა მხოლოდ პროფესიები და დარგები, არამედ თავად ადამიანებიც შეგვცვალა. ვიტყოდი ასე, დიდმა სტრესმა შეცვალა ქცევა. მაგალითად, თუ მანამდე სამოგზაურო აგენტი მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე გეგმავდა მოგზაურობას – ჯავშნიდა ფრენებს, სასტუმროებს, ტურებს, კოვიდის შემდეგ პროფესიამ ფუნქცია შეიცვალა და სამოგზაურო აგენტი იქცა კონსულტანტად, კრიზისმენეჯერად, გარკვეულ გარანტორად და რისკების გადამზღვევად.

გახსოვთ ალბათ კოვიდისა და პოსტკოვიდის პერიოდში ხშირად უქმდებოდა ფრენები, იცვლებოდა სასაზღვრო წესები, სხვადასხვა ქვეყანაში მოულოდნელად ცხადდებოდა კარანტინი, ამ პირობებში მოგზაურობა გახდა სტრესული. სასტუმროებში ჩაკეტილი ტურისტები, უცხო ქვეყნებში ჩარჩენილი ადამიანები ითხოვდნენ შველას და სამოგზაურო აგენტისგან წარმოუდგენელი პრობლემების მოგვარებას. ეს ტენდენცია გაგრძელდა და ყოველდღიურობად ჩამოყალიბდა. ადამიანები სამოგზაურო აგენტებისგან ელიან მოულოდნელ ცვლილებებზე ადეკვატურ და სწრაფ რეაგირებას, ემპათიას, ემოციურ თანადგომას, რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ უზრუნველყოფს. კოვიდმა მოახდინა ერთგვარი გადატვირთვა. ჩვენ, ყოველდღიურ რუტინაში ჩართული ადამიანები, იძულებით გაგვაჩერა, დაგვტოვა ჩვენს თავთან მარტო და დაგვაფიქრა ისეთ საკითხებზე, რომელთათვისაც მანამდე არ გვეცალა. მე მაგალითად, კოვიდის პერიოდმა მომანიჭა ფუფუნება, ჩემს საყვარელ რაჭაში გამეტარებინა რამდენიმე თვე. სწორედ ამ გამოცდილებამ მოახდინა ჩემში გადატვირთვა, ვტკბებოდი საოცარი ბუნებით და ბევრს ვფიქრობდი. მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლე, სიმშვიდე, ჯანმრთელობა; თუ რაოდენ გვაძლიერებს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. შეიძლება ითქვას, რომ კოვიდმა გაცილებით მშვიდი და მომთმენი გამხადა.

ბოლო რამდენიმე წელია გარემო გახდა გაცილებით სტრესული. თითქოს დრო დაჩქარდა. ადამიანებზე მოქმედებს ეს ყველაფერი და ყველა ცდილობს გარკვეული მეთოდებით გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. ვფიქრობ, სწორედ კოვიდის პერიოდში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ გარემოში სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები, ვიყოთ მეტად რეზისტენტულები და მოქნილები. ამ გადასახედიდან, ალბათ საჭირო იყო ის გაჩერება და გადატვირთვა, რათა ახალ გამოწვევებს უფრო მომზადებულები დავხვედროდით.

ანა ქურთუბაძე, მსახიობი: ის პერიოდი, როცა თეატრი არ მუშაობდა და გარშემო თითქოს ცხოვრება გაჩერდა, ძალიან რთული იყო. შეგრძნება მქონდა, რომ არარეალურ სამყაროში ვცხოვრობდი. თუმცა, დაბრუნება იმდენად დიდი მუხტითა და მონატრებული მაყურებლის სიყვარულით სავსე იყო, ის პერიოდი ცუდ სიზმრად დარჩა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პროფესია შეიცვალა. ერთგული მაყურებელი ყოველთვის იყო იმ დიდი ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი, რასაც თეატრი ჰქვია. რაც დრო გადის, კიდევ უფრო დიდი სიყვარული ჩნდება ჩვენსა და მაყურებელს შორის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რადგან რთულ პერიოდში გვერდში დგომას სულ ვგრძნობდი. თეატრი არის მაყურებლის და ისინი ამ პასუხისმგებლობას ძალიან კარგად იაზრებენ.

ბოლო 5 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად მივხვდი, რომ უმნიშვნელო პრობლემაზე არ ღირს ნერვიულობა. ყველაფერს ეშველება, ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ. მაშინ, როცა კოვიდი მძვინვარებდა, პერიოდულად უსუსურობის განცდა მქონდა, მაშინ უფრო დავაფასე ყველა ის წამი, როცა კოვიდი არ არსებობდა. თუმცა, ქართულმა ხასიათმა აქაც თავისი ქნა. იმ რთულ პერიოდშიც გამოვნახეთ გადარჩენისა და ერთად ყოფნის საშუალება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველებს ვერაფერი და ვერავინ მოგვერევა.

რომ გითხრათ, დიდ ცვლილებას ვატყობ პოსტკოვიდის შემდეგ, არ ვიქნები მართალი. ისევ ძველ და ჩვეულ რიტმს დავუბრუნდით. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, მაინც ქართული მებრძოლი ხასიათის ბრალი მგონია. ბევრი სირთულე გამოუვლია ქართველ ერს, მაგრამ მაინც მტკიცედ იდგა მუდამ. ასე რომ დღესაც, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს მოვერევით იმ დიდი სიყვარულით, როგორიც ჩვენ შეგვიძლია.

ხატია შამუგია, პიარსპეციალისტი: კოვიდის შემდეგ ყველაფერი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. პანდემიის დროს ბევრი კომპანია ფიქრობდა, რომ ცხოვრება ძველებური აღარ იქნებოდა და პიარი, როგორც პროფესია, აქტუალობას დაკარგავდა, რადგან ყველაფერი ონლაინსივრცეში გადავიდოდა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მართლაც დისტანციურად გადავიდა, განსაკუთრებით, დიდ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ქალაქებიც იმხელა არ გვაქვს, რომ „სთრით რითეილმა“ აქტუალობა დაკარგოს.

ბოლო 5 წელიწადში კი არა, შეხედულებები და პრიორიტეტები ყოველ წელს მეცვლება. ვიზრდები, გამოცდილება მემატება, ცხოვრებისეული და პროფესიული პრაქტიკაც მეტი მაქვს. გარემო ძალიან აჩქარდა. დრო ისე გარბის, რაც გუშინ მეგონა, თურმე ერთი კვირის წინ ყოფილა. თუ ადრე დღეში სამ შეხვედრას ვასწრებდი, ახლა ერთს ძლივს ვასწრებ, ბევრი საქმეა და გადაადგილებაც გართულდა. თუმცა, მე მაინც მიხარია. მირჩევნია დილით იმ შფოთვით გავიღვიძო, რომ ბევრი რამ მაქვს მოსასწრები, ვიდრე უმიზნოდ ვიყო. საერთოდ, სოციუმის და აქტიური კომუნიკაციის მომხრე ვარ. ონლაინურთიერთობები ჩემი არაა . ვერ ვიტან მიწერას და მერე პასუხის ლოდინს. მირჩევნია ავიღო ტელეფონი, დავურეკო და იმწამსვე გავარკვიო ყველაფერი. ჩემთვის „აქ და ახლა“ ძალიან მნიშვნელოვანია. საქმის გადადება არ შემიძლია, ყველაფერი მინდა გუშინ მქონდეს გაკეთებული, რომ მშვიდად ვიყო.

მარიამ როინიშვილი, მსახიობი: კოვიდის დროს რთული პერიოდის გადატანამ მოგვიწია. სცენაზე დაბრუნება, ერთი მხრივ, დიდი ბედნიერება იყო, მეორე მხრივ, უდიდესი გამოწვევა. როდესაც ისევ დავდექით სცენაზე, შეგრძნებები სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. თითქოს მაყურებლის წინაშე ახალი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა. მოგეხსენებათ, ქართველი მაყურებელი ძალიან განსხვავებული და მომთხოვნია, თითქოს არაფერს გპატიობს. ეს ჩვენთვის მოტივაციაცაა, საკუთარ თავთან მუდმივ ბრძოლაში ხარ, რომ ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც ქართველ მაყურებელს ეკადრება. პაუზის დროს ბევრი რამ დაგროვდა და ეს სათქმელი ყველამ თავის შემოქმედებაში სხვანაირად გადმოსცა. ჩემს შემთხვევაში, ეს პერიოდი ზუსტად „ჩიკაგოს“ დაემთხვა. პრინციპში, ამ პროექტით განახლდა ჩემი ურთიერთობა სცენასთან, მაყურებელსა და მსმენელთან. ის დაგროვილი ენერგია არსად წასულა, სულ სხვა მუხტი მქონდა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შემოქმედებითად ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რადიკალურად ახალი რამის გაკეთება ვცადე. ცვლილებები უფრო მეტად პირად ცხოვრებაში განვიცადე. კიდევ ერთხელ გავხდი დედა და პრიორიტეტები სხვანაირად გადალაგდა. შემოქმედებაში დიდი გარდაქმნები არ მქონია, ალბათ იმიტომ, რომ ბუნებით ნაკლებად გამბედავი ადამიანი ვარ.

რაც შეეხება გარემოს, ადამიანებთან ურთიერთობაში ყველაზე მეტად ის მწყვეტს გულს, რომ ერთმანეთის დანდობა არ ვიცით. ბოლო პერიოდში ხშირად ვაწყდები სიტუაციებს, როცა ადამიანები ერთმანეთს არ ინდობენ და ეს ჩემთვის მართლა გულსატკენია. Facebook და TikTok არ მაქვს, მხოლოდ Instagram-ით ვსარგებლობ და ვთვლი, რომ ესეც საკმარისია. არ მინდა საკუთარ თავზე ავიღო ის პასუხისმგებლობა, რომ მუდმივად ვუყურო, როგორ იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს. ეს ჩემთვის დამანგრეველია. დარწმუნებული ვარ, ქართველებმა ერთ მუშტად შეკვრა თუ ვისწავლეთ, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ბევრად უკეთესად იქნება.

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა