#OK! ანი გოდელაშვილის პროფესიული გზა

4 weeks ago 10

ჯერ კიდევ ბავშვობაში იცოდა, რომ ექიმი გახდებოდა. ადამიანების დახმარების სურვილი პატარაობიდანვე ჰქონდა. სწორედ ამიტომ აირჩია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მიმართულება – ონკოლოგია. ექიმმა უნდა შეძლოს, საკუთარი ემოციური წონასწორობის დაკარგვის გარეშე მიაღწიოს პაციენტის ფსიქოემოციური ფონის დაბალანსებას. სწორედ თანაგრძნობასა და პროფესიულ საქმიანობას შორის ბალანსის დამყარებააა რთული ონკოლოგიაში. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ საკუთარი საქმის პროფესიონალს, სამი შვილის დედას და წარმატებულ ექიმს, ონკოლოგ ანი გოდელაშვილს.

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ყოველთვის ვიცოდი, რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი. ბავშვობაში ყველაზე ხშირად ექიმობანას ვთამაშობდი, პატარაობიდანვე მიზიდავდა სხვების დახმარების იდეა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. მახსოვს, პროფესიების გაცნობისას განსაკუთრებული ყურადღება ონკოლოგიამ მიიქცია – უდიდესი ემპათიის გრძნობა და დახმარების სურვილი გამიჩნდა ონკოლოგიური პაციენტების მიმართ. ეს ადამიანები გადიან წარმოუდგენელ გამოწვევებს, მათი გამბედაობა შეუდარებელია, მე კი მინდოდა, რომ მათთვის მეტი სტიმული მიმეცა და მკურნალობაში თანამონაწილე გავმხდარიყავი. ჩემი მიზანი იყო წახალისება, მხარდაჭერა და იმედის მიცემა მათთვის, ვინც ცხოვრების ერთ-ერთ ურთულეს გზას გადის.

როგორ დაიწყო თქვენი კარიერული გზა?

ჩემი კარიერა ჩემს პირად ცხოვრებასთან ერთად დაიწყო. ლიცენზიის აღებიდან ერთ თვეში დავოჯახდი და მუშაობაც დავიწყე. ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტს ჩემს საქმეს და სწავლას ვუძღვნი, დანარჩენს მეუღლესა და სამ ვაჟს. ჩემი პროფესია მუდმივად მოითხოვს განვითარებას, აქტიურობას და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას, რაც საშუალებას მაძლევს, თანამედროვე მიდგომებით ვუმკურნალო პაციენტებს.

რთული არ არის სამი ვაჟის დედობა და თან წარმატებული კარიერა? ბალანსის საიდუმლო გვითხარით…

წარმატებული კარიერა მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ენერგიას. მოტივაციას კი ჩემი ოჯახი მაძლევს, მათი მხარდაჭერა მიბიძგებს, მაქსიმუმი გავაკეთო ჩემს საქმიანობაში.

ჩემი ბიჭები ჯერ პატარები არიან, დედასთან გატარებული დრო მნიშვნელოვანია მათთვის, სწორედ ამიტომ ვცდილობ, თავისუფალი დრო მაქსიმალურად დავუთმო, მოვუწყო სხვადასხვა აქტივობა და ვეთამაშო როგორც თანატოლს. ბედნიერება მოდის საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნით, მათი გვერდში დგომითა და საყვარელი საქმის კეთებით, ეს არის ის, რაც ძალას მაძლევს ბალანსის შესანარჩუნებლად.

რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ მიღწევად?

პაციენტების ნდობა და სიყვარული, თითოეული მათგანის მკურნალობის შედეგი და სიმსივნეზე გამარჯვება; ყველა გამოწვევა, რომელიც ახლავს ონკოლოგიას და გადავლახე. ონკოლოგია მუდმივად ვითარდება და წინა პლანზე დარჩენა მოითხოვს შრომას, გაუთავებელ სწავლას, აქტიურობას და დიდ პასუხისმგებლობას.

რა მიგაჩნიათ თქვენი პროფესიის ყველაზე რთულ გამოწვევად?

ერთ-ერთია ემოციური ფონის მართვა. მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მიზანია, თითოეული ჩემი პაციენტის განკურნება, სამწუხაროდ, ყველა ისტორიას არ აქვს ბედნიერი დასასრული. ზოგჯერ ძალიან მძიმე ამბის თანამონაწილე ვხდებით, ხშირად გვიწევს პაციენტისა და მისი ახლობლების გამხნევება და თანადგომა. ეს ყველაფერი მოითხოვს დამატებით ემოციურ უნარებს, ფსიქოლოგიას და შიშის დაძლევას. ხშირად პაციენტები სიტყვა „კიბოს“ გაგონებაზეც კი გამოხატავენ შიშს, ამ დროს ექიმებს გვიწევს ამაზე გამკლავება, თანაგრძნობა და დაავადების ბრძოლის უნარის ჩამოყალიბება. ამ ეტაპის გადალახვის შემდგომ პაციენტი უფრო მეტად გენდობა, შენი იმედი აქვს და მკურნალობაც მეტად შედეგიანია.

ექიმმა საკუთარი ემოციური წონასწორობის დაკარგვის გარეშე უნდა მიაღწიოს პაციენტის ფსიქოემოციური ფონის დაბალანსებას. სწორედ თანაგრძნობასა და პროფესიულ საქმიანობას შორის ბალანსის დამყარებააა ერთ-ერთი გამოწვევა ამ სფეროში.

რამდენად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, როდესაც სიმსივნესთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ?

საბედნიეროდ, წინა წლებთან შედარებით სიმსივნის/კიბოს ცნობადობა გაუმჯობესდა და მომართვიანობაც გაიზარდა დაავადების ადრეულ ეტაპზე, თუმცა, გვიანი დიაგნოსტიკაც ხშირია. ზოგი პაციენტი აყოვნებს ექიმთან ვიზიტს, ზოგს ეშინია კიბოს განვითარების შესაძლებლობის და იმედოვნებს, რომ სიმპტომების უგულებელყოფით თავიდან აიცილებს დიაგნოზს. პაციენტები ხშირად ეძებენ ალტერნატიულ გზებს ან ელიან სიმპტომების გამოვლინებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გავრცელება სხვადასხვა ორგანოში, გვიანი სტადირება. ამ დროს მკურნალობა უფრო რთული და ნაკლებად ეფექტიანია.

დროული დიაგნოზი გადამწყვეტია. რაც უფრო ადრე აღმოვაჩენთ კიბოს, მით მეტია წარმატებული მკურნალობის შანსი. საბედნიეროდ, ცნობიერების ამაღლების კამპანიები და საგანმანათლებლო ძალისხმევა გვეხმარება ამ ტენდენციის შეცვლაში, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

რა რჩევას მისცემდით ქალბატონებს?

თქვენი ჯანმრთელობა თქვენი ყველაზე ღირებული ქონებაა და მიიჩნიეთ პრიორიტეტულად. დრო დაუთმეთ რეგულარულ გამოკვლევებს, მაშინაც კი, როცა ცხოვრება დატვირთულია. ჩაიტარეთ სკრინინგული კვლევები, რადგან ისინი თქვენი უსაფრთხოება და თავდაცვაა.

მოგმართავთ ყველას, განსაკუთრებით ქალებს, პრიორიტეტი მიანიჭეთ სკრინინგს, როგორც თქვენი ჯანმრთელობის რუტინის ნაწილს. ქალებისთვის მნიშვნელოვანია მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის შესაფასებლად, პაპ ნაცხი და HPV ტესტი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენისთვის. მამაკაცებისთვის, PSA ტესტირება გადამწყვეტია პროსტატის კიბოს გამოსავლენად.

სკრინინგს, როგორიცაა კოლონოსკოპია, შეუძლია კოლორექტალური კიბოს ადრეულ სტადიაზე დაჭერა, ხოლო დაბალი დოზით CT სკანირება რეკომენდებულია ფილტვის კიბოს მაღალი რისკის პირებისთვის. ეს სკრინინგული ტესტები არ არის მხოლოდ კიბოს გამოვლენა – ისინი მიზნად ისახავენ, ადამიანებს მისცენ ძალაუფლება, გააკონტროლონ თავიანთი ჯანმრთელობა. ცოდნა ნამდვილად ძალაა და როცა ადრეულ ეტაპზე ვმოქმედებთ, საშიშ დიაგნოზს მართვად მოგზაურობად ვაქცევთ.

დაბოლოს, გჯეროდეთ თქვენი ძალის. ქალებს აქვთ გამოწვევების გადალახვის არაჩვეულებრივი უნარი და გამძლეობა, რაც საშუალებას გაძლევთ, გაუმკლავდეთ ნებისმიერ გამოწვევას და თქვენი ადრეული მოქმედებით შესაძლებელია ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის, მათ შორის კიბოს, წარმატებით დაძლევა.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა