ჟურნალ „Men’s Health-ის“ შეფასებით, ის ყველა დროის ყველაზე სექსუალური ქალია, თუმცა მისი ოცნება – ჰყოლოდა ოჯახი და შვილები დღემდე ოცნებად რჩება.. ჯენიფერ ენისტონი Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში, რომელიც ფრენსის ჰეჯესმა ჩაწერა, საკუთარი ცხოვრების შესახებ ყვება.
„კამერების ძალიან მეშინია, რაც თითქოს პარადოქსულად ჟღერს იმ ადამიანისთვის, ვისი კარიერაც მუდმივად კამერების წინ ყოფნაზეა აგებული“ – აღიარებს მსახიობი. შინაგანი დისკომფორტის მიუხედავად, ინტერვიუში ის საოცარ გულწრფელობას იჩენს და ისეთ მტკივნეულ თემებზე საუბრობს, როგორიცაა უშვილობა, თერაპია და თავის დამკვიდრებისთვის ხანგრძლივი ბრძოლა.
დედობაზე ოცნება
ენისტონისთვის ყველაზე მტკივნეული თემებიდან ერთ-ერთი მისი პირადი ცხოვრება და შვილების ყოლის მრავალწლიანი მცდელობებია.
„არავინ იცის, რისი გავლა მომიხდა ამ 20 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ოჯახი მყოლოდა,“ — ამბობს ჯენიფერი. ის აღნიშნავს, რომ მზად არ არის, სამედიცინო პრობლემების შესახებ ილაპარაკოს, თუმცა ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ საჯარო იმიჯის მიღმა ცოცხალი ადამიანია, რომელსაც რთული პერიოდის გადატანა უწევს.
„ჯანმრთელობის პრობლემებზე არასოდეს ვსაუბრობ. ეს არავის საქმე არ არის. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ვეღარ იტან ისტორიებს იმის შესახებ, რომ ოჯახი არ მეყოლება, რადგან ეგოისტი და სამუშაოზე შეყვარებული ვარ. ეს ნამდვილად მოქმედებს ჩემზე – მე მხოლოდ ადამიანი ვარ. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ“.
სერიალი „მეგობრები“
ახალი პროექტების მიუხედავად, რეიჩელ გრინის როლი სერიალიდან „მეგობრები“ დღემდე ენისტონის ცხოვრების და კარიერის ქვაკუთხედად რჩება. ის სერიალში მონაწილეობის წლებს განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს:
„ამ გამოცდილებამ ჩემი პიროვნება ჩამოაყალიბა. ყოველდღე მოუთმენლად ველოდი სამუშაოდ წასვლას, იმ ადამიანების დანახვას და სცენარის წაკითხვას. სერიებს ყოველ პარასკევს ვიღებდით და გადაღებების შემდეგ, საგრიმიოროში ორშაბათისთვის ახალი სცენარი გვხვდებოდა. ისეთივე აღტაცებით ველოდებოდი რა მოხდებოდა შემდეგ, როგორც მაყურებელი.“ – ამბობს ჯენიფერი.
ენისტონი განსაკუთრებით აღნიშნავს საოცარ კავშირს მსახიობებს შორის, რომელმაც ისინი ნამდვილ ოჯახად აქცია. მსახიობი ჩენდლერ ბინგის შემსრულებლის – მეთიუ პერის ტრაგიკულმა სიკვდილმა ძალიან შეძრა. მისი თქმით, დეპრესიასთან და დამოკიდებულებებთან ბრძოლის მიუხედავად, მეთიუ გამუდმებით იცინოდა. ენისტონი დარწმუნებულია, რომ პერის გარეშე „მეგობრების“ გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა და ბედნიერია, რომ სერიალი ახალ თაობასაც მოსწონს, თუმცა იყო დრო, როცა ენისტონს პოპულარობამ სირთულეები მოუტანა – მას უჭირდა რეიჩელ გრინის იმიჯისგან გათავისუფლება და ძალიან აწუხებდა, რომ რეჟისორები მუდმივად მსგავს როლებს სთავაზობდნენ.
2002 წლის დრამაში „კარგი გოგონა“ შესრულებული როლი ენისტონისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა და ის როგორც დრამატული მსახიობი, სერიოზული როლებისთვისაც აღიარეს.
პროდიუსერი და ფემინისტი
ენისტონი არა მხოლოდ მსახიობი, არამედ წარმატებული პროდიუსერი და ცნობილი ფემინისტია. რიზ უიზერსპუნთან ერთად ის „დილით შოუს“ ვარსკვლავი და აღმასრულებელი პროდიუსერია – სერიალის, რომელიც სექსუალური შევიწროებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თემებს აშიშვლებს.
ის დღემდე მეგობრების ერთგულია. მათ შორის იმ ქალების, რომელებთან ერთადაც ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა. ისინი დღემდე ენისტონის ბელ-ეირის სახლში, კვირადღის ტრადიციულ ვახშმებზე იკრიბებიან და ერთმანეთს სიახლეებს უზიარებენ. ჯენიფერი ქალების გარდა, მამაკაცებთანაც მეგობრობს, განსაკუთრებით, ადამ სენდლერთან, რომელთანაც არაერთ ფილმში უთამაშია.
ენისტონისთვის ფემინიზმი სოლიდარობასა და ერთობას განასახიერებს.
„ეს არ ნიშნავს, რომ კაცებს თავიდან ვიშორებთ ან ისინი ცუდები არიან. ეს ნიშნავს, რომ ქალებს სურთ მოვიდნენ წვეულებაზე და მაგიდასთან დასხდნენ, მაგრამ ჩვენ კაცებიც გვჭირდება. ქალებს და კაცებს ერთმანეთი სჭირდებათ და ეს მშვენიერი თანამშრომლობაა.“
ენისტონის ყოველი დღე ინტენსიური ვარჯიშით იწყება. ის დღის გარკვეულ ნაწილს ახალ პროექტებს უთმობს, ნაწილს კი ბიზნესს – მისი ბრენდებია თმის მოვლის კომპანია LolaVie და კოლაგენის დანამატების ბრენდი Vital Proteins, სადაც კრეატიული დირექტორია.
ინტერვიუს დროს მის გვერდით საყვარელი ძაღლები – ლაბრადორი ლორდ ჩესტერფილდი და შნაუცერის მეტისი, სახელად კლაიდი არიან. ჯენიფერი საუბარს ხშირად წყვეტს, რომ მათ მოეფეროს.
საუბრობენ მის შესაძლო რომანზეც ჰიპნოთერაპევტ და ჯანსაღი ცხოვრების ექსპერტ ჯიმ კერტისთან, რომელსაც ზაფხულის შემდეგ ხვდება. წყვილი არაერთხელ დაუნახავთ ორმაგ პაემანზე მალიბუს რესტორან Nobu-ში კორტნი კოქსთან და მის მეგობართან ერთად, ასევე იახტაზე მაიორკაზე.
ინტერვიუს შემდეგ ენისტონი გეგმავს მოკლე მოგზაურობას მეგობრებთან ერთად ლონდონში — ქალაქში, რომელიც მას განსაკუთრებით უყვარს მას შემდეგ, რაც იქ 1998 წელს, „მეგობრების“ ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებაზე იმყოფებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! 4 რჩევა ჯენიფერ ენისტონისგან: 55 წლის ვარსკვლავის “სილამაზის საიდუმლო”