#OK! თაკო მექვაბიძე – დიზაინერი, რომელმაც სტილი ისტორიად აქცია

16 hours ago 5

მოდა ხშირად იცვლება, მაგრამ არიან შემოქმედი ადამიანები, რომლებიც საკუთარ, განუმეორებელ სამყაროს ქმნიან, სამყაროს, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. OK! ბათუმის სტუმარი თაკო მექვაბიძე სწორედ ის დიზაინერია, რომლის ხელწერა არ ხუნდება, აქტუალობა კი წლიდან წლამდე იზრდება. ჟურნალის ფურცლებიდან გიყვებით ძლიერ, წარმატებულ ქალზე, რომელმაც საკუთარი ბრენდი უნიკალურ ისტორიად აქცია. თაკოსთვის თითოეული ნამუშევარი პატარა ამბავია – განცდით დაწყებული და დახვეწილ სილუეტში დასრულებული. სწორედ ამ ემოციურ ენერგიას ატარებს მისი დიზაინი, ამიტომაც აინტერესებს მსოფლიოს ვარსკვლავებს, ამიტომ იცვამენ მის სამოსს ჰოლივუდის ცნობილი სახეები, ხოლო მოდის სივრცეში მისი სახელი ხარისხის, უშეცდომო სტილისა და გამორჩეული ხედვის ნიშნად რჩება.

თაკო მექვაბიძისთვის მოდა მუდმივი დიალოგია საკუთარ თავთან, წარსულთან, აწმყოსთან, მშობლიურ ბათუმთან და იმ ემოციურ ყოველდღიურობასთან, რომელიც მის თითოეულ კოლექციას განსაკუთრებულობას სძენს.

თაკო, კარიერის დასაწყისს რომ დავუბრუნდეთ, რა იყო პირველი იმპულსი, რომელმაც დაგარწმუნათ, რომ დიზაინერი უნდა გახდარიყავით, ამ გზაზე რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელმაც დაგარწმუნათ: „ეს ნამდვილად ჩემი პროფესიაა!“

როდესაც, როგორც ნიუქამერმა პირველი კოლექცია „შავი გედი“ გავაკეთე და  პირველად გავიტანე fw-ზე, აი სწორედ მაგ დღეს, ჩვენების ბოლოს, თვითკმაყოფილების ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ მივხვდი – ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და იმას ვაკეთებ, რაც ჩემია და მიყვარს.

გქონდათ თუ არა გზის დასაწყისში შეგრძნება, რომ მიაღწევდით ისეთ წარმატებას, როგორიც დღეს გაქვთ, ანუ, საერთაშორისო ინტერესს, მსოფლიო ვარსკვლავების ყურადღებას და მუდმივ აქტუალობას?

სურვილი იმისა რომ გავსულიყავი ფართო მოდის ასპარეზზე, რა თქმა უნდა, სულ მქონდა, მაგრამ, ჰოლივუდით თუ დავიწყებდი, ნამდვილად არ მეგონა 🙂

როცა ხედავთ, რომ თქვენი შექმნილი სამოსი მსოფლიოს ცნობილ სახეებს აცვიათ, ეს უფრო პასუხისმგებლობაა თუ პროფესიული ტრიუმფის გრძნობა?

ორივე ერთად 🙂  თუმცა, პასუხისმგებლობა შეიძლება უფრო, რადგან არ ვჯერდები, არ ვკმაყოფილდები შედეგით  და მუდამ მეტს ვთხოვ საკუთარ თავს – არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. რაც სულ მაქვს – ეს მადლიერების გრძობაა.

მრავალი წლის განმავლობაში თქვენს ბრენდს არ დაუკარგავს სტილი, სახე და აქტუალობა. რას მიიჩნევთ მთავარ საიდუმლოდ, რომელიც დიზაინერს ასეთ ხანგრძლივ წარმატებას აძლევს?

შრომა, ხარისხის მაღალი სტანდარტის დაცვა და სიყვარული შენი საქმის მიმართ – ვფიქრობ, ეს არის ხანგრძლივი წარმატების მთავარი ღერძი.

თქვენი თითოეული პროექტი ყოველთვის ატარებდა კონკრეტულ, მკაფიო თემატიკას. რომელი კოლექცია იყო  ყველაზე დიდი შთაგონების წყარო და რატომ?

სადებიუტო  ჩვენება ჩემს ქალაქში, ბათუმში, რომლისთვისაც ბევრი წლები ვემზადებოდი. კოლექციის შთაგონება იყო – ჩემი წარუშლელი ბავშვური მოგონებები,  განცდები, ემოციები, ჩემი ქალაქი, მისი ყოველდღიურობა. ალბათ, ამიტომ არის და იქნება ჩემთვის მუდამ განსაკუთრებული კოლექცია.

თქვენი 2026 წლის კოლექცია აჭარულ ნაქარგებს ეყრდნობა, როგორ დაიბადა ამ იდეის კონცეფცია და როგორ გადაიტანეთ ტრადიციული ორნამენტები თანამედროვე მოდის ენაზე?

ჩემი ყოველი კოლექცია იწყება ინსპირაციით. სულ ვამბობ – ვერ ვქმნი ვერაფერს, რასაც განცდა, ისტორია არ აქვს. ასე მგონია სხვაგვარად არ გამოვა ისეთი, რაც გინდა რომ გამოგივიდეს. ჩემი კოლექციები ყოველთვის კავშირშია ჩემს ყოფასთან, ჩემს ცხოვრებასთან.

ყოველთვის მინდოდა აჭარულ ნაქარგებს შევხებოდი და გამეკეთებინა კოლექცია, მაგრამ თავს ვიკავებდი, რადგან ეს თემატიკა უკვე ბევჯერ გამოყენებული ჰქონდა სხვებს და სულ ვფიქრობდი – თუ გავაკეთებდი აუცილებლად სხვანაირად.

სახელოსნოში პრაქტიკანტად მივიღეთ ქალბატონი, რომელსაც ნათელა ერქვა, ის მაღალმთიანი აჭარიდან იყო. ჩემთან საუბარში თქვა, რომ ხელითაც ქარგავდა. ვთხოვე რომ ჟერსზე დაექარგა. ფერების პალიტრა შევცვალე, ძალინ მკვეთრი ფერებით ქარგავენ ხოლმე და მე, პირიქით, პასტელური ღია ფერები გავაკეთე. ეს ისტორიულად სამზითო ნაქარგები იყო, პატარძალს უმზადებდნენ ძველი დროიდან. ამიტომ, გადავწყვიტე საქორწილო კაბა დამექარგა პირველი, თან დაემთხვა ისიც, რომ ახალი დაწყებული  მქონდა weddind lines გაფართოება.

ქართული მოდა დღეს რამდენად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს?

გააჩნია რა კუთხით შევხედავთ. კრეატიულობით პასუხობს და უფრო მეტიც, კერვის სტანდარტით ბევრი გვაქვს სამუშაო, რადგან, ამ მხრივ, განვითარება გვჭირდება.

თქვენი შეფასებით 2025–2026 წლებში მსოფლიო მოდაში რომელი ტენდენციები გაძლიერდება და როგორ ემთხვევა ან ეწინააღმდეგება მათ თქვენი ბრენდის ვიზუალური ენა?

მომწონს როცა სამოსი არის ესთეტიკურად ლამაზი, ქალური, სილუეტური და მახარებს ის, რომ ეს ისევ ბრუნდება. მოდის სახლებმა გააცოცხლეს 80-იანი წლების კოლექციები და ქალი დაემსგავსა ქალს.

ყველაზე დიდ პასუხისმგებლობებსა და დატვირთულ გრაფიკში, როგორია თაკო მექვაბიძის თავისუფალი დრო? რა გაძლევთ ყველაზე დიდ ენერგიას ოჯახთან ერთად და როგორ ინარჩუნებთ პირად და პროფესიულ ცხოვრებაში ბალანსს?

თავისუფალ დროს ოჯახში  და მეგობრების გარემოცვაში ვატარებ.

მოგზაურობა მავსებს ახალი ენერგიით… და ჩემი შვილების ჩახუტება…

რა ეტაპზეა ახლა თქვენი შემოქმედებითი გზა, რაზე მუშაობთ, რა გეგმები გაქვთ უახლოეს პერიოდში და რა მიმართულებით გინდათ რომ განავითაროთ ბრენდი?

როგორც ყოველთვის, წინ ბევრი გეგმა და მიზანი მაქვს, ახლა კი, ონლაინ პლატფორმის განვითარებაზე ვარ ორიენტირებული, მინდა გაყიდვები გავაძლიერო. მგონი მოვიდა დრო ჩემს საქმეს ბიზნესის თვალითაც შევხედო.

ფოტო: film.collectiv

სრულად წაკითხვა