#OK! სიტყვის საზღვრებს მიღმა  – მარია აჭარელის ცხოვრების გზა და მიგნებები

16 hours ago 5

„ჩემთვის ყველაფერი სიტყვიდან იწყება“, – ამბობს ჟურნალ OK! ბათუმის სტუმარი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მარია მჟავანაძე, რომელსაც საზოგადოება მარია აჭარელით იცნობს. მისთვის პროფესია მხოლოდ საქმე კი არა, მუდმივი ძიებისა და აღმოჩენების გზა გახდა. მარიას სამყარო სავსეა აზროვნებით, დეტალებითა და სიღრმით, სადაც სიტყვა უბრალოდ საშუალება აღარ არის, არამედ ის განცდისა და შემოქმედების ფორმაა. მისი ხასიათი აერთიანებს ინტუიციას, სიფაქიზეს და დაუღალავ სურვილს, შეიგრძნოს სამყარო განსხვავებული თვალით. სწორედ ამიტომ, ყოველი მისი ტექსტი არა უბრალოდ ისტორია, არამედ შინაგანი დიალოგია სამყაროსთან.

უფრო ახლოს გაიცანით ჟურნალ OK! ბათუმის ფურცლებიდან.

საწყისი წერტილი… ბავშვობა და ძიების დასაწყისი.

დედამიწაზე რთულად მოვედი. დედაჩემს ძალიან მძიმე მშობიარობა ჰქონდა. ეზოთერიკაში ითვლება – როდესაც დედა და შვილი რთულ დაბადებას გადიან, ეს ნიშნავს, რომ მათი სულიერი შეთანხმება უკვე იყო და  დედამ აიღო საკუთარ თავზე გამოწვევა – მიეცა სხეული, ძლიერი სულისთვის, რომელიც მხოლოდ ასე შეძლებდა მატერიალიზებას. ანუ სული, რომელიც რთული დაბადებით მოდის, თითქოს ბრძოლით იძენს თავის ადგილს მატერიაში და თან აქვს ისეთი მისია, რომელიც სამყაროში ცვლილებებს მოიტანს

სამყაროში არა, მაგრამ საკუთარი ცნობიერის ტრანსფორმირება მეტნაკლებად შევძელი. ახლა მოდაშია ამ მდგომარეობის ასეთნაირად გამოხატვა, ანუ „სისტემიდან“ ამოვვარდი. აქვე, გულწრფელი და ღრმა მადლიერება ჩემს დედას, იმისთვის, რომ მომავლინა ამ სამყაროში.

ბავშვობა ჩვეულებრივი მქონდა, პარალელურად, პასუხისმგებლობებით გაჟღენთილი. აქტიურად ვმონაწილეობდი ძმის, ბიძაშვილების აღზრდაში. ვეხმარებოდი უფროსებს, ბებიას მთაში, ბიცოლებს სოფელში, დედას სახლში… მოკლედ, საყოფაცხოვრებო საკითხებში, ძალიან ბავშვობიდან, კარგად ვერკვევი, როგორც უმეტესი მილენიალების თაობის წარმომადგენელი. ჩვენ სულ სხვა ხიბლი გვაქვს, რადგან გადარჩენისა და მოვლენათა ცვლილებების ფეხის აყოლის საოცარი უნარით გამოვირჩევით.

რამდენად ახლოს ხართ იმ პატარა მარიასთან დღეს?

ძალიან ახლოს. მამას პრინცესა გოგო არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ „კრასავიცას“ კი მეძახდა. რაღაც განსაკუთრებული ბავშვური ტრავმებით მაინცდამაინც არ გამოვირჩევი. ერთადერთი რაზეც დედას დღემდე გული წყდება არის ის, რომ მაშინ ბავშვებს სათანადოდ არ გვეფერებოდნენ, როგორც დედა ხსნის უხერხული იყო შვილის ზედმეტად ალერსში ყოლა მე უფრო მახსოვს, მუდმივი პროტესტები. ვაპროტესტებდი ყველაფერს, რაც ქალის არსს ანგრევდა, ფიზიკურად თუ მენტალურად. ახლა ვხვდები, რომ ეს არც თუ ისე  უსაფუძვლო ყოფილა, რადგან რასაც ირგვლივ ვხედავთ, ყველაფერი თითქმის ქალის თმენის უნარზეა დაშენებული.

პროფესიული გზა, გამოცდილება და სირთულეები… რას ნიშნავს იყო ჟურნალისტი დღეს და გქონდეს ადამიანების ნდობა?

ოჯახში ფიქრობდნენ, რომ მე უფრო შემეფერებოდა პედაგოგიური საქმიანობა. პირობითად, დაწყებითების მასწავლებლობა გამომივიდოდა კარგად.  ამ შემთხვევაში მოვახერხებდი მუშაობასაც და პარალელურად უფრო მეტი დრო დამრჩებოდა საკუთარი ოჯახისთვის, რომელიც იმ პერიოდში არ მყავდა ცხადია, ეს სამომავლოდ სარფიანი გათვლა უფრო იყო.

არ გამოვრიცხავ იმას, რომ მართლა გამოვირჩეოდი გადმოცემის განსხვავებული უნარით და ბავშვებთან ადვილად ვამყარებდი კონტაქტს. ამ მიმართულებითაც მექნებოდა მიღწევები, თუმცა აქ პროტესტი უფრო მქონდა ფენომენთან ,,შეეფერება“.

მსახიობობა და სცენა გამორიცხული იყო, ამიტომ მკაფიოდ გადავწყვიტე ჩამებარებინა ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. დღეს ინფორმაციის გავრცელება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, რადგან  ნებისმიერს შეუძლია ვიდეოს ჩაწერა, სტატუსის დაწერა და თემის წამოწევა, თუმცა მხოლოდ მცირედს შეუძლია გააკეთოს ისე, რომ ინფორმაცია გადააქციოს ნდობად. სწორედ აქ იწყება ნამდვილი ჟურნალისტიკა. მე არ ვარ „ნიუს-რუმის“ წევრი, სრულიად შემოქმედებითი მიმართულება ავირჩიე. ჟურნალისტი შემოქმედებითი მიმართულებით – ეს არ არის მხოლოდ ის, ვინც, ვთქვათ, ამბავს გვიყვება, არამედ ის, ვინც ამბავს ქმნის, ახლებურად ხედავს და გრძნობს. ანუ  შემოქმედებითი ჟურნალისტი ფაქტებს აერთიანებს ემოციასთან, რაც მეტნაკლებად უკეთ გამომდის, ჩემთვის მნიშვნელოვანია მაყურებელი გრძნობდეს იმას, რასაც ხედავს და ისმენს.

დღეს ვიდეოს ყურების საშუალო ხანგრძლივობა ხშირად მხოლოდ 3-7 წამია, და ეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ცვლილებაა თანამედროვე მედიისა და ადამიანური აღქმის ფსიქოლოგიაში. ეს რეალობა არ ნიშნავს, რომ ღრმა კონტენტი გაქრა, პირიქით, ახლა მნიშვნელოვანია როგორ ჩაატევ ღრმა აზრს პირველ 7 წამში. ეს არის ახალი ჟურნალისტური ენა, გვინდა თუ არ გვინდა.

როგორც ვიცით, გაქვთ ახალი ბლოგი ,,ჩვეულებრივის მიღმა – Beyond the ordinary“- რითაც საზოგადოებას უყვებით ქართულ მივიწყებულ ადგილებზე, ამბებზე, რომელიც თავის ისტორიულ საიდუმლოებებს ატარებს. რა არის ამ ყველაფრის შინაგანი მისია, როგორ გაჩნდა ეს იდეა. რა იყო ის შინაგანი ბიძგი, რომელმაც გითხრა ,,ახლა დროა“, ანუ როგორი იქნება მარია მჟავანაძის ხელწერა ამ ბლოგში, ემოციური, კვლევითი, ფილოსოფიური თუ სამივე ერთად?

სამივე ერთად, დამატებული დაუჯერებელი და საიდუმლოებებით მოცული ამბები და ალტერნატიული ჰიპოთეზები. თუმცა ამ ბლოგს მარია აჭარელის ხელწერა აქვს. ეს ჩემი სატელევიზიო ფსევდონიმია, რაც ასევე პროტესტის ნიშნად შეიქმნა. რატომღაც ადამიანები, ახლოს გაცნობისას, ვერ იჯერებდნენ იმას, რომ აჭარიდან ვიყავი. ჰოდა, მეც ასე მარტივად ავიღე და დავირქვი მარია აჭარელი.

რაც შეეხება ბლოგს, ის მიმდინარე წლის მაისის თვეში შეიქმნა. აქ უკვე არის და იქნება თავმოყრილი ის შავი თუ თეთრი ვიდეომასალა, რომელზე მუშაობაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ზოგჯერ საკმარისია შეხედო ერთი და იგივე მოვლენას სხვა თვალით და მოულოდნელად მიხვდები, რომ ის არასდროს ყოფილა ისეთი, როგორსაც გვასწავლიდნენ. ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი შეიძლება გახდეს აღმოჩენა – უძველესი მითიდან დაწყებული, დღევანდელი რეალობით დამთავრებული, რადგან ჩვენი რეალობა ბევრად ღრმაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ბიძგი მოხდა, ლეჩხუმში, მას შემდეგ როდესაც იდუმალებით მოცული ხვამლის მთა დავლაშქრე, ვფიქრობ, მაშინ გაიხსნა დაგროვილი პოტენციალი ჩემში და ამ გვერდის შექმნის იდეის განხორციელებისკენ მიბიძგა.

რომელმა აღმოჩენამ ან ისტორიამ იმოქმედა თქვენზე და სხვანაირად დაგანახვა საქართველო?

ჩვენი ეგო ხშირად გვაფიქრებინებს, რომ თითქოს ყველაფერი შენ იპოვე, აღმოაჩინე, პირველმა მოყევი, მაგრამ მერე ხვდები, რომ ზოგი ადგილი და ამბავი თავად გპოულობს. ზოგს გამოუჩნდება ინფორმაცია, ზოგს არა. შენსას თუ არ დაიშლი, „დაისჯები“, რადგან სამყაროს თავისი კანონები აქვს.

ასე კონკრეტულად ვერ გამოვარჩევ, საქართველოში ყველა ადგილი თავის უნიკალურ ამბავს ყვება. მე უფრო საერთო სურათის აღქმა შემიძლია, რომელსაც, ცხადია, აკლია პაზლები და სწორედ მათ ჩალაგებას ვცდილობ. მე ვგრძნობ, რომ საქართველო, ზოგადად კავკასია, არის გადასასვლელი ცნობიერების სხვა საფეხურზე. აქ ბევრი ცოდნა იმალება და თავისებურად ვიბრირებს. სხვანაირად წარმოუდგენელია, როგორ გადარჩა საქართველო, ქართველი ერი და უნიკალური ქართული ენა, რომელიც დაშიფრული კოდების მატარებელია. ამ მიმართულებით ჩვენ მალე უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, რადგან ქუთაისში უკვე გაიხსნა „იბერიის კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრი“, რომელიც აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას. ზოგადად, მე მწამს, რომ სწორედ კოლხ-იბერთა ინტეგრაციამ შვა საქართველო და „დასავლური ცივილიზაცია“, ბევრი რამ მიზანმიმართულად წაიშალა, დაიმალა და გაყალბდა.

ყველაფერი კომპლექსურია, ამიტომ ამაზე სასაუბროდ, ამ მშვენიერი ჟურნალის ფურცლები არ მეყოფა, თუმცა შემიძლია გაგიზიაროთ რა თემაზე ვიმუშავე ბოლოს. ეს გახლავთ უფლისციხის და ბიბლიური იერუსალიმის ერთი და იგივეობის ალტერნატიული ჰიპოთეზა, რომელმაც მრავალი ემოცია გამოიწვია.

გვიამბეთ სიყვარულზე. როგორი გზით შემოვიდა იგი თქვენს ცხოვრებაში და როგორ ახერხებთ ორი შემოქმედი ადამიანი ერთ ოჯახში ჰარმონიას და განვითარებას.

თუ ოჯახში, რომელიც შენ შექმენი, განვითარებას ახერხებ, მაშინ ჰარმონიაც მარტივი მოსაზიდია. ის თავისთავად ისადგურებს. და ჰარმონია ყოველთვის არ გულისხმობს გიჟურ სიყვარულს, ყოველთვის კი არა, საერთოდ არ გულისხმობს. ყველაფერს გიჟურს და აკვიატებულს თავისი ვადა აქვს. ბექა მაშინ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც გავაცნობიერე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდიოდი და უკვე სასწრაფო წესით შესაცვლელი იყო ჩემი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი. ანუ მსხვერპლის როლიდან როგორც კი გამოვედი, მოვიდა ღირსეული პარტნიორი. ზოგადად, ჩვენს გვერდით ის პარტნიორია, რომელსაც იმ კონკრეტულ მომენტში ვიმსახურებთ.

ბექას მუსიკა არის თქვენი შინაგანი სამყაროს გამოძახილი?

არა მარტო მუსიკა, თავად ბექას პიროვნებაა ჩემი სამყაროს გამოძახილი. მას შეუძლია ყოველგვარი პირობის გარეშე იყოს შენთან და გვერდით გედგეს, ყველაზე სულელურ წამოწყებაშიც კი. მას აქვს უნარი  უპირობოდ შეიყვაროს ადამიანი. აქვს განსხვავებული გემოვნება, სხვა სიღრმე. მუსიკაში მრავალმხრივია, ინოვატორიც კი. ასევე ქმნის მუსიკას ფილმებისთვის, რაც კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა. ბოლო პერიოდში კი მეც შევემატე და ჩემი სიუჟეტებისთვის წერს მუსიკას, რაც ჩემთვის ფასდაუდებელია.

როგორ მოქმედებს სიყვარული თქვენს აზროვნებაზე, ჟურნალისტურ ხედვაზე, თვითგამოხატვაზე?

ჩვენ ხომ ყველა ერთმანეთის სარკეები ვართ. ბექას (სარკეში) გვერდით ჩემი თავი უფრო შემიყვარდა და უფრო მომწონს. ჩემი გამოსახულება და შინაგანი წყობა, უფრო დამშვენდა, დალაგდა და დამშვიდდა. ჩვენს კავშირს  ,,No ordinary Love“-ს ვეძახი. მიჭირს ახსნა. აქ სიყვარულიც არის, მეგობრობაც, პარტნიორობა, თანამშრომლობა, ნდობა, პირდაპირობა, პირადი საზღვრები, პატივისცემა და ა.შ. ამ ურთიერთობაში არ მიწევს თამაში, ვარ ის ვინც ვარ. ასე რომ, ეს ჩემს თვითგამოხატვასთან პირდაპირ კავშირშია.

რა გაკვეთილი გასწავლათ ერთობლივმა ცხოვრებამ ყველაზე ღრმა და ადამიანური?

მიმღებლობა. ურთიერთობაში ადამიანის გადაკეთების სურვილი თუ გაგიჩნდა ე.ი. თავიდანვე არასწორად დაიწყე და შეგექმნა ილუზია. მოლოდინები არ გამართლდა და იმის ნაცვლად რომ აღიარო, მე შემეშალა, იწყებ პარტნიორის გადაკეთებას, რაც საბოლოო ჯამში ანგრევს, კლავს ურთიერთობას. ასეთ დროს უმჯობესია, ყურადღების ცენტრი შენი თავისკენ მიმართო, რადგან მანდ უფროა სამუშაოები ჩასატარებელი, ვიდრე პარტნიორთან. ყველაფრის გამართვა, გამოსწორება, შეცვლა საკუთარი თავით იწყება. ამიტომ ეს დიდი გაკვეთილი ბექასთან გავიარე, რისთვისაც მისი უზომოდ მადლიერი ვარ. მან თავად ვერც კი გაიგო ეს ისე მოხდა )).

ხშირად საუბრობთ საკუთარ თავში მოგზაურობაზე, როგორია ეს გზა, უფრო მტკივნეული თუ განთავისუფლების მსგავსი?

საკუთარ თავში მოგზაურობა, ყველაზე რთული და ყველაზე ნამდვილი გზაა. გარემოს შეცნობა ადვილია, ვხედავთ, ვეხებით, ვაფასებთ. მაგრამ, როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარი აზრების, შიშების, სურვილებისა და მეხსიერების კვლევას, იქ ნამდვილი თავგადასავალი ელის. რეალურად, ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავის გაცნობით ვხვდებით, რა გვაკავებს და რა გვამოძრავებს სინამდვილეში. როცა შიგნიდან ვხედავთ ჩვენს ძალას, ჩვენს ტკივილს, ჩვენს წყაროს და ვიჭერთ შინაგან ცენტრს, მე ასე ვფიქრობ, სწორედ მაშინ იბადება თავისუფლების შეგრძნება.

რას ეძებთ ამ სამყაროში ყველაზე მეტად – სიმშვიდეს, სიღრმეს, სიყვარულს თუ პასუხს, რომელიც ჯერ ვერ იპოვეთ?

 ასე კონკრეტულად არც არაფერს. უფრო დამკვირვებლის პოზიციაში ვარ. ეს მდგომარეობა შინაგანი სიმშვიდის ერთგვარი ფაზაა, რომელიც ადამიანს  ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს როგორც უმოქმედობა. მაგრამ, პირიქით, ეს არის მდგომარეობა, როდესაც შენ უკვე აღარ მოქმედებ ინსტინქტურად ან შიშით, არამედ ყველაფერს ხედავ ისე, როგორც არის, ნამდვილ ფერებში. ეს ფაზა, ასე ვთქვათ, აღარაა მიმართული გარესამყაროს შეცვლაზე, არამედ მის მიღებაზე ისეთად როგორიც არის. ასეთ დროს ადამიანი აღარ ეძებს აზრს, რადგან თავად ხდება აზრი.

როგორია ქალი, რომელიც ყოველდღე საზოგადოებრივ სივრცეში ჩანს და ამავე დროს სულიერადაც საკუთარ თავთან დიალოგშია?

ალბათ, არაფერს აღარ ამტკიცებს და ძირითადად ეღიმება. ანუ უფრო კონკრეტულად რომ ავხსნა. არ მეშინია ვიყო ყველანაირი, არ ვცდილობ სიყვარულის მოპოვებას, ვიღებ კრიტიკას, მათ შორის ძალიან მშვიდად, არაჯანსაღსაც, თამამად ვამბობ იმას რასაც ვფიქრობ, ხმამაღლა ვაღიარებ შეცდომებს, ბოდიშის მოხდა არ მიჭირს… სრულიად გახსნილი და,  შეიძლება ითქვას, ზედმეტად თავხედურად გულწრფელი ვარ. თუ სიღრმისეულად შევხედავთ საკითხს, ქალი, რომელიც გამუდმებით საკუთარ თავთან ჯანსაღ დიალოგშია, ერთდროულად ორი სამყაროს შიგნით ცხოვრობს, ხილულსა და უხილავს შორის. ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, იქნება ეს ენერგიების დაბალი, მაღალი სიხშირეები, ადამიანების აურა, სხვისი ტკივილები თუ მორგებული ნიღბები.

რა არის თქვენთვის თავისუფლება – გადაწყვეტილება თუ სიჩუმე? 

შინაგანი თავისუფლების ყველაზე ნამდვილი სახე არის ბალანსის შენარჩუნება. ანუ, როდესაც შენ ბალანსში ხარ, არ გმართავს არც შიში, არც სურვილი, პირიქით, შენ თვითონ გაქვს სადავეები და შენ თვითონ ირჩევ. ბალანსი ცხოვრებაში ნიშნავს იმას, რომ შენ უკვე არ ექცევი არავის უკიდურესობაში. მარტივად რომ ავხსნათ, ესაა მდგომარეობა, სადაც შენ მართავ შენს ენერგიას, და არა პირიქით. ესაა ჩემთვის შინაგანი თავისუფლება.

მედია დღეს ხშირად ზედაპირულია, როგორ ინარჩუნებთ თქვენში სინამდვილეს, სიმყუდროვეს, სწორხაზოვნებას?

არ ვიცი რამდენად გამომდის ეს, მაგრამ თუ რამე გამომდის მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვთამაშობ როლს. არ ვცდილობ ვიყო „კარგი ჟურნალისტი“. არ მივმართავ ენერგიას სკანდალისა და რეიტინგის შექმნაში, უფრო მთხრობელის როლი მაქვს და ყველაფერში ვეძებ სიღრმისეულ აზრს. ვინც გაიზიარებს გაიზიარებს, ვინც ვერა ე.ი. ჯერ არ მოსულა დრო.

ამბობთ, რომ თქვენი ყველაზე დიდი ენერგია მიჯაჭვულობებს მიჰქონდა. რა იყო ყველაზე რთული მიჯაჭვულობა რომლისგანაც გათავისუფლება გჭირდებოდათ?

სანამ შინაგან წერტილს, ცენტრს არ მიაგნებ, მანამ დიდი შანსია სულ ვინმეზე ან რამეზე იყო მიჯაჭვული. სინამდვილეში მიჯაჭვულობა სიცარიელის შევსების მცდელობაა. ეს ნიშნავს ენერგიის მიბმას იმაზე, რასაც შინაგანად ვერ ფლობ ან არ გყოფნის. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, განცდა, სტატუსი, წარმატება, ნებისმიერი რამ, რაც გგონია რომ გარეთაა და არა შენში. ამ დროს მიჯაჭვულობა ყოველთვის სიგნალია, შენი სული გეუბნება „ამის ენერგია შენს თავში უნდა გააღვიძო, და მერე აღარ მოგინდება, მოგენატრება“. და როდესაც მართლა ახერხებ და იაზრებ იმას, რომ რაც გაკლია, რეალურად შენს შიგნითვეა, მიჯაჭვულობა ნელა ქრება. მის ადგილას კი მოდის შვება, თავისუფლება და მადლიერება.

ხშირად საუბრობთ სიმბოლოებზე, როგორც მოქმედების ენერგიაზე. როგორ უკავშირდება თქვენს ცხოვრებაში სულიერი ნიშნები ყოველდღიურ ქმედებებს?

როდესაც საკუთარი თავის შეცნობას იწყებ, ერთ მომენტში ეს ბუნებრივად მოდის – სამყარო იწყებს შენთან საუბარს.

ის თავს გიჩვენებს სიმბოლოებით, მინიშნებებით, შემთხვევითობებით, როგორ ვთქვა?! თითქოს უხილავად გიდგება გვერდით. სინამდვილეში სამყარო ყოველთვის გვესაუბრება, უბრალოდ, მისი ხმის გაგება მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ არსში არსებულ სამყაროს უახლოვდება. ამ გზაზე მთავარია უკიდურესობაში არ გადაეშვა, ვთქვათ, არ ჩაიციკლო მინიშნებებზე, არ გადააქციო ისინი ერთადერთ გამართლებად. ამ დროს უნდა შეძლო მთლიანი სურათის დანახვა. მაგალითად, როდესაც რაღაც არ გისრულდება, ეს ყოველთვის ,,ტრაგედია“ არ არის. ამ დროს უნდა გადახედო შენს მდგომარეობას, შეიძლება რომ ჯერ დრო არ მოსულა, ან არის რაღაც, რაც ჯერ უნდა დაამუშაო, ჩახურო, შეიმეცნო. ხანდახან ერთი კარი უნდა დახურო, რომ მეორე გაიღოს, ძველი ენერგია უნდა გათავისუფლდეს, რომ ახალმა შეძლოს შემოსვლა.

მაგალითისთვის თუ ტელეფონის მეხსიერება სავსეა, ახალ სურათს ვერაფრით ვერ გადაიღებ. თუ ამ დროს ძალიან გჭირდება, შედიხარ გალერეაში და უკვე იქ ახარისხებ რა წაშალო, იმისთვის, რომ ადგილი გამოგითავისუფლდეს. დაახლოებით ეს ამბავია.

როგორ ახერხებთ, რომ თქვენი პროფესიული ამბავი, თქვენი სულიერი გზის გაგრძელებად იქცეს?

ვაბალანსებ. ენერგია – იგივე ჩვენი ყურადღებაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის ერთნაირად და დაბალანსებულად მივმართოთ ყველაფრისკენ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩემს შემთხვევაში ასეა: როცა მთელი ძალით გადავერთვები, მაგალითად, საქმეში, ტელევიზიის ამბებში, გადაცემის მომზადებაში და თითქოს სამყაროც მხოლოდ იმ მიმართულებით მოძრაობას იწყებს, სწორედ მაშინ რაღაც ისეთი ხდება ოჯახში, რაც ჩემს ყურადღებას საჭიროებს. ამ დროს სამყარო მეუბნება რომ არსებობს სხვა სივრცეც, რომელიც ჩემს ყურადღებას საჭიროებს. სულიერი გზით სვლის ინტერესი არ უნდა გადაგექცეს მოძღვრებად და დოგმად. ზოგადად ჩარჩოში არაფერმა არ უნდა ჩაგსვას. როგორ მივხვდეთ, რომ საზღვრებში ვართ მოქცეულები?!  მარტივად, ამ დროს ხშირ შემთხვევაში მიუღებლობა გვერთვება, ზოგჯერ კატეგორიულიც.

გვიამბეთ თქვენს ბათუმზე, მის ენერგეტიკაზე…

მართალია, ბათუმში ჩემი ღრმა ბავშვობა არ გამიტარებია და არ მაქვს ის ბავშვობის ადგილები თუ ქუჩები, რომლებიც კონკრეტულ მოგონებებს მახსენებს, რაც ხშირად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკუთარი ქალაქის სიყვარულის აღქმაში.

მაგრამ, ბათუმი მაინც ის ქალაქია, რომელიც სუნთქვის საშუალებას მაძლევს. მემედ აბაშიძის გამზირი, სადაც აჭარის ტელევიზიის შენობა მდებარეობს, ყოველთვის დარჩება ჩემს საყვარელ ქუჩად, მიუხედავად იმისა, სამყაროს რომელ წერტილშიც არ უნდა გადამაგდოს ცხოვრებამ. ბათუმი გამორჩეულია თავისი ატმოსფეროთი და ადამიანებით – ამას ყველა გრძნობს, იქნება ის ადგილობრივი თუ უბრალოდ ჩამოსული სტუმარი.

ეს ქალაქი თავის ნიშას დიდი ხანია ინარჩუნებს, ნიშას, რომელსაც ჰქვია უპირობო მიმღებლობა.

რა არის თქვენი მიზანი როგორც ჟურნალისტისა და ბლოგერის. როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი წლების შემდეგ?

რეალურად ჩვენ ისიც კი არ ვიცით რა მოხდება ხვალ, ან სულაც, ერთი წუთის შემდეგ. ამიტომ დიდი ხანია აღარ „ვაპროგრამებ“ წინასწარ არც ჩემს ნაბიჯებს და არც მომავალს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას ვიშორებ ან ცხოვრების დინებას უსიტყვოდ მივყვები. უბრალოდ, მივხვდი, რომ ზოგჯერ ყველაზე მართალი გზა სწორედ ისაა, როცა აქ და ახლა ხარ. გულწრფელად, მთელი არსით. ამ ფენომენში იმხელა ჯადოქრობაა, ვინც ჩააგნო, მარტივად გაიგებს ჩემს სათქმელს. ამიტომაც მიჭირს ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა. არ ვიცი, როგორი ვიქნები ხვალ, რა თემები დამაინტერესებს, სად ამომაყოფინებს სამყარო თავს, ან რას შემახსენებს. თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი, იქ, სადაც ახლა ვარ, თავს მშვიდად და თვითკმარად ვგრძნობ. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც მაქვს, ვინც ვარ და სადაც მოვედი.

სრულად წაკითხვა