სანამ სცენაზე დავდგებოდი მანამდე მიცნობდა ხალხი, თბილისი ჩემი სისხლი და ხორცია, ჩემი ბედნიერებაა და ასე იქნება ყოველთვის. შეგრძნებებთან კავშირი, მამაჩემის ლექსიდან ფრაგმენტი მახსენდება: „ბედნიერება, იგი ჩემი ჩვილი ბავშვია, არ ამიტიროთ ბედნიერება“
რას ნიშნავს თბილისელობა?
ქალაქელობა არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც ქალაქში უნდა დაიბადო, მთავარია შენი ქცევით იყო ქალაქელი. რას აკეთებ შენ შენი თბილისისთვის ესაა მთავარი, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩვენი ქალაქი საკუთარ თავს აღარ ჰგავს, ადრე მეტი სიყვარული იყო, მეტი გაგება და ურთიერთპატივისცემა, მაგრამ ამას წინათ ძალიან მაგარი ბიჭები ამოვიდნენ ჩემთან, არცერთს არ ვიცნობდი, ისინი ჩემმა სიმღერებმა ამოიყვანა. გამაბედნიერეს, ამაზე მაგარი რაუნდა იყოს?! აი ასეთი მინდა იყოს დღესაც თბილისი. ეს სითბო და უბრალოება მინდა, რომ ჰქონდეს ახალგაზრდებს ერთმანეთის მიმართ.
გიფიქრიათ, რომ ოსედმე ასეთი პოპულარული გახდებოდით?
ყოველთვის ვგრძნობდი, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევდი, მაგრამ მაშინ კომუნისტების დრო იდგა და აქედან გამომდინარე ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორიც მქონდა, მაგრამ ბოლომდე მეყო ნებისყოფა და თავდაუზოგავი შრომით ჩემსას მაინც მივაღწიე.
ყველაზე დიდი შრომა თქვენი რეპერტუარიდან რომელ სიმღერაშია ჩადებული?
ჩემს სიმღერებს წლები შევალიე, თითქმის ყველას… მაგალითად “გრანადის ახლოს“ ოცი წელი ვწერდი, ჯანსუღმა ხელი ჩაიქნია – არაფერი გამოვაო, მაგრამ მე მაინც არ მოვეშვი. კიდევ ძალიან ბევრი იდუმალი სიმღერა მაქვს, რომელიც დასრულებულია და ხალხს ჯერ არ მოუსმენია. ვფიქრობ ახლო მომავალში გავმართავ კონცერტს.
ამბობენ, თქვენს სიმღერებს თქვენზე უკეთესად ვერავინ ასრულებსო, როგორ ფიქრობთ რატომ?
მიზეზი ალბათ მხოლოდ ისაა, რომ ეს ჩემი ისტორიაა, ამბავი, რომელიც მე გადამხდა თავს და განვიცადე. აქ ჩემი ემოციაა ჩადებული, ყველა განცდა, ტკივილი თუ სიხარული.
მუზა რა არის თქვენთვის?
მუზა ჩემთვის ცოცხალი სულია, რომელიც არასდროს იცი როდის მოდის, უბრალოდ თუ დროზე არ აუსრულე ის რასაც ითხოვს, მიგვატოვებს და წავა. იმიტომ, რომ შენ მას პატივი არ ეცი, არ მიეცი საშუალება, რომ სრულფასოვნად გემღერა. მუზას მართალი ადამიანები უყვარს და მხოლოდ მათთან მიდის.
რატომ არასოდეს ბეზრდება ხალხს თქვენი სიმღერა?
ჩემი სიმღერები ნამდვილია, მათში ნამდვილი ვნება მუხტი და სიმართლეა ჩადებული და ალბათ ამიტომ.
როგორ ფიქრობთ, როგორ შეავსეთ ბატონი ჯანსუღის შემოქმედება?
იმით, რომ ვიგრძენი, მის ლექსებს მუსიკა სჭირდება..
როგორც ცნობილია ქალბატონი ირმაც წერდა ლექსებს
კი, დედაჩემსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს შემოქმედებაში, „ირინოლა“ მისი დაწერილია.
სინამდვილეში როგორია მამუკა ჩარკვიანი?
მიჭირს ჩემს თავზე საუბარი. ეს მან უნდა თქვას ვინც მიცნობს, მაგრამ მგონია, რომ ჩემი თავი ვიპოვე და ამით ბედნიერი ვარ.
საკმაოდ ძლიერი აღმოვჩნდი. არავის ვუსურვებ ჩემს ადგილზე ყოფნას. 8 უმძიმესი ოპერაცია გადავიტანე. ეს ყველამ იცის, აღარ მოვყვები და ბევრი სხვა დანარჩენიც იყო… მაგრამ არ უნდა გატყდე, ფეხზე უნდა იდგე, არ უნდა შეგეშინდეს. ცხოვრება ხომ ასეთია, რამდენჯერაც დაეცემი იმდენჯერ უნდა ადგე, აი მაშინ ხარ მაგარი!
რისი პატიება არ შეგიძლიათ?
შეცდომას ყველა ვუშვებთ, რომლებზეც ვსწავლობთ. უშეცდომო ადამიანი ხომ არ არსებობს, მაგრამ ისეთ მატყუარა და ფლიდ ხალხს, რომელსაც შეუძლია თავისი არსებობით სხვას მწარედ ავნოს და მთელი ცხოვრება ამოუტრიალოს, ორგანულად ვერ ვგუობ და ვერც ვერასდროს შევეგუები. მე ნამდვილი და უბრალო ხალხი მიყვარს. ასეთები სანთლითაა საძებარი, რატომღაც ქაჯობამ გვაჯობა დღეს და ამას ბევრი მიზეზი აქვს.
როგორ ფიქრობთ დროს მართლა მიაქვს სევდა?
გარკვეულწილად მიაქვს, მაგრამ მეხსიერებაში გრჩება ის ყველაფერი, რამაც კი ტკივილი მოგაყენა.
სიყვარული რამდენჯერ მოდის ცხოვრებაში?
იმდენჯერ, რამდენჯერაც მოუნდება, მაგრამ გალაქტიონს მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი.
სიყვარულისთვის ყველაზე დიდი სიგიჟე რა ჩაგიდენიათ?
სიყვარულის გამო ძალიან ბევრი სიგიჟე ჩამიდენია. სიყვარული სიგიჟის გარეშე არ არსებობს. ყველა ასაკში სხვადასხვანაირად გიყვარს… მახსოვს ბავშვობაში გოგო მიყვარდა, ვერ ვეუბნებოდი და ჩანთაში ყვავილებს ჩუმად ვუკუჭავდი, ისიც დღის ბოლოს დამჭკნარ ყვავილებს პოულობდა.
თავისუფება რა არის თქვენთვის?
თავისუფლება სხვა განზომილებაა, რომელსაც გონებრივად უნდა ჩაწვდე და სწორად გაიგო, მაგრამ მე მაინც მგონია, როდესაც ამ ქვეყნიდან გავალ, მაშინ ვიქნები ყველაზე თავისუფალი.
რომ შეგეძლოთ დროის უკან დაბრუნება, რომელ ასაკში დაბრუნდებოდით?
არასოდეს დავბრუნდებოდი უკან, მე ჩემი გზა უკვე გამოვიარე.
ვინ გენატრებათ ყველაზე მეტად?
ბევრი ხალხია წასული, ვნახავდი ერთი-ორს
უფალი, რომ გენახათ რას ეტყოდით ან თხოვდით?
უფალი, რომ შემხვედროდა მადლობას გადავუხდიდი ყველაფრისთვის, რასაც ისედაც ყოველდღე ვაკეთებ. მთელი ცხოვრება ვგრძნობდი მის გვერდში დგომას, გადმომიგდებდა სიმღერას და ხან ჰიტი იყო და ხან ჰიმნი. რაც კი რამე ღირებული შემიქმნია ცხოვრებაში, ყველაფერი მისი წყალობით მოხდა.
ხშირად ამბობთ, რომ ჯანსუღი მკაცრი მამა იყო, რაში გამოიხატებოდა მისი სიმკაცრე?
ჯანსუღი ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი იყო, მაგრამ ამასთან მკაცრიც. სიმკაცრე საჭიროა ხშირად შვილთან ურთიერთობაში ზღვარს, რომ არ გადავიდეს.
უმეტესად რის გამო ბრაზდებოდა მამა?
ერთხელ პიცუნდაში წავედი მეგობრებთან ერთად და აღარ ჩამოვდიოდი, ბილეთის ფული ზუსტად ხუთჯერ გამომიგზავნა. ბოლოს ტელეფონზე დარეკვის საშუალებაც აღარ მქონდა და ორ სიტყვიანი ტელეგრამი ძლივს გავუგზავნე ტექსტით „ფული გამომიგზავნე“ რათქმაუნდა გაბრაზდა და არ გამომიგზავნა. როგორც იქნა ჩამოვედი თბილისში და ვკითხე ფული რატომ არ გამომიგზავნემეთქი? შემომხედა და მითხრა… „ბრძანებითი კილოთი რომ მწერდიი ფული გამომიგზავნე! გეთხოვა მაინც“-ო
რას ეტყვთ ხალხს? ახალ თაობას?
რაც შეიძლება მეტი წიგნი წაიკითხონ, მეტად განათლდნენ. ახალგაზრდების უმეტესობის მთავარი პრობლემა უწიგნურობაა. დღე და ღამე კომპიუტერთან სხედან, ამიტომაც გაცივდა ურთიერთობებიც. ვეტყოდი, რომ ერთმანეთი უფრო მეტად დაინდონ და უფრო მეტად უყვარდეთ.
მადლობა მამუკა ჩარკვიანს და მის ოჯახს ფოტოების მოწოდებისთვის.
ფოტოგრაფი – ზაქარია ჭელიძე
ტექსტი: ანა ფერაძე