ჟურნალი OK! გაგაცნობთ დამწყებ მოდელს, სალომე პრესსერს, რომელიც ბელგიაში დაიბადა, ამჟამად ჰოლანდიაში ცხოვრობს და თავისი ბავშვური ოცნებების ახდენის გზას მიჰყვება. ხშირად სტუმრობს საქართველოს და სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას გადაწყვიტა პროფესიონალურად მოეკიდა ხელი ამ პროფესიისთვის. ხელოვნებისა და სილამაზის სამყაროში აღმოჩენილი სიყვარული მისთვის მხოლოდ გატაცება არ არის, არამედ პროფესიულ გზად იქცა. მოდელის პროფესია სალომესთვის სცენაზე გასვლისას არა მხოლოდ გარეგნული სიამოვნებაა, არამედ ემოციის, ენერგიისა და ოცნების გადმოცემის უნიკალური საშუალება. მისი მიზანდასახულობა, შრომა და თავდაჯერებულობა კი ის თვისებებია, რომლებიც აუცილებლად გაუკვალავს გზას მიზნებისკენ. ამჟამად ჰოლანდიის სამოდელო სააგენტოში ეუფლება ამ პროფესიას, ახლო მომავალში კი პარიზის მოდის კვირეულზე ვიხილავთ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც უკეთ გაგაცნობთ სალომე პრესსერს.
გაგვაცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
მე ვარ სალომე, 15 წლის, საქართველოდან, ვცხოვრობ ჰოლანდიაში. ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა ხელოვნება და სილამაზის სამყარო, ხშირად ამ სამყაროს ნაწილად ვგრძნობდი თავს ჩემს ღრმა ბავშვურ ოცნებებში. მოდელობა ჩემთვის არა მხოლოდ პროფესია, არამედ შესაძლებლობაა, საკუთარი ენერგია და ემოცია სცენაზე გამოვხატო. ეს ჩემთვის სიზმრის ახდენას ჰგავს.
როდის დაინტერესდით პროფესიონალურად სამოდელო სფეროთი და როგორ იყო პირველი ნაბიჯები?
ფოტოაპარატთან თამაში და პოდიუმზე სეირნობა ბავშვობიდან მიტაცებდა. პროფესიულად კი მოდელის კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე, როცა პირველად გადავდგი ნაბიჯები. დასაწყისი იყო სიარულის, პოზირების, მანერების სწავლა, ვარჯიში, შეცდომებიდან გამოცდილების მიღება, პირველი ნაბიჯები ცოტა ნერვიულობით, მაგრამ ძალიან დიდი ენთუზიაზმით დავიწყე.
გვიამბეთ გამოწვევების შესახებ, რომლებიც ამ პროფესიას ახლავს თან. როგორ უმკლავდებით მათ?
ეს სფერო მარტივი ნამდვილად არ არის – ბევრი შრომა, დისციპლინა და პასუხისმგებლობა სჭირდება. ხშირად უნდა გაუძლო სტრესს, დაღლილობას და ძალიან დიდ კონკურენციას. მე ვცდილობ ყველაფერს ვუყურო როგორც გამოცდილებას: ყოველი სესია, ყოველი კასტინგი ახალი გაკვეთილია. ძალიან მეხმარება ოჯახის მხარდაჭერა და ის, რომ მჯერა ჩემი მიზნების.
ვინ არის თქვენი ინსპირაცია?
ჩემთვის ინსპირაცია არა მხოლოდ ცნობილი მოდელები არიან, არამედ ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმეში შრომითა და თავდადებით აღწევენ წარმატებას. მოდის სამყაროში ძალიან მიყვარს ისეთი ქალები, ვინც საკუთარი ინდივიდუალობით გახდა გამორჩეული. ეს მაძლევს მოტივაციას, რომ მეც საკუთარი გზა ვიპოვო.
გარდა სამოდელო სფეროსი, სხვა ინტერესები და გატაცებები გაქვთ?
მოდელობასთან ერთად ძალიან მიყვარს ისტორია და ბუნება, ხელოვნება და სპორტი. თავისუფალ დროს ფრენბურთსა და ცხენოსნობას ვუთავსებ. სპორტი კი მაძლევს ენერგიას და ძალას, რაც პოდიუმზე ძალიან მჭირდება.
როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც მოდელს უნდა ჰქონდეს?
თავდაჯერებულობა და თავმდაბლობა. უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის, როცა პოდიუმზე გადიხარ, მაგრამ ამასთან, უნდა შეძლო გუნდთან მუშაობა, პატივისცემა უნდა გქონდეს დიზაინერის, ფოტოგრაფისა და სხვა კოლეგების მიმართ. მოდა გუნდური ხელოვნებაა და თუ სითბოთი და პროფესიონალიზმით მოდიხარ, ყოველთვის მიაღწევ დასახულ მიზანს.
რა გზავნილი გსურთ გაუგზავნოთ თქვენს თანატოლებს?
ყველას მინდა ვუთხრა, რომ არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენი ოცნებების. ზოგჯერ რაღაცები მიუღწეველი გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში პატარა ნაბიჯებით ძალიან შორს შეიძლება წავიდეთ. მთავარია, საკუთარ თავს ვენდოთ, ბევრი ვიშრომოთ და არ შევადაროთ ჩვენი გზა სხვისას. ყველას აქვს თავისი რიტმი და თავისი უნიკალური გზა.
როგორ ახერხებთ სწავლასა და კარიერას შორის ბალანსს?
სწავლა ჩემთვის ყოველთვის პირველ პრიორიტეტად რჩება. ვცდილობ დროის მართვა სწორი დაგეგმვით შევძლო – დღის ერთი ნაწილი სწავლას ეთმობა, ხოლო მეორე ნაწილი კარიერულ შესაძლებლობებს. სიმართლე გითხრათ, მარტივი არ არის, მაგრამ როცა გიყვარს ის, რასაც აკეთებ, ძალას ყოველთვის პოულობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არც სწავლის სურვილი დავკარგო და არც შესაძლებლობა, ოცნება რეალობად ვაქციო.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩემი ყველაზე დიდი მიზანია, რომ პარიზის მოდის კვირეულის შემდეგ კიდევ ბევრ საერთაშორისო პოდიუმზე გამოვჩნდე და სხვადასხვა ბრენდთან ვითანამშრომლო. მაგრამ ყველაზე მეტად მინდა ნაბიჯ-ნაბიჯ ავაშენო კარიერა ისე, რომ შთაგონებად ვიქცე იმ გოგონებისთვისაც, ვისაც თავიანთი ოცნების სჯერათ.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: იკა პირველი