ხუთი წლის წინ ბაჩანა ჭანტურიამ, როგორც მოცეკვავემ, სცენაზე ყოფნა დაასრულა, მაგრამ კარიერის დასრულება მისთვის არ ყოფილა დაბრკოლება. ბიჭმა აფხაზეთიდან, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი სხეულით ჰყვებოდა ისტორიებს, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში დაეარსებინა მულტიფუნქციური კულტურის ჰაბი, რაც სხვა ხელოვანებს საშუალებას აძლევს, შექმნან და გამოავლინონ თავიანთი ნიჭი.დღეს ეს იდეა რეალობად იქცა, თბილისს შეემატა სივრცე, სადაც ქორეოგრაფია, თეატრი, მუსიკა, საგამოფენო სივრცე ერთიანდება. პოსტკოვიდურმა ხუთწლედმა შეცვალა არა მხოლოდ ბაჩანას პროფესიული როლი, არამედ ხელოვნების აღქმაც, სწორედ ამ ცვლილებების პასუხად შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ცოცხალ ემოციებსა და ერთობლივ გამოცდილებაზეა აგებული. BDC-ში მაყურებელი აღარ არის მხოლოდ დამკვირვებელი, ის შემოქმედებითი პროცესის სრულფასოვანი ნაწილია.

ბოლო 5 წელი, პოსტკოვიდის პერიოდი, ბევრი ადამიანისთვის გარდამტეხი იყო. თქვენთვის რა შეიცვალა ამ პერიოდში როგორც ხელოვანისა და როგორც ადამიანისთვის?
ზუსტად 5 წლის წინ მოხდა ჩემი ყველაზე დიდი გარდატეხა. როგორც მოცეკვავემ, ამ პერიოდში დავასრულე პირადი კარიერა და გავხდი აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი. საკმაოდ დიდი გზა გავიარე.
წლების განმავლობაში მაყურებელიც შეიცვალა, უფრო მოთხოვნადი და ღია გახდა სიახლეების მიმართ. რა თქმა უნდა, აუცილებელია დაცული იყოს ეთნოგრაფიული ხაზი და ქართული ტრადიციები, თუმცა მე ყოველთვის მინდოდა, ქართულ ქორეოგრაფიაში რაღაც ახალი შემეტანა.
ქართული ფოლკლორი საქართველოში ძალიან უყვართ. მნიშვნელობა არ აქვს, წელიწადში 10 კონცერტი გექნება თუ 15, ინტერესი მაინც დიდია. ადრე, როგორც მოცეკვავე, ამას სხვა თვალით ვუყურებდი, ახლა კი, როგორც ხელმძღვანელი, პირადად ვარ ჩართული ყველა დეტალში: რამდენი ბილეთი გაიყიდა, რა რაოდენობით და რამდენ ხანში.
როგორ ფიქრობ, კოვიდპანდემიის შემდეგ რა საჭიროებები გაუჩნდა მაყურებელს?
ვფიქრობ, ადამიანებს ცოცხალი შთაბეჭდილებები სჭირდებათ. მართალია, სოციალურ ქსელში ყველაფრის ნახვა შეიძლება, მაგრამ იმ მუხტს, რასაც სცენა გასცემს, ეკრანი ვერასდროს ჩაანაცვლებს. მაყურებელი ესთეტიკურ სიამოვნებას მაშინ იღებს, როცა თვითონაც პროცესის ნაწილია. ჩვენი მიზანია, სცენა და პარტერი ერთიან სივრცედ იქცეს, სადაც მაყურებელი ქორეოგრაფიის თანამონაწილე ხდება.
ამ 5 წლის განმავლობაში ტექნოლოგიების როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც ხელოვანი, რამდენად იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს სამუშაო პროცესში?
ხელოვნურ ინტელექტთან დიდად არ ვმეგობრობ. ალბათ, სულ ოთხჯერ მაქვს გამოყენებული. სკეპტიკურად არ ვარ განწყობილი, პირიქით, ძალიან კარგი ინსტრუმენტია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რაც ჩემთან ახლოსაა, რასაც ხელით ვეხები და რასაც ფიზიკურად ან სულიერად ვგრძნობ. ყველა კითხვას, რაც მიჩნდება, აქ, სცენაზე ვსვამ, პასუხი კი მაყურებელმა ინდივიდუალურად უნდა იპოვოს. ადამიანი ჩემთვის ხელოვნურ ინტელექტზე მეტია.

მოგვიყევი შენს ახალ უნიკალურ კულტურულ ჰაბზე – BDC. რამდენად არის ეს სივრცე ამ 5-წლიანი ცვლილებების ლოგიკური გაგრძელება?
ალბათ ყველა ხელოვანის ოცნებაა, ჰქონდეს მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ქორეოგრაფიული, თეატრალური და ვოკალური მიმართულებები ერთიანდება.
2026 წლის 18 აპრილს თბილისში, გურამ ფანჯიკიძის 1-ში, გავხსენით მულტიფუნქციური კულტურული ჰაბი BDC (Bachana Dance Company), რომელიც ერთ ოთხსართულიან სივრცეში აერთიანებს პროფესიონალურ სცენას, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ხმის ჩამწერ სტუდიას, თეატრალურ და საგამოფენო სივრცეებს, ასევე საკლუბო გარემოს.
მსგავსი ფორმატის ადგილი თბილისში აქამდე არ არსებობდა. BDC შემოქმედებით ადამიანებს: არტისტებს, მუსიკოსებს, მხატვრებს აძლევს შესაძლებლობას, იმუშაონ, წარადგინონ და განავითარონ საკუთარი იდეები. სივრცეში ფუნქციონირებს საოპერო და ვოკალის სტუდია, ასევე, მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც სწავლობენ როგორც ქართულ ქორეოგრაფიას, ისე თანამედროვე ცეკვებსა და კლასიკურ ბალეტს. რეალურად, აქ მოსულ მშობელს, რომელიც ბავშვის განვითარების ინტერესით მოდის, ვფიქრობ, ამაზე მეტის ძიება აღარ დასჭირდება.
ამასთანავე, ჩვენს სივრცეში მუშაობს ბარი, სადაც დაგხვდებათ ქართული კოქტეილები სახელწოდებით: „ტყის სული“, „ფესვები”, რომლებიც ასევე ქართული ნაწარმით არის დამზადებული.
სპექტაკლმა „მეხუთე სტიქია“ ალბათ დააგვირგვინა ის გზა, რაც ამ 5 წლის განმავლობაში გაიარეთ, მოგვიყევით მასზე…
სპექტაკლი მაღალმთიანი საქართველოს ჩვენებით იწყება, სადაც, ასე ვთქვათ, შემქმნელი ქმნის გმირს. ის ოთხი სტიქიისგან შედგება. ვიწყებთ მიწიდან, მას შეერევა წყალი, ცეცხლი და ბოლოს ჰაერი. ამ პროცესში ოთხი სტიქიის შეერთებით სცენის გვერდით კუთხეში იბადება გმირი. ეს ყველაფერი გადმოცემულია მომღერლების, შელოცვის, მუსიკის, ვოკალის, ქორეოგრაფიისა და მოძრაობის ენის საშუალებით. ყველაფერი ერთიანდება, რათა ეს გმირი – მეხუთე სტიქია, რომელსაც, ცეკვას ვეძახით, დაიბადოს.
სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია ვფიქრობდი, როგორ დამეკავშირებინა ეს ყველაფერი ერთმანეთთან. ამ იდეას სჭირდებოდა სივრცე და ადამიანები, რომლებიც დღეს BDC-ში არიან თავმოყრილი. იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებლობების უდიდესი ზღვა გვაქვს, გადავდგი ეს ნაბიჯი, რომელზეც დაახლოებით 10 წელი ვფიქრობდი.

ინტერვიუებში ხშირად საუბრობ აფხაზეთზე, რას ეტყოდი აფხაზეთში მცხოვრებ ხალხს?
ძალიან გვიყვარხართ. ეს დიდი ტკივილია, რის გამოც ვცდილობ, ამ თემაზე ბევრი არ ვისაუბრო. მინდა, ახალ თაობას მხოლოდ კარგი დავამახსოვროთ და ომის საშინელი კადრები არ ჩავუბეჭდოთ. მინდა, მეტი ვისაუბროთ სიყვარულზე, მიტევებასა და ნათესაობაზე. ვფიქრობ, ამ გზით ახალგაზრდებში იმას გავაღვიძებთ, რაც რეალურად აკლიათ. ჩემმა თაობამ და ჩვენზე უფროსებმაც მხოლოდ სიკეთე უნდა გავიხსენოთ, ცუდი კი ჩვენშივე „მოვკლათ“. ახალგაზრდებს კეთილი ზღაპარი უნდა დავუტოვოთ, ყველა ზღაპარი ხომ კეთილად მთავრდება.
ტექსტი: თათია ხარაიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი

3 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·