#OK! ბედნიერი თანამშრომელი წარმატების საწინდარია – ანა ვაჩაძე

3 weeks ago 19

სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ CSR ინიციატივებზე, მათი თანამშრომლების კეთილდღეობისა და სამუშაო-ცხოვრების ბალანსის შესახებ გამოცდილებაზე გვესაუბრა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანა ვაჩაძე.

რა ადგილი უჭირავს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ სტრატეგიაში?

დაარსების დღიდან სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. ამ მიზნით მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან, რომელიც მხარს გვიჭერს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

შესაძლოა რიგ კომპანიებს ეს მიზნები უტოპიურად ეჩვენებოდეს, თუმცა, შედეგებზე დაყრდნობით, საკმაოდ პრაგმატული და მოგებიანია.

კომპანიის დაარსების დღიდან ინვესტორებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო მაღალი სტანდარტების მქონე სამუშაო გარემოს შექმნა, როგორც ლოკაციის შერჩევა თუ მაღალი ხარისხის სერვისების დანერგვა. შესაბამისად, ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ მაშინ დაინერგა, შემდგომ ეს წლების მანძლზე ვითარდებოდა, კორპორაციულ კულტურად ჩამოყალიბდა და შეიძლება ითქვას, კომპანიის დნმ-ის ნაწილი გახდა.

რა სახის გამოცდილება აქვს სასტუმრო „ბილტმორ თბილისს“ CSR ინიციატივების განხორციელების კუთხით?

გაეროს ქალთა ასოციაციასთან პარტნიორობით, დიდ წარმატებას მივაღწიეთ გენდერული თანასწორობის კუთხით. არამარტო ზოგადად თანამშრომლების 70%, არამედ გადაწყვეტილების მიმღები მაღალი რგოლის მენეჯერების 70%-ც ქალებისგან შედგება.

გარემოსდაცვითი, კერძოდ, ნარჩენების მართვის მიმართულებითაც არაერთი საინტერესო ინიციატივა თუ პროექტი განვახორციელეთ, რომელშიც აქტიურად არის ჩართული ჩვენი გუნდის თითოეული წევრი. წელს განსაკუთრებული სიახლეები იგეგმება და მოგვიანებით აუცილებლად გაგიზიარებთ. თუმცა ყველაზე საამაყო პროექტი თანამშრომლებზე ზრუნვა და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნაა.

როგორ გამოიხატება თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა?

როგორც უკვე აღვნიშნე, კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი განვითარება და კეთილდღეობა არის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ კმაყოფილი თანამშრომელი ქმნის კმაყოფილ სტუმარს, რაც წარმატებული საქმიანობის საწინდარია. ამ მიდგომების ცოცხალი მაგალითი ვარ მეც, კომპანიის ზრუნვა თანამშრომლებზე და ინვესტირება ინდივიდებში ჩემს თავზე გამოვცადე. დაახლოებით ხუთი წლის წინ, როდესაც ამ ჯგუფს შევუერთდი, ვიყავი საშუალო რგოლის თანამშრომელი. უამრავი ტრენინგის, როგორც შიდა ქროსთრენინგების, ასევე – ლოკალური და გლობალური ვორქშოფების შედეგად დღეს უკვე დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ. ანალოგიური მიღწვები აქვთ ჩემს კოლეგებსაც.

კომპანიაში განვითარების უამრავი შესაძლებლობაა, მათ შორის აღსანიშნავია ქროსტრენინგები. თანამშრომელს შესაძლებლობა აქვს, მისი სურვილის შესაბამისად, სასტუმროს ნებისმიერ დეპარტამენტში მიიღოს ორკვირიანი პრაქტიკაზე დაფუძნებული სრულფასოვანი კურსი.

 ეს, ერთი მხრივ, პროფესიული კუთხითაც გვავითარებს, რადგან თანამშრომლებს ერთმანეთისადმი სწორი მოლოდინები უყალიბდებათ, როდესაც ეცნობიან ახალ დეპარტამენტს უფრო დეტალურად. მეორე მხრივ, დასაქმებულს ეძლევა საშუალება, ცოდნა გაიღრმაოს ისეთ საქმიანობაში, როგორიც არის, მაგალითად, სპა, სამზარეულო და მსგავსი, სფეროები, რომელიც უფრო მათი ჰობი შესაძლოა ყოფილიყო და ამის შესასწავლად დრო ვერასოდეს გამოენახათ.

შედეგად მრავლად გვყავს ისეთი თანამშრომლები, რომლებიც გახსნის დღიდან სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ მუშაობენ, ვითარდებიან და გვაძლიერებენ არამხოლოდ ჩვენ, არამედ ზოგადად ავითარებენ სფეროსაც. მოგეხსენებათ, ტურიზმი შედარებით ახალი დარგია, მანამდე ძირითადად უცხოელი სპეციალისტები იკავებდნენ მენეჯერულ პოზიციებს, რადგან მიიჩნეოდნენ ექსპერტებად, ახლა უკვე ბევრი ქართველი პროფესიონალი გამოჩნდა ასპარეზზე და სიამაყით აღვნიშნავ, რომ ბევრი მათგანი სწორედ სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ჩამოყალიბდა პროფესიონალად.

როგორ აერთიანებს სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ თანამშრომლების კეთილდღეობასა და სამუშაო- ცხოვრების ბალანსს თავის კორპორაციულ სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებებთან?

სასტუმროს საქმიანობიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს მომსახურებას და სერვისს 24/7-ზე, საკმაოდ რთულია კომპანიისთვის, ფეხი აუწყოს „სამუშაო-ცხოვრების“ ბალანსის ახალ ტენდენციებს. რაც გულისხმობს დისტანციურ მუშაობას ან მოქნილ სამუშაო გრაფიკს. თუმცა, როდესაც სამუშაო თუ საშვებულებო გრაფიკები არის სრულად პროგნოზირებადი, მკაცრად დაცული, ასევე, სამუშაოს მოცულობაც გონივრულად გაწერილი, ასეთი ტიპის გარემოება გვიიოლებს პირადი ცხოვრების დაგეგმვას, ასევე, ამცირებს სტრესს. ხოლო სტრესისგან თავისუფალ გარემოში ადამიანი უფრო პროდუქტიულია და პოზიტიური, რაც აუცილებელია, პირველ რიგში, სერვისში, თუმცა ვფიქრობ, რომ ნებისმიერ სფეროში.

დაბოლოს, როგორც თავიდანვე აღვნიშნე, მსგავსი მიდგომები საკმაოდ პრაგმატული და მოგებიანია. ინდივიდებში ჩადებული ინვესტიცია, მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა ქმნის წარმატებულ გუნდს, რომელიც აძლიერებს არამხოლოდ კომპანიას, არამედ დადებითად ზემოქმედებს საზოგადოებაზე.

სრულად წაკითხვა