#OK! გადადგეს მთავრობა! — როგორ დაიწყო შოკოლადის გაძვირების გამო კანადაში ბავშვების აჯანყება

2 days ago 4

მსოფლიოს უამრავი ამბოხი და რევოლუცია უნახავს, მაგრამ ბავშვების აჯანყება ისტორიაში ერთადერთხელ, ომისშემდგომ კანადაში მოხდა. ამ ქვეყანაში მცხოვრები ბავშვები გაერთიანდნენ, რომ შოკოლადის  3 ცენტით გაძვირება გაეპროტესტებინათ. პროტესტი ერთი კაფეს ბოიკოტით დაიწყო, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში გავრცელდა — ბავშვები ქუჩაში ბანერებს აკრავდნენ, ტრანსპორტის მოძრაობას აჩერებდნენ, შოკოლადის გაყიდვას ხელს უშლიდნენ და გაიმარჯვებდნენ კიდეც, რომ არა უფროსების „დახმარება“.. ჩვენ გიამბობთ რა მოვლენები უძღოდა წინ ბავშვების ამბოხებას.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში კანადის ხელისუფლებამ პროდუქტების მწარმოებლებსა და მაღაზიებს ფასების მომატება აუკრძალა, მაგრამ ომის შემდეგ აკრძალვები თანდათან მოიხსნა, ბოლოს კი მთლიანად გაუქმდა. ამის შემდეგ პროდუქტებზე ფასმა მკვეთრად მოიმატა. რაც შეეხება შოკოლადის გაძვირებას,  ხალხი მიეჩვია, რომ მისი ფასი ყოველთვის 5 ცენტი იყო, მაგრამ 1947 წელს შოკოლადის ფასი ერთ ღამეში 60%-ით გაიზარდა და 8 ცენტი გახდა. ამის მიზეზი კაკაოს მარცვლების  მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები, სახელმწიფო სუბსიდიების გაუქმება და საწარმოო ხარჯების გაზრდა გახდა, მაგრამ ბავშვებს ეს არ აინტერესებდათ – მათ მხოლოდ იაფი და ხელმისაწვდომი შოკოლადი უნდოდათ.

ბავშვების აჯანყება დაუგეგმავად დაიწყო. 17 წლის პარკერ უილიამსი მეგობრებთან ერთად, შოკოლადის საყიდლად ერთ-ერთ კაფესთან გაჩერდა. როდესაც მოზარდებმა შოკოლადის 3 ცენტით გაძვირების შესახებ გაიგეს, უკმაყოფილება არ დაუმალავთ. პარკერს, რომელიც დღე  და ღამე მუშაობდა და მეორადი მანქანის შესაძენი ფული ძლივს მოაგროვა,  შოკოლადში  8 ცენტრის გადახდა არ უნდოდა. ის მეგობრებთან ერთად სახლში წავიდნა, მანქანაზე დიდი ასოებით დააწერა „არ იყიდოთ შოკოლადი 8 ცენტად!“ და ისევ კაფესთან დაბრუნდა. პარკერისა და მისი მეგობრების პროტესტს მალე სხვა ბავშვებიც შეერთდნენ და საღამოს პარკერის მანქანას უკან უკვე 40 ბავშვი მიჰყვებოდა.

ბავშვების მოძრაობამ მალე ჟურნალისტების ყურადღება მიიქცია და გაზეთებში სტატიები გამოჩნდა, საიდანაც მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ ლედისმიტში ბავშვებმა გაფიცვა მოაწყვეს.

ბავშვების მიზანი შოკოლადის ძველი ფასის დაბრუნება იყო. ისინი მაღაზიებსა და კაფეებში შედიოდნენ და გამყიდველებს შოკოლადის ფასს ეკითხებოდნენ. გაძვირებული ფასის გაგებისას ისინი ჯერ იფურთხებოდნენ, შემდეგ კი ნაყინს ყიდულობდნენ, რომელიც ისევ 5 ცენტი ღირდა.

ვიქტორიაში (სიდიდით მეორე კუნძული კანადაში) მცხოვრები ბავშვები ყველაზე აქტიურები აღმოჩნდნენ. ისინი  ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან მიდიოდნენ და პირდაპირ ეკითხებოდნენ როგორ აპირებდნენ შოკოლადისთვის ძველი ფასის დაბრუნებას. ბერნაბიში ბავშვებმა ველოსიპედებით მარში მოაწყეს და რამდენიმე საათით ავტომობილის მოძრაობა გადაკეტეს, ვანკუვერის ქუჩებში საპროტესტო აბრები გააკრეს,  ოტავაში ბანერებით მსვლელობა გამართეს და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პეტიცია შეადგინეს, რომელსაც 700-მდე მოსწავლე ხელს აწერდა.

პროტესტი ძლიერდებოდა და სულ უფრო მეტ ბავშვს იზიდავდა. ჰალიფაქსში მოსწავლეებმა სწავლა შეწყვიტეს და განაცხადეს, რომ გაკვეთილებს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდებოდნენ, როცა შოკოლადი ისევ 5 ცენტი გახდებოდა. ტორონტოში 500-მდე მოსწავლე ქუჩაში გამოვიდა. ბავშვები ფურცლებზე დაწერილ მოწოდებებს მანქანების საქარე მინებზე ტოვებდნენ და გამვლელებსაც ურიგებდნენ. ყველა უფრო დიდი, საყოველთაო გაფიცვისთვის ემზადებოდა, მაგრამ ის აღარ შედგა..

შოკოლადის გაძვირების წინააღმდეგ ბავშვების აჯანყებას მოგვიანებით, უფროსებიც შეუერთდნენ — საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სხვადასხვა ლიგა და ასოციაცია. ყველაფერი კარგად იყო, სანამ საქმეში ყველაზე დიდი ორგანიზაცია – შრომის ახალგაზრდობის ეროვნული ფედერაცია არ ჩაერია. ფედერაციის ხელმძღვანელი ნორმან პენერი აცხადებდა, რომ მაისს პიკეტებისა და მარშების გრანდიოზულ თვედ აქცევდა. პირველი მსვლელობა 3 მაისს ტორონტოში იგეგმებოდა, თუმცა 2 მაისს ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომელმაც ფედერაციის ლიდერი კომუნისტებთან და სსრკ-სთან კავშირში ამხილა. ფედერაციის დამფუძნებლები ცდილობდნენ ბრალდებები გაექარწყლებინათ, მაგრამ გაფიცვა უკვე დაზარალდა. საბოლოოდ, ფედერაციამ განაცხადა, რომ ბავშვების გაფიცვას მხარს აღარ უჭერდა, მშობლებმაც კონტროლი გააძლიერეს და შვილებს მარშებზე აღარ უშვებდნენ.

ტორონტოში 3 მაისს დაგეგმილი მსვლელობა მაინც გაიმართა, მაგრამ მას მხოლოდ მოზარდების მცირე ჯგუფი დაესწრო, რომელიც მალე დაიშალა. ასე დასრულდა ბავშვების ყველაზე დიდი გაფიცვა..

მიუხედავად იმისა, რომ უფროსების ჩარევამ ბავშვების პროტესტი ძალიან დააზიანა, მან მწარმოებლებზე გავლენა მაინც მოახდინა — გაფიცვის დაწყების შემდეგ შოკოლადის გაყიდვები 80%-ით შემცირდა. მწარმოებლები ცდილობდნენ ბავშვებისთვის აეხსნათ, რომ მათი ხარჯები 160%-ზე მეტად გაიზარდა, რომ მცენარეთა ინფექციების გამო კაკაოს მარცვლების მიწოდება გართულდა, რომ შოკოლადზე მოთხოვნა გაიზარდა და ა.შ.

ბავშვების გაფიცვა ისე მოულოდნელად დასრულდა, როგორც დაიწყო, მაგრამ მალე შოკოლადის ფასი 1 ცენტით შემცირდა, და ეს სწორედ იმ ბავშვების დამსახურება იყო, რომლებიც ტკბილეულის მიღების შესაძლებლობას იცავდნენ მაშინ, როცა ინფლაციის ფონზე ერთ ცენტსაც კი დიდი ფასი ჰქონდა.

ამბოხის მოთავემ, პარკერ უილიამსმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბავშვების პროტესტმა გარკვეული შედეგი მოიტანა და ეს ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე უბრალოდ შორიდან ყურება და არაფრის კეთება. კომუნისტებთან კავშირი და პოლიტიკა არაფერ შუაშია. ეს უბრალოდ ბავშვების პროტესტი იყო, რომლებსაც იაფი ტკბილეული უნდოდათ – განაცხადა უილიამსმა.

სრულად წაკითხვა