შარშან, კატალონიის მთებში, დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად, თურქეთში დაბადებული ესპანელი ბიზნესმენი, ისაკ ანდიკი გარდაიცვალა, რომელმაც ტანსაცმლის ბრენდი Mango დააფუძნა და წლების განმავლობაში, მოდის გიგანტად აქცია. მაშინ მომხდარი უბედურ შემთხვევას მიაწერეს, თუმცა ახლა საქმე როგორც განზრახ მკვლელობა განიხილება და მთავარი ეჭვმიტანილი მეწარმის შვილი, ჯონათან ანდიკია.
71 წლის ისაკ ანდიკი მონსერატის მთაზე, ლაშქრობაში იმყოფებოდა, როცა დიდი სიმაღლიდან ღრმა ხევში ჩავარდა. მაშინ საქმე შემთხვევითობად მიიჩნიეს და ერთ თვეში პოლიციამ გამოძიება დახურა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ტრაგედიის ერთადერთი თვითმხილველი ჯონათანი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ მამის წინ მიდიოდა და არაფერი დაუნახავს, თუმცა მოგვიანებით, მისმა სიტყვებმა საგამოძიებო ორგანოებში ეჭვები აღძრა. ეს ეჭვები ისაკ ანდიკის პარტნიორის, ესტეფანია კნუტის ჩვენებამ უფრო გაამძაფრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მამასა და შვილს შორის დიდი ხნის მანძილზე დაძაბული ურთიერთობა არსებობდა.
ამ დროისთვის მტკიცებულებები, რომლებიც ჯონათანის ბრალეულობას დაადასტურებდა, არ არსებობს, თუმცა El País–ის ცნობით, გამომძიებლებს ყველა საფუძველი აქვთ, რომ უბედური შემთხვევის ვერსიაზე უარი თქვან და მკვლელობის ვერსიაზე იმუშაონ.
რადიოსადგური Cadena SER -ის ინფორმაციით, მამა-შვილს შორის დაძაბულობა ისაკ ანდიკის გარდაცვალების წინა დღეებში განსაკუთრებით გამძაფრდა. მიზეზად Mango-ს დამფუძნებლის მიერ შობის წვეულებაზე ნათქვამი სიტყვა იქცა – მან განაცხადა, რომ კომპანიის კონტროლს აღმასრულებელ დირექტორს გადასცემდა და არა საკუთარ შვილს. მან ასევე მიანიშნა, რომ ჯონათანი მენეჯერულ მოვალეობებს ვერ უმკლავდებოდა, რის გამოც განაწყენებულმა შვილმა ღონისძიება ნაადრევად დატოვა.
ანდიკის ოჯახმა ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე კომენტარების გაკეთებას არ აპირებენ.
„ჩვენ ვაფასებთ გამოძიების მიმდინარეობას და ვაგრძელებთ თანამშრომლობას შესაბამის ორგანოებთან. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება და ჯონათან ანდიკის უდანაშაულობა დადასტურდება,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ისაკ ანდიკის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი ჯონათანი Mango-ს დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად და ჰოლდინგის MNG-ს პრეზიდენტად დაინიშნა. მეწარმის ქონება გარდაცვალების დროს 4,5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. Mango-სთან ერთად, ისაკ ანდიკი ესპანეთის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, Banco Sabadell-ის აქციონერიც იყო.