#OK! დიდი დაბრუნება – დონალდ ტრამპი

4 weeks ago 9

78 წლის ამერიკელმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა, დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი. თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ფიგურაა. მისი ქონების შეფასება 7,5 მილიარდ დოლარს აღწევს, მას აქვს სამშენებლო კომპანიები, კაზინოები, სასტუმროები. აღსანიშნავია, რომ ტრამპმა პირველი ბიზნესი მამამისის – ფრედ ტრამპის დახმარებით წამოიწყო – კომერციული უძრავი ქონების დეველოპმენტს უკავშირდებოდა. რამდენიმე წელიწადში ტრამპმა მანჰეტენის ცენტრში მიწა შეიძინა და იქ Trump Tower-ი ააშენა, რომელიც 200 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენია და ნიუ-იორკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მისი კარიერა ძალიან მრავალფეროვანი იყო, რადგან ბიზნესის გარდა, ის ასევე აქტიურად იყო ჩართული სატელევიზიო პროექტებსა და შოუებში, მათ შორის მთავარი იყო The Apprentice-ის სახელით ცნობილი გადაცემა.

ტრამპი პირველად 2017 წელს გახდა აშშ-ის პრეზიდენტი. მას ხშირად ახასიათებდნენ არაპროგნოზირებად ადამიანად, მისი პრეზიდენტობის პერიოდს (2017-2021) კი ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად თანამედროვე ამერიკის ისტორიაში. ყველაზე დიდი გამოხმაურება და საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებას – იმიგრაციის კონტროლის გამკაცრებას და მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების ინიციატივას.

მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველ გამოსვლაში ტრამპმა აშშ-ის გავლენების გაძლიერებასა და წარსული დიდების დაბრუნებაზე გააკეთა აქცენტი. 2025 წლის 20 იანვარს (ინაუგურაციის დღეს) კი მან ამერიკის მოქალაქეებისთვის „გათავისუფლების დღე“ უწოდა. ინაუგურაციის ცერემონიას უამრავი მოწვეული სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ: ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები, უცხო ქვეყნის ლიდერები, მილიარდერები ამერიკის მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიებიდან, როგორებიც არიან: Meta-ს მარკ ცუკერბერგი, Amazon-ის ჯეფ ბეზოსი, Tesla-სა და SpaceX-ის ილონ მასკი, Apple-ის ტიმ კუკი და ა.შ. როგორც მოსალოდნელი იყო, ტრამპის ოჯახისა და მოწვეული სტუმრების ჩაცმულობა განხილვის საგანი აღმოჩნდა.

მოდის მოყვარულები განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ პირველი ლედის, 54 წლის მელანია ტრამპის გამოჩენას. მან არჩევანი ნიუიორკელი დიზაინერის, Adam Lippes-ის მუქლურჯ მოსაცმელზე გააკეთა, რომელსაც Eric Javits-ის ქუდი შეუხამა. უცხოურ ფორუმებზე მისი ლუქი შეაფასეს როგორც ერთდროულად მკაცრი, დრამატული და ელეგანტური. პირველმა ლედიმ ეს დრამატული ხაზი საინაუგურაციო წვეულებაზეც განაგრძო, მას ეცვა თეთრი კაბა სქელი შავი ზოლებით.

საზოგადოების ყურადღება ასევე მიიქცია დონალდ ტრამპის უფროსმა ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა. მან ელეგანტურ მუქმწვანე ორეულს Lady Dior-ის ჩანთა შეუხამა. წვეულებაზე კი Givenchy-ის თეთრი კაბა მოირგო. კაბის რეტრო სილუეტმა საზოგადოებას ბრენდის საკულტო დიზაინი და შეუდარებელი ოდრი ჰეპბერნი გაახსენა.

ყოფილ პირველ ლედის, 73 წლის ჯილ ბაიდენს ინაუგურაციის ცერემონიაზე Ralph Lauren-ის კაბა ეცვა.

ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა მუქ ფერებზე გააკეთა არჩევანი, ახალარჩეულმა ვიცე- პრეზიდენტის მეუღლემ, უშა ვანსმა კი ღია ვარდისფერზე. უშა ინაუგურაციის წვეულებაზე Badgley Mischka-ს ლურჯი კაბით წარდგა.

აღსანიშნავია, რომ ცერემონიას არ ესწრებოდა ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლე, მიშელ ობამა.

ტრამპის ფიცის დადების ცერემონია მუსიკალურად გააფორმა ქანთრი მუსიკის ვარსკვლავმა, ქერი ანდერვუდმა და ოპერის მომღერალმა, ქრისტოფერ მაკიომ.

ტექსტი: სოფიო მალანია

სრულად წაკითხვა