ინდოეთი მრავალფეროვნებისა და სიბრძნის ქვეყანაა. აქ გვერდიგვერდ თანაარსებობს უძველესი ტრადიციები და თანამედროვე ცხოვრების რიტმი. ჟურნალი OK! არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ თავმჯდომარეს, დარისპან პრაშერს ესაუბრა, რომელიც გვიყვება იოგასა და მედიტაციის უნივერსალურ ღირებულებაზე, რელიგიური და ენობრივი მრავალფეროვნების გავლენაზე, ახალგაზრდების როლზე ტრადიციების შენარჩუნებასა და განახლებაში. ინდოეთი მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის კულტურული სიმდიდრე კი არა, მსოფლიოსთვის გაზიარებული სულიერი გამოცდილებაა.
მოგვიყევით ინდურ კულტურაზე. რომელი ტრადიცია ან რიტუალია ყველაზე დამახასიათებელი ინდოეთისთვის?
ინდური კულტურა მდიდარია სხვადასხვა ტრადიციითა და რიტუალით, თუმცა ყველაზე დამახასიათებელი იოგა და მედიტაციაა, რომლებიც უნივერსალურად ინკლუზიურია – ღიაა ყველასთვის, რელიგიისა და წარმომავლობის მიუხედავად. ისინი ინდოეთის ფილოსოფიის ბალანსს გადმოსცემენ – მატერიალურსა და სულიერს შორის, აჩვენებენ ინდოეთის წვლილს მსოფლიოს კეთილდღეობაში. ისინი არა მხოლოდ რიტუალები, არამედ ცოცხალი ტრადიციებია – ოსტატებიდან სტუდენტებზე გადაცემული, ადაპტირებული, მაგრამ უძველეს სიბრძნეში ღრმად ფესვგადგმული. ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომლებიც ინდოეთის მეშვეობით მსოფლიოში გავრცელდა, არის იოგა/მედიტაცია და वसुधैव कुटुम्बकम् – Vasudev Katumbakam – ერთი სამყარო ერთი ოჯახი.
როგორ გავლენას ახდენს ინდოეთის მრავალფეროვანი რელიგიები და ენები კულტურაზე?
ინდოეთი ინდუიზმის, ბუდიზმის, ჯაინიზმისა და სიკიზმის სამშობლოა და ასევე, ისლამი, ქრისტიანობა, იუდაიზმი და ზოროასტრიზმი მიიღო. ეს რელიგიური თანაარსებობა კულტურას მრავალი გზით აყალიბებს.
- ფესტივალები – ყველა რელიგია ხელს უწყობს კალენდარს: დივალი, ჰოლი, ეიდი, შობა, ბაისახი, ბუდა პურნიმა, ნავროზი – რაც ინდოეთს დღესასწაულების ქვეყნად აქცევს;
- ხელოვნება და არქიტექტურა – ხაჯურაჰოს ტაძრები, სანჩის ბუდისტური სტუპები, ამრიცარის ოქროს ტაძარი, დიდ მოგოლთა ძეგლები, როგორიცაა ტაჯ მაჰალი და კოლონიური ეპოქის ეკლესიები – ყველა ასახავს რელიგიურ მრავალფეროვნებას;
- ფილოსოფია და ღირებულებები – ისეთი იდეები, როგორიცაა აჰიმსა (ძალადობის უარყოფა), კარმა, სევა (მსახურება) და სარვა დჰარმა სამბჰავა (ყველა რელიგიის პატივისცემა), ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის.
რაც შეეხება ენების გავლენას, ინდოეთს 22 ოფიციალური ენა და 1600-ზე მეტი დიალექტი აქვს, რომელთაგან თითოეულს თავისი ისტორია და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია. ენები ქმნიან ძლიერ კულტურულ ზონებს – ტამილური – ტამილნადში, ბენგალური – დასავლეთ ბენგალში, გუჯარათული – გუჯარათში და ა.შ. თითოეულს უნიკალური ხალხური სიმღერები, ლიტერატურა და თეატრი აქვს. სანსკრიტული ეპოსებიდან, როგორიცაა მაჰაბჰარატა და რამაიანა, ტამილური სანგამ ლიტერატურითა და თანამედროვე ჰინდი/ურდუ ნაწარმოებებით დამთავრებული – ინდოეთის ლიტერატურული სიმდიდრე ენობრივი მრავალფეროვნების პირდაპირი შედეგია.
რას ნიშნავს თქვენთვის დამოუკიდებლობის დღე და როგორ აღნიშნავენ მას ინდოეთში?
ეს მადლიერების დღეა – იმ თავისუფლებისთვის მებრძოლთა თავგანწირვის გახსენების დღე, რომლებმაც 1947 წელს ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე შესწირეს. სიამაყესა და ერთიანობას გამოხატავს – არ აქვს მნიშვნელობა, რომელ რელიგიას, ენას თუ რეგიონს ვეკუთვნით, ამ დღეს ყველანი ერთად ვდგავართ, როგორც ინდოელები. ეს ასევე პასუხისმგებლობის შეხსენებაა – თავისუფლება მხოლოდ საჩუქარი არ არის, მოვალეობაა. თითოეულმა თაობამ უნდა დაიცვას იგი და იმუშაოს, რომ ინდოეთი უფრო ძლიერი, მშვიდობიანი და სამართლიანი გახადოს.
პრემიერ-მინისტრი დელიში წითელ ციხესიმაგრეში ეროვნულ დროშას აღმართავს, რასაც ჰიმნი და ერისადმი მიმართვა მოჰყვება. შემდეგ სამხედრო აღლუმები, პატრიოტული სიმღერები, ხალხური ცეკვები და სკოლის მოსწავლეების წარმოდგენები ინდოეთის კულტურულ მრავალფეროვნებას კიდევ უფრო კარგად გამოხატავს. სახლები, ოფისები და ქუჩები ინდოეთის დროშებით არის მორთული; ხალხი ფრანებს უშვებს, სამფერიან ტანსაცმელს იცვამს და პატრიოტულ სიმღერებს მღერის.
რომელი ინდური კერძის დაგემოვნებას ურჩევდით ტურისტებს?
ინდოეთი, როგორც რელიგიებითა და ენებით, ასევე, სამზარეულოთიც ძალიან მრავალფეროვანია. კერძები, როგორიცაა სამოსა, პანიპური, ალუ-ტიკი, პავ-ბჰაჯი, და ყველაზე ცნობილი ტკბილეული ჯალები, გაჯარ კა ჰალვა, გულაბ-ჯამუნ და რას-მალაი აუცილებლად უნდა გასინჯოთ.
როგორ ინარჩუნებს ინდოეთი უძველეს ტრადიციებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში?
რამდენიმეს გამოვყოფ:
- ფესტივალებითა და რიტუალებით – თანამედროვე ცხოვრების წესის მიუხედავად, ისეთი ფესტივალები, როგორიცაა დივალი, ჰოლი, ეიდი, შობა, ნავრატრი, ბაისაკი, იმავე ტრადიციული რიტუალებით აღინიშნება. ახალგაზრდა თაობებიც მონაწილეობენ, ხშირად სოციალურ მედიაში აზიარებენ – ტრადიციებს თანამედროვე სივრცეებში თვალსაჩინოდ ინარჩუნებენ;
- ტრადიციული ხელოვნებითა და ხელნაკეთი ნივთებით – ქსოვა, კერამიკა, კლასიკური მუსიკა და ცეკვა (ბჰარატანატიამი, კატაკი, ოდისი) კულტურული აკადემიების, სამთავრობო ინიციატივებისა და ონლაინპლატფორმების მეშვეობითაა შენარჩუნებული. ხელოსნები ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან, გლობალურად ელექტრონული კომერციის გამოყენებით, რაც ტრადიციისა და ტექნოლოგიების იდეალური ნაზავია.
- ენებითა და ლიტერატურით – სანსკრიტულ, ტამილურ, პალის, სპარსულსა და რეგიონულ ენებზე უძველესი ტექსტები ციფრულად არის გადაკეთებული და დაცულია ონლაინბიბლიოთეკებში. აპლიკაციები, აუდიოწიგნები და ელექტრონული სწავლების პლატფორმები კლასიკურ ლიტერატურას ახალგაზრდა თაობებისთვის ხელმისაწვდომს ხდის;
- თანამედროვე ადაპტაციებით – ტრადიციული ქორწილები, ხალხური სიმღერები და რიტუალები კვლავ პრაქტიკაშია, მაგრამ ხშირად თანამედროვე ცხოვრების წესთან ადაპტირდება. მაგალითად, ტაძარში ცერემონიები პირდაპირი ეთერით გადაიცემა, ხოლო რელიგიური სიმღერები ხელმისაწვდომია YouTube-სა და Spotify-ზე;
- მთავრობისა და საზოგადოების ძალისხმევით – ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭო, Sangeet Natak Akademy და UNESCO-ს მემკვიდრეობის აღიარება, ხელს უწყობენ კულტურული საგანძურის შენარჩუნებას.
როგორია ინდოეთის ახალგაზრდების როლი კულტურის შენარჩუნებასა და განახლებაში?
ინდოეთის ახალგაზრდობის როლი კულტურის შენარჩუნებასა და განახლებაში ჩემთვის ერთდროულად პრივილეგიაცაა და პასუხისმგებლობაც. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის მემკვიდრეები ვართ, მაგრამ კულტურა ვერ გადარჩება, თუ ის მხოლოდ გვახსოვს, აუცილებლად უნდა განვაახლოთ.
ისინი ტრადიციებს კლასიკური ხელოვნების შესწავლით, იოგას პრაქტიკით, ფესტივალების აღნიშვნით და ჩვენი მრავალფეროვანი ენებისა და რელიგიების პატივისცემით ინარჩუნებენ. ამავდროულად, კულტურას ახალ სიცოცხლეს შთაბერავენ – ხალხურ მუსიკას ციფრულ პლატფორმებზე აზიარებენ, ელექტრონული კომერციის საშუალებით ხელნაკეთი ნივთების პოპულარიზაციას ახდენენ და ჩვენს ფესტივალებს ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე გზებით აღნიშნავენ. აღსანიშნავია, რომ ისინი არა მხოლოდ ინარჩუნებენ წარსულს, არამედ რეფორმებსაც ახორციელებენ – ეჭვქვეშ აყენებენ მოძველებულ პრაქტიკებს და, ამავდროულად, თანაგრძნობის, ერთიანობისა და შემოქმედებითობის მარადიულ ღირებულებებს პატივს სცემენ. კულტურა ცოცხალი, განვითარებადი ძალაა, ფესვგადგმული ტრადიციაში, მაგრამ მომავლისკენ მიმართული.
ტექსტი: მარიამ ჩოქური
ფოტო: ალექსეი სეროვი