#OK! ექიმობა როგორც მოწოდება – გურანდა ფხაკაძე

10 hours ago 5

ალბათ გსმენიათ ფრაზა – მოწოდებით ექიმია, ეს სიტყვები  ჩემს დღევანდელ რესპონდენტს ყველაზე მეტად შეეფერება, რადგან მისთვის ყოველი გამოჯანმრთელებული პაციენტი კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, კოლკოსკოპისტს, გინეკოლოგს, გურანდა ფხაკაძეს – ადამიანს, რომელიც გულისხმიერებითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მისთვის მედიცინა ცხოვრების სტილია, ხოლო პაციენტებთან ურთიერთობა მთავარი ღირებულება, რომელიც კიდევ უფრო დიდ შინაარსს სძენს მის პროფესიულ გზას.

დღეს ვსაუბრობთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემაზე – საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციასა და თანამედროვე სამედიცინო მიდგომებზე, რომლებიც ამ დაავადებასთან ბრძოლის გზას გაცილებით ეფექტურსა და იმედისმომცემს ხდის.

გაიხსენეთ კარიერის ის წერტილი, როდესაც დარწმუნდით, რომ ეს თქვენთვის სწორი გზა იყო?

გურანდა ფხაკაძე: მნიშვნელოვანია განსაზღვროთ პროფესიის ის მიმართულება, რომელიც შეესაბამება თქვენს ოცნებებს, ღირებულებებს, ხანგრძლივ გეგმებს, მიზნებსა და ცხოვრების სტილს. ბავშვობიდან მქონდა ოცნება, გავმხდარიყავი ექიმი, შემემსუბუქებინა ადამიანის ტკივილი, განცდები, განმეკურნა ისინი და მათ თვალებში იმედის სხივი დამენახა. იმედის, რომელიც მომავალს სხვა ფერებში დაგანახებს.

მოწოდებით ექიმისთვის, ყოველი გამოჯანმრთელებული პაციენტი კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა, კიდევ ერთი პატარა გმირობა და უფლის ნების ექიმის ხელით აღსრულებაა. ჩემთვის ექიმობა მხოლოდ პროფესია არაა, ეს ჩემი ცხოვრების სტილია, პაციენტებთან ურთიერთობა კი მთავარი ღირებულებაა, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია სიცოცხლე. როცა ამას წრფელი გულით აკეთებ და მუდმივად დგახარ ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე ეს ყოველ ჯერზე გარწმუნებს შენი არჩევანის სისწორეში.

რა ძირითადი ღირებულებებია თქვენი საქმიანობის საძირკველი?

ჩემი საქმიანობის მთავარი საძირკველი და ამომავალი წერტილი არის პაციენტებთან კეთილსინდისიერი, გულწრფელი, ღია და გამჭვირვალე ურთიერთობა. ჩემი მისიაა, პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესება. ამისთვის კი აუცილებელია ექიმის უწყვეტი სამედიცინო განათლება, მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება.

ექიმმა პაციენტს ყურადღებით უნდა მოუსმინოს, გაითავისოს მისი პრობლემები, მაქსიმალურად მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნას დაავადების გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები. სწორედ ასეთი მიდგომა აყალიბებს ნდობას ექიმსა და პაციენტს შორის, რაც, საბოლოო ჯამში, აუცილებლად აისახება მკურნალობის ხარისხსა და შედეგებზე.

როგორია საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების და საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის მეთოდები?

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში, დაახლოებით 605 000 ქალს დაუდგინდა საშვილოსნოს ყელის კიბო და ამ დაავადებით დაახლოებით 342 000 ქალი გარდაიცვალა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ადამიანის პაპილომა ვირუსი, რომელიც მიეკუთვნება ასიმპტომურ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს. სექსუალურად აქტიური ქალების 50-75% სიცოცხლეში ერთხელ მაინც ინფიცირდება ადამიანის პაპილომა ვირუსით. ინფექციის პიკი მოდის მოზარდებზე და ადრეული რეპროდუქციული ასაკის ქალებზე ( 16-30 წელი).

ანსხვავებენ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორებს:

  • მრავალი სქესობრივი პარტნიორი და სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში. ინფიცირების პიკი მოდის 15-25 წლამდე ასაკში, ამასთან, შესაძლოა ინფიცირება სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე. 18-20 წლის ასაკში ერთი სქესობრივი პარტნიორის არსებობის შემთხვევაში, ადამიანის პაპილომა ვირუსით დაინფიცირება გამოუვლინდა საშუალოდ 20%, ხოლო 5 და უფრო მეტი პარტნიორის არსებობისას – საშუალოდ 75%.
  • ბევრი მშობიარობა. რაც უფრო მეტი (5-ზე მეტი) დროული მშობიარობა აქვს ქალს და რაც უფრო მცირეა ასაკი პირველი მშობიარობის დროს, მით უფრო მომატებულია პაპილომა ვირუსით დაინფიცირების რისკი.
  • ნიკოტინის მოხმარება. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, როგორიცაა ქლამიდია, ტრიქომონა, გენიტალური ჰერპესი და სხვა, უფრო ზრდიან პაპილომა ვირუსით დაინფიცირების რისკს.
  • კონდომის გამოუყენლობა.
  • იმუნოსუპრესიული მდგომარეობები – ადამიანის იმუნოდეფიციტი და ორგანოთა ტრანსპლანტაცია.

საშვილოსნოს ყელის კიბოს წინარე დაავადებების მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა პაციენტს დაბალი ხარისხის თუ მაღალი ხარისხის დაზიანება (დისპლაზია). მაღალი ხარისხის დაზიანების დროს გამოიყენება ადგილობრივი მკურნალობა: ექსციზიო ან აბლაცია და იშვიათად ჰისტერექომია. რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობას, მას მართავს ონკოლოგი და ონკო-ქირურგი. მკურნალობა ინიშნება კიბოს სტადიურობიდან გამომდინარე და მოიცავს ქირურგიულ მკურნალობას, სხივურ თერაპიას ან ქიმიოთერაპიას.

გვესაუბრეთ საშვილოსნოს ყელის კიბოს წინარე დაავადებების სკრინინგზე და პრევენციის ზომებზე.

ქალების პირველადი სკრინინგის ტესტი არის პაპილომა ვირუსის დნმ ტესტი, რაც ეფუძნება უშუალოდ ვირუსის გამოვლინებას. აღნიშნული სინჯით სკრინინგის შედეგად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებს გამოავლენენ ადრეულ სტადიაში, ვიდრე ვირუსი საშვილოსნოს ყელის უჯრედებს დააზიანებს. მაღალი რისკის არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ ქალს აუცილებლად დაემართება საშვილოსნოს ყელის კიბო. ეს მხოლოდ დაავადების განვითარების მაღალ რისკზე მიუთითებს და მკურნალ ექიმს უფრო მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. ასევე საშვილოსნოს ყელის კიბოს წინარე დაავადების აღმოსაჩენად მნიშვნელოვანია პაპ-ტესტის ჩატარება, კოლპოსკოპია და საჭიროებს შემთხვევაში ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა. პაპილომა ვირუსისგან თავის დასაცავად, ერთ-ერთი პრევენციული საშუალება პაპილომა ვირუსის ვაქცინციაა.

საქართველოში ბოლო წლებია აქტიურად გამოიყენება პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 ვალენტიანი-გარდასილით და 9 ვალენტიანი – გარდასილი 9. ახალი რეგულაციების მიხედვით უფასო ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია, ხოლო უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფში – სამდოზიანი. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. აცრილთა თითქმის 100%-ს უვითარდებათ იმუნიტეტი, რის შედეგადაც მცირდება ინფექცია და შესაბამისად, მის შედეგად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების შემთხვევები.

როგორია საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომები  და როდის არ უნდა გადავდოთ ვიზიტი გინეკოლოგთან?

საშვილოსნოს ყელის კიბოს, უმეტესად, საწყის სტადიაზე არანაირი სიმპტომები არა აქვს. პათოლოგიური პროცესები ჩუმად მიმდინარეობს და შესაძლოა გამოვლინდეს უკვე შორს წასული შემთხვევები. Სსაშვილოსნოს ყელის კიბოს ახასიათებს ადრეული, მოგვიანებითი და ძალზედ გვიანი სიმპტომები.

ადრეული სიმპტომებია:

ვაგინალური გამონადენი, ხშირად ცუდი სუნის. არარეგულარული სისხლდენა რეპროდუქციული ასაკის ქალებში, პოსტკოიტალური სისხლდენა ნებისმიერი ასაკის ქალებში და პოსტ და პერიმენოპაუზური სისხლდენა.

მოგვიანებითი სიმპტომებია: შარდის გახშირება და დიზურია, წელის ტკივილი – მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი.

ძალზედ გვიანი სიმპტომებია: ძლიერი წელის ტკივილი, წონის დაკლება, შემცირებული შარდვა ( შარდსაწვეთის ობსტრუქციისა და თირკმლის უკმარისობის გამო), ქვედა კიდურების შეშუპება, ქოშინი, შარდის ან განავლოვანი მასების გამოდინება საშოდან (ფისტულის არსებობა).

საშვილოსნოს ყელის კიბოს საბოლოო დიაგნოზი დგინდება ბიოფსიური ქსოვილის ჰისტოპათოლოგიური კვლევით, რისი ჩატარებაც სავალდებულოა ნებისმიერი მკურნალობის წინ. ამავე დროს უნდა მოხდეს დაავადების სტადიის დადგენა.

ნებისმიერი ზემოთ ხსენებული სიმპტომების გამოვლინების დროს, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს, დადგინდეს ჩივილების მიზეზი, ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა და შემუშავდეს შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა.

რა გეხმარებათ მოტივაციის შენარჩუნებაში?

როდესაც ვხედავ, რომ ჩემი საქმიანობა დადებითად მოქმედებს პაციენტების ჯანმრთელობაზე, ვხედავ მათ მადლიერებით და ბედნიერებით სავსე თვალებს, მაშინ ვხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურები. პაციენტის ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესება ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობა და მთავარი სტიმულია პროფესიულ საქმიანობაში.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა