#OK! როგორ იქცა „ნეოლაბი“ სანდოობის სიმბოლოდ – ქართველი ექიმების საერთაშორისო ხედვა

9 hours ago 4

OK! Doctors-ის სტუმრები არიან კლინიკა „ნეოლაბის“ დამფუძნებლები, ცოლ-ქმარი – ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მაია ბუწაშვილი და ალერგოლოგ-იმუნოლოგი, პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი კამკამიძე. მათ განათლება ამერიკის და საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს, დიდი გამოცდილებით და ცოდნით შეიარაღებულები კი საქართველოში დაბრუნდნენ. ერთი მიზნით, ქართულ ბაზარზე შეექმნათ თანამედროვე სტანდარტების კლინიკა. დღეს „ნეოლაბი“ გამოირჩევა ხარისხით, სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკით. მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიაში არსებული  დასავლეთ ევროპული კომპანიების მიერ წარმოებული აპარატურა და მომუშავე მაღალკვალიფიციური პერსონალი წარმოადგენს მიღებული შედეგების სიზუსტისა და ხარისხის გარანტიას. აღსანიშნავია, რომ კლინიკა „ნეოლაბს“ აქვს საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი – ISO 9001:2015 დიაგნოსტიკური სერვისების, ლაბორატორიულ გამოკვლევებსა და კლინიკურ მართვაში.

ქალბატონო, მაია რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

სიმართლე გითხრათ ბავშვობიდან მუსიკოსობაზე ვოცნებობდი, თუმცა ასე გამოვიდა – დედის სურვილით, ბოლო წელს მივიღე გადაწყვეტილება და ჩავაბარე სამედიცინოზე. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ძალიან გაღიზიანებული ვიყავი ამ ფაქტით, რადგან, შეიძლება ითქვას, დამაძალეს, შემდგომ, ცხოვრების გზაზე, აღარ მინანია ჩემი პროფესიული არჩევანი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირველი პაციენტი მივიღე და მივხვდი რამხელა მნიშვნელობის იყო ეს პროფესია. ამასთანავე, მოვახერხე ისე, რომ მუსიკასაც არ დავმშვიდობებივარ.

როგორია „ნეოლაბის“ შექმნის ისტორია? და რას სთავაზობთ საზოგადოებას?

გიორგი კამკამიძე: კლინიკა „ნეოლაბი“ 2002 წელს, „რეაბილიტაციის ცენტრის“ ბაზაზე დავაარსეთ, ხოლო 2010 წლიდან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. „ნეოლაბი“ აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კლინიკაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმები და ლაბორანტები, რომელთა უმრავლესობას გავლილი აქვს სტაჟირება აშშ-ის და საფრანგეთის წამყვან ლაბორატორიებსა და სამედიცინო ცენტრებში.

„ნეოლაბში“ მკაცრად არის დაცული ხარისხის კონტროლის ყველა მოთხოვნა. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი ხარისხის აპარატურით.

აღსანიშნავია, რომ „ნეოლაბის“ ლაბორატორია ასევე გთავაზობთ კვლევებს შემდეგი მიმართულებებით: ჰემატოლოგია, ბიოქიმია, სეროლოგია, იმუნოლოგია, კოაგულოლოგია, ალერგოლოგია, ბაქტერიოლოგია. კლინიკაში ასევე წარმოებს მოლეკულური დიაგნოსტიკა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების ზუსტი და ადრეული დიაგნოსტიკა. ამ მეთოდის უპირატესობა მისი მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობაა.

მნიშვნელოვანია ექიმს ენდობოდე, რა განაპირობებს ამ ნდობას? როგორია თქვენი მიდგომა პაციენტთან?

მაია ბუწაშვილი: უპირველესად ესაა გულწრფელობა. ექიმს არ უნდა ენანებოდეს დრო პაციენტთან კომუნიკაციისთვის. გულდასმით საუბარი და კარგად ახსნა მნიშვნელოვანია, უნდა გრძნობდეს პაციენტი, რომ მისი პრობლემა მართლა გაწუხებს.

ამასთანავე, ექიმი უნდა ერიდებოდეს დამატებითი, ზედმეტი კვლევების და მედიკამენტების დანიშვნას, როგორც კი პაციენტი ამას იგრძნობს, კარგავს მის ნდობას, სწორედ ამიტომ დანიშნულება უნდა იყოს მაქსიმალურად რეალური.

თავდაპირველად არასასურველი პროფესია აქციეთ საყვარელ საქმედ, როგორ შეძელით ეს?

მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილად დარჩა. მედიცინა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ჩემი ორი პროფესიაა. საზოგადოებრივი ჯანდაცვა გაძლევს საშუალებას დიდ პოპულაციებზე გახვიდე – პრევენციული გააკეთო, ამის ყველაზე მარტივი მაგალითია – ვაქცინაცია და ბევრი სხვა პრევენციული პროგრამები. ეს კიდევ სხვა სიამოვნების სათავეა. მაგალითად, 2001 წელს  ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი იყო ამერიკული ფონდის – ელიზაბეტ გლეიზერის, პირველად საქართველოში დავნერგეთ ქალთა შიდსზე კონსულტაცია და ტესტირება, სადაც გამოვავლინეთ ორსულები,  მოხდა ბავშვზე გადაცემის პროფილაქტიკა… ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც დიდ პროექტს აკეთებ და იცი, რომ ბევრი ადამიანისთვის მოგაქვს სარგებელი.

თქვენ და თქვენი მეუღლე ერთი სფეროს წარმომადგენლები ხართ, გიმარტივებთ ეს მუშაობას თუ პირიქით?

ჩვენ შემთხვევაში ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი შეასრულა – ეს კლინიკაც ერთად დავაარსეთ.  როცა ამერიკაში ვსწავლობდით, მაშინ უკვე ვიყავით მშობლები და სულ გრაფიკს ვადგენდით – ორივე ჩართულები ვყოფილიყავით ბავშვის აღზრდაში, ეს ძიძის გარეშე მოვახერხეთ. როცა მაგისტრატურა დავამთავრე, ჩემი პირველი შვილიც ესწრებოდა, უნივერსიტეტმა სახუმაროდ დიპლომიც კი გადასცა. (იღიმის) მთავარია როლი არ მოირგოს ქალმა – „მე ახლა ბავშვი მყავს და ვერაფერს შევძლებ“, არა, მოხერხებადია, შეთავსებადია, თუ სურვილი დიდია და ოჯახიც ხელს გიწყობთ.

გვესაუბრეთ თქვენს პროფესიულ მიმართულებაზე

მე ინფექციონისტი ვარ, სრული სპექტრი გვაქვს სერვისის ამ მიმართულებით.  ასევე, „ნეოლაბის“ კიდევ ერთი წამყვანი მიმართულებაა ალერგოლოგია და ენდოკრინოლოგია. მე პირადად  სხვადასხვა ტიპის პაციენტებს ვიღებ ინფექციური პროფილით, თუმცა ყველაზე დიდი მოთხოვნა ჰეპატიტებზეა. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკა „ნეოლაბი“ 2015 წლიდან -+-+ჩართულია C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის 28 აპრილს ამოქმედდა. თავდაპირველად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოხდა სხვადასხვა კლინიკების შეფასება და შეირჩა 4 კლინიკა, რომლებსაც მიეცათ უფლება ჩართულიყვნენ აღნიშნულ პროგრამაში და განეხორციელებინათ C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ ოთხ კლინიკას შორის „ნეოლაბი“ იყო ერთ-ერთი, რომელიც პირველივე ეტაპზე ჩაერთო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში. პროგრამის დაწყებიდან დღემდე კლინიკაში ათასობით ადამიანმა ჩაიტარა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტივირუსული მკურნალობა, რომელთა უმრავლესობა სრულად განიკურნა C ჰეპატიტის ვირუსისგან.

ახლახან დაიწყო B ჰეპატიტის პროგრამა, აქაც საინიციატივო ჯგუფში ვიყავი, რაც ძალიან საამაყოა ჩემთვის.

რა ადგილი უჭირავს მუსიკას თქვენს ცხოვრებაში?

5 წლის ასაკიდან ჩემთვის ვწერდი მუსიკას, არც არავინ იცოდა. ათწლედი მაქვს დამთავრებული. ერთ მშვენიერ დღეს, ჩემმა შვილმა ჩემი კომპოზიცია ატვირთა სოც.ქსელში, რასაც ძალიან თბილი გამოხმაურება მოყვა.

დღის განმავლობაში რაღაც დროს ყოველთვის ვუთმობ ინსტრუმენტს, თითქოს მთელი დღის ქაოსი ლაგდება – მუსიკა მეხმარება ამაში. კარგი ის არის, რომ სიტყვები არ აქვს, მხოლოდ მელოდიაა, არაა საჭირო ყველამ იცოდეს მე რას ვამბობ იმ მელოდიით, მთავარია მე ვიცი.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა